"ოცნების" ადგილას ევროპარლამენტის ექსპერტებს ასე ომახიანად არ მოვიწვევდი"
"ჩვენი პარტნიორები სანქციებს არ განიხილავენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, არც ეს იქნება მოულოდნელი. ეს ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს"
"ევროპასა და ამერიკაში საქართველოს მიმართ ასეთი მძიმე განწყობა არ მახსენდება. ეს სერიოზული პრობლემაა. სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად დასავლეთი გვჭირდება, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩვენი ხელისუფლება კი წვავს იმ ხიდებს, რომლებზეც დამოკიდებული ვართ", - ამბობს "კვირის პალიტრასთან" დამოუკიდებელი დეპუტატი და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი. რატომ ჩავარდა ევროპარლამენტის რეზოლუცია, თამარ ჩუგოშვილი გვესაუბრება.
- სტრასბურგში ასოცირების კომიტეტის მორიგი სხდომა ჩვენი და ევროპარლამენტის დელეგაციების მონაწილეობით ჩატარდა. ასეთი შეხვედრები წელიწადში ორჯერ იმართება და განიხილება, თუ როგორ სრულდება ასოცირების ხელშეკრულების პირობები. ამჯერად ასოცირების კომიტეტმა რეზოლუცია ვერ მიიღო, რაც უპრეცედენტო ამბავია და არ ვიცი, "ქართული ოცნება" აცნობიერებს თუ არა ამას. ევროპარლამენტის დეპუტატებმა არ დაუჭირეს მხარი ტექსტის იმ ვერსიას, რომლის გატანაც საქართველოს ხელისუფლებას სურდა, ჩათვალეს, რომ სათანადოდ არ ასახავს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და არ მისცეს ხმა რეზოლუციის ტექსტს. ბევრი კრიტიკული შენიშვნა იყო. როგორც ჩანს, ამ რეზოლუციამ იმდენად კრიტიკული ფორმა მიიღო, რომ დელეგაციის წევრებმა, მათ შორის "ქართული ოცნებიდან", რეზოლუციის ჩაგდება გადაწყვიტეს. ეს ასოცირების შეთანხმებას რისკს არ უქმნის, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც დასავლეთსა და ევროპის პოლიტიკოსებს ცუდად აჩვენებს ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
- როგორ აისახება ეს საქართველოზე?
- იმედია, არ გადაიზრდება ქვეყნისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებებში, რაც უპირველესად, ჩვენს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, არ ჩანს, რომ ვითარების სტაბილიზება სურთ.
- ხელისუფლება ოპოზიციას ადანაშაულებს...
- უკვე 8 წელია ძალაუფლება, ბურთი და მოედანი მათ ხელშია და ყველა პრობლემას მაინც ოპოზიციას აბრალებენ - გაჩუმდნენ, რადგან პრობლემებს გვიქმნიან, ჩვენ კი მათი აღმოფხვრის თავი არა გვაქვსო. არ შეიძლება შენი პირით ამბობდე, რომ დასავლეთს ინფორმაციას ვერ აწვდი ან უუნარო ხარ. მე ჩემს თავს ამას არ ვაკადრებდი.
- რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ეს საერთაშორისო აჟიოტაჟი?
- საქართველო დამოუკიდებლად ვერც ერთ სფეროს ვერ მართავს. ჩვენი უსაფრთხოება, ეკონომიკა და თავდაცვა მთლიანად დასავლეთზეა დამოკიდებულია. "ოცნება" კი არაადეკვატურად იქცევა, ამიტომ წარმოდგენაც არ მინდა, სადამდე შეიძლება მივიდეთ.
- სანქციები თუ არის მოსალოდნელი? - ჩვენი პარტნიორები სანქციებს არ განიხილავენ, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, არც ეს იქნება მოულოდნელი. ეს ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს.
- მალე საქართველოში ევროპარლამენტის მისია ჩამოვა, რომელიც გიგი უგულავას საქმეს შეისწავლის...
