140-წლის განმავლობაში ყველაზე თბილი ზამთარი დედამიწაზე - იწყება თუ არა კლიმატური კატასტროფა?! - კვირის პალიტრა

140-წლის განმავლობაში ყველაზე თბილი ზამთარი დედამიწაზე - იწყება თუ არა კლიმატური კატასტროფა?!

დედამიწა, გლობალური დათბობის თვალსაზრისით, ნელ-ნელა კრიტიკულ ზღვარს აღწევს - საგრძნობლად შეიცვალა კლიმატი და მოიმატა ბუნებრივმა კატასტროფებმა, მსოფლიოში შემცირებულია თოვლის საფარი და ანტარქტიდასა და კუნძულ გრენლანდიაზე ადრინდელთან შედარებით, ყინული უფრო ჩქარა დნება.

ყველგან, სადაც ზამთარი სუსხიან და თოვლიან დროდ მიიჩნეოდა, ვითარება იცვლება, უკვე ხშირად ისმის შეკითხვა - რა დაემართა ზამთარს?

დედამიწაზე ტემპერატურის თანდათანობით ზრდას მეტეოროლოგები ყოველ წელს აკვირდებიან, თუმცა წელს მაჩვენებლები მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა.

გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეროვნული ცენტრის მონაცემებით (NOAA), მსოფლიოს მასშტაბით 140 - წლიანი კლიმატური ჩანაწერებისა და დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ 2020 წლის იანვარი მე-19 საუკუნის მიწურულის შემდეგ, ყველაზე თბილი იყო.

სპეციალისტების თქმით, წელს თბილი ზამთარი ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიმჩნეოდა და მენისა და ალასკას ტერიტორიაზე 5 გრადუსით უფრო ცხელი იყო ვიდრე 1900-იან წლებში.

რაც შეეხება ევროპის კონტინენტს, აქაც შეიმჩნეოდა უჩვეულოდ თბილი ამინდები და რამდენიმე ქვეყანაში მონაცემებმა მოსალოდნელს გადააჭარბა.

თუ ზოგადად, ევროპაში, დეკემბრიდან თებერვლის ჩათვლით, ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელმა 3°C-ით მოიმატა, რიგ ქალაქებში, მაგალითად, მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ტემპერატურის 7°C-ით ზრდა დაფიქსირდა.

ლონდონში ტემპერატურის საშუალო მაჩვენებელი 2°C-ით გაიზარდა, მონრეალში კი - თითქმის 4°C-ით. სწორედ მომატებული ტემპერატურა გახდა სამხრეთ ამერიკის ამაზონიასა და ავსტრალიაში რეკორდულად ბევრი ხანძრის მიზეზი.

კუნძულ გრენლანდიაზე 2020 წლის მონაცემებით, ყინულის საფარის დონე 5.3%-ით არის შემცირებული და ჩანაწერების მიხედვით, ზამთრის თბილი ტემპერატურა კუნძულისთვისაც საგანგაშო და საყურადღებო იყო.

დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა ნამდვილად იზრდება, მაგრამ არც ისე სწრაფად. ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენი პლანეტა დაახლოებით, 1, 14°C-ით მეტად გათბა, შედარებით გასული საუკუნის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით.

წელს იაპონიამ უთოვლობის გამო საკურორტო ზონა დახურა, მიჩიგანში, სადაც ყოველთვის დიდ და ხანგრძლივ ზამთარს ელოდებიან, იანვარში მინიმუმზე ცოტა თოვლი მოვიდა, საგანგაშოა ისიც, რომ მოსკოვში ახალი წლის ფესტივალზე პირველად ხელოვნური თოვლი დაყარეს, რადგან ზამთრისთვის უჩვეულო ტემპერატურამ უთოვლობამდე მიიყვანა ქალაქი.

რას მოუტანს თბილი ზამთარი დედამიწას?

