რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?! - გუდაურის ტრაგედიის უცნობი ვერსია
17 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ტრაგედიით დასრულდა - დაიღუპა 28 წლის თამაზ გორთამაშვილი, მას სამი ტყვია ესროლეს; მძიმედ დაჭრეს მისი მეგობარი, 26 წლის დავით სეთურიძე, რომელსაც მცხეთის საავადმყოფოში ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. ამავე კლინიკაში მძიმე დაზიანებებით შეიყვანეს მკვლელობაში ბრალდებული მერაბ კობიაშვილიც. 38 წლის ყოფილ სამხედროს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა. ტრაგედიის მეორე დღეს მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ჩანს, რომ ქუჩაში მიმავალ მამაკაცს
ჯერ სამი კაცი ესხმის თავს, შემდეგ კიდევ ორი პირი მიდის და ჩხუბში ერთვება. ამ ჩანაწერში მონაწილეთა სახეები არ ჩანს და ჯერჯერობით რაიმეს მტკიცება შეუძლებელია, ვიდრე ძალოვანები ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირებას არ მოახდენენ. გთავაზობთ ამონარიდებს გაზეთ "კვირის პალიტრის" სტატიიდან:
მეზობლების თქმით, მერაბ კობიაშვილი უკონფლიქტო ადამიანია. სამხედრო სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ ტურისტებს ემსახურებოდა. ერთი ვერსიით, მას ბარის თანამშრომლებთან ტურისტების გამო მოუხდა კონფლიქტი - ბარის თანამშრომლებს შენიშვნა მისცა, რატომ ახდევინებთ ძვირსო და ეს გახდა ჩხუბის მიზეზი, თუმცა ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ მოკლულის მეგობრები.
რა ინციდენტი მოხდა მკვლელობამდე 2 კვირით ადრე?!
ჩვენ თაზო გორთამაშვილის სახლში მივედით. ცხედართან განადგურებული დედა იჯდა, დედა, რომელსაც სიმწრით გაზრდილი შვილი მოუკლეს. თაზო 8 თვის იყო, როცა მამა გარდაეცვალა, ის და მისი ძმები დედამ გაზარდა.
თაზოს მეგობრები სოციალურ ქსელში ატეხილმა ხმაურმა და მედიაში გავრცელებულმა ინფორმაციამ გაანაწყენა. მათი თქმით, ვიდეოჩანაწერიდან ამოჭრილი ფრაგმენტით საზოგადოებას მომხდარზე მცდარი წარმოდგენა შეექმნა.
- თაზო ჩვენს სამეგობროში მშვიდობის მტრედი იყო, ყველას გვერდში მდგომი, უკონფლიქტო და ასეთი უპატიოსნესი ადამიანის დისკრედიტაცია ხდება, მკვლელის გამართლება უნდათ. ამას ვერ შევეგუებით. რატომ არ ავრცელებენ მთელ ფირს, რატომ არავის აინტერესებს, რა ხდებოდა მანამდე? რატომ სცემდნენ? თაზოს ღირსება უკვე შეილახა - დამნაშავედ გამოიყვანეს ადამიანი, რომელიც მხოლოდ აშველებდა, შეიარაღებულ დამნაშავეს ხელში ჩაუვარდა და სთხოვდა, არ ესროლა იმ ბიჭისთვის, ამ დროს კი მან თაზოს ესროლა. გვჯერა, სიმართლე არ დაიკარგება. როცა ყველა დეტალი გაცხადდება, ბევრს შერცხვება თავისი კომენტარის.
- მაგრამ აჩვენეს ვიდეოფირი, სადაც ჩანს, როგორ ესხმიან ისინი თავს ბრალდებულს. რა ინციდენტი უძღოდა ამას წინ?
- ამ ტრაგედიამდე ორი კვირით ადრე კობიაშვილმა სასტიკად სცემა 19 წლის ახალგაზრდას. ის ბიჭი კლინიკაშიც იწვა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერს, კობიაშვილმა ეს დაზიანებები მას შემდეგ მიიღო, რაც ორი ახალგაზრდა დაჭრა სასიკვდილოდ. მოკვლა რომ ნდომოდათ, იქვე არ იყო თავად ბრალდებულის იარაღი?
...
ინციდენტი 2 კვირით ადრეც მომხდარა. ნასვამმა კობიაშვილმა უფასოდ მოსთხოვა ბარმენს სასმელი, ახალგაზრდამ კი უარი უთხრა და…