- "ქართული ოცნების" მიკვირს, ასე ომახიანად როგორ ეპატიჟება ევროპარლამენტის მისიას?! კარგს არაფერს დაადგენენ - აღმოჩნდება, რომ ყოფილმა პროკურორმა სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტების დარღვევით გამოიტანა განაჩენი - გადაწყვეტილება გაასაჩივრა და მოითხოვა პატიმრობის წლების დამატება, უზენაესში დახვდა ამ საქმეს და როგორც მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება, არც მოუსმინა დაცვის მხარეს და არ დაინტერესდა, რა არგუმენტები ჰქონდა. ამას ემატება პოლიტიკური მხარე, უგულავა ხომ პოლიტიკოსია? ამიტომ "ოცნების" ადგილას ექსპერტთა ჯგუფს ასე ომახიანად არ მოვიწვევდი.
- სამართლებრივი წონა თუ ექნება მათ დასკვნას?
- სამართლებრივი არა, უბრალოდ, იტყვიან იმას, რასაც ოპოზიცია ამბობს. მმართველი გუნდი ამას დამთხვევად ნათლავს და პოლიტიკურ სარჩულს გამორიცხავს, მაგრამ ყველაფერი ხომ ისედაც ნათელია? უგულავა პოლიტიკოსია, საქმე 8 თუ 10 წლის წინანდელია, ეს ამბავი კი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დაგეგმილ შეხვედრას ემთხვევა... თუ ხელისუფლებას დროის მოგება უნდა, არ ვიცი. ამას ერთადერთი შედეგი ექნება - ევროპარლამენტარებსა და ევროსაბჭოს წევრებს მათივე ექსპერტები კიდევ ერთხელ აუხსნიან ამ საქმის არსს...
- ანუ კიდევ ერთ საერთაშორისო სკანდალში გავეხვევით? - ხელისუფლება ფიქრობს, რომ მისი მესიჯი პარტნიორებთან ასეთი იქნება, - მოდი, სანამ დასკვნა არ გვექნება, ამაზე არ ვილაპარაკოთო. ეს დროს მისცემს ხელისუფლებას, მაგრამ ამით იმ მიზანს ვერ მიაღწევენ, რომელზეც ოცნებობენ...
- რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შესაძლო ვიზიტზეც გკითხავთ. არის საშიშროება, რომ 20-21 ივნისის მოვლენები განმეორდეს? - ლავროვის ჩამოსვლა რომ ძალიან პრობლემური იქნება, ყველა ვაცნობიერებთ. მარტივად შეიძლებოდა ამის თავიდან აცილება, მაგრამ ჩანს, ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს მინისტერიალი თბილისში ჩაატაროს და ლავროვსაც უმასპინძლოს. ვფიქრობ, ხელისუფლებას გაუჭირდება სიტუაციის გაკონტროლება.
- როგორ ფიქრობთ, გააგრძელებს ხელისუფლება დაპატიმრებების სერიას? - გამორიცხული არ არის, ამიტომაც აკეთებენ საერთაშორისო პარტნიორები ასეთ განცხადებებს.
თუ არჩევნები ჩატარდება ისეთ ვითარებაში, როცა ოპოზიციონერი ლიდერების დიდი ნაწილი დაპატიმრებული იქნება, ნაწილზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, არა მგონია, ლეგიტიმურად ჩაითვალოს. ამ გადაწყვეტილებით დიდ რისკზე წავა ხელისუფლება.
- რიგგარეშე არჩევნების ალბათობას თუ ხედავთ? - არც ამის გამორიცხვა შეიძლება, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ დაინიშნება ოქტომბრის ბოლო შაბათს, როგორც კონსტიტუციაშია აღნიშნული.
- გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას როგორ აფასებთ? - როდესაც ვითარება მძიმდება, ტემპერატურა მაღლა იწევს და ლოგიკურია, თუ ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტიურობას გადაწყვეტს.
- მაგრამ პოლიტიკური წონა თუ ექნება? - არ ვიცი, გააჩნია, რას მოიმოქმედებს. ამჟამად ქვეყანაში ორი პოლუსია - "ნაცმოძრაობა" და "ოცნება".
შეძლებს თუ არა მარგველაშვილი შუაში მყოფი ამომრჩევლის გულის მოგებას, დრო გვიჩვენებს.
- "ლელოს" თუ შეუერთდება? - არ ვიცი...
- თქვენ რა გეგმები გაქვთ? - არანაირი გეგმები არა მაქვს, გარდა იმისა, რომ ჩემი, როგორც დეპუტატის მანდატი ბოლომდე მივიტანო და მოვალეობები კეთილსინდისიერად შევასრულო.