"დედამიწა შეუცნობელი ცოცხალი ორგანიზმია და არავინ იცის, რას შემოგვთავაზებს"

მიხეილ ელაშვილი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, გლაციოლოგი: - ანტარქტიდაზე ეს პროცესები დაახლოებით 13-12 000 წლის წინათაც მიმდინარეობდა, როცა დედამიწის მორიგი, ბოლო გამყინვარება დასრულდა და შედეგად, დაახლოებით 10 000 წლის წინ, დედამიწის მორიგი დათბობა დაიწყო. ჩვენც სწორედ ამ დათბობაზე ვსაუბრობთ, რომელიც ისევ გრძელდება. ამ პროცესებზე დაკვირვების საშუალება მხოლოდ ჩვენს თაობებს მიეცათ. დღევანდელი კვლევების საგანი მხოლოდ დნობა არ არის. როდესაც ჩრდილოეთი პოლუსი, ანტარქტიდა დნება, პარალელურად, სამხრეთ პოლუსზე, არქტიკაზე, გამყინვარება შეინიშნება. მართალია, ჯამში დნობა გამყინვარებას აჭარბებს, მაგრამ ეს ყველაფერი ბუნებრივი პროცესია. ჩვენს პლანეტაზე მორიგი დათბობისას მყინვარები უკან იხევენ, მათი წყალი ოკეანეებში ჩაედინება და წყლის დონე იმატებს. თუკი მყინვარები სრულად დადნება, ბუნებრივი პროცესი იქნება, რომ, მაგალითად, ჩვენი წყალუხვი მდინარეები, ალაზანი ან რიონი, გაქრეს, ან მხოლოდ ნალექებზე იყოს დამოკიდებული და არა მყინვარების წყლებზე. ბუნებრივი პროცესი იქნება, თუ მწვერვალებზე, მთის კურორტებზე, მუდმივი მზრალობის მიწები გადნება და გააქტიურდება მეწყერსაშიში ზონები. ამისთვის საკმარისი იქნება თუნდაც დევდარაკის დნობა. იმავდროულად, დანამდვილებით არ ვიცით, რომ ეს მართლაც მოხდება - დედამიწა შეუცნობელი ცოცხალი ორგანიზმია და არავინ იცის, რას შემოგვთავაზებს. ამიტომაც არის, რომ მეცნიერება არაერთ "მოდელირებულ ქრონიკას" ქმნის და არა საბოლოო პროგნოზს.

- ანუ დედამიწა თავის ბალანსს არ დაარღვევს, თავს "არ გაიწირავს"?

- დედამიწის მდგომარეობა მრავალ კოსმოსურ ასპექტზეა დამოკიდებული და როდესაც დავა მიმდინარეობს იმაზე, ადამიანი მავნე გავლენას ახდენს თუ არა ამ პროცესებზე, ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. იქნებ დედამიწის ყველა ქარხნის სითბურ გამონაბოლქვსაც კი არ შეუძლია იმდენი რამ "შემატოს" დათბობის პროცესს, რამდენიც თუნდაც რომელიმე კოსმოსურ ელემენტს? პლანეტის ბოლოდროინდელმა ისტორიამ ისიც იცის, რომ 10 000 წელიწადს მიმდინარე გლობალური დათბობის პროცესში დედამიწისთვის ე.წ. მცირე დათბობებსაც გადაუვლია და მცირე გამყინვარებებსაც, რაც საუკუნეები გაგრძელებულა.

ამის მაგალითად შაორის ან აბულის მეგალითურ ციხეებს და მათ გარშემო ქალაქის ტიპის დასახლებებს დავასახელებდი, რომელიც ჩვენს ერამდე IV-III ათასწლეულებშია აგებული. მათგან აბულის ციხე ზღვის დონიდან 2670 მეტრზე მდებარეობს. ისმის კითხვა: როდესაც დღეს ჯავახეთში, ფარავნის ტბის ზემო სოფელში 2100 მეტრზეც კი უძნელესია ცხოვრება, როგორ შეიძლებოდა ჩვენს ერამდე III ათასწლეულში ხალხს 2670 მეტრზე ეცხოვრა?! ამის პასუხი ხომ ის სიცხეა, რომელიც ჯავახეთში ხალხს ამ სიმაღლეზე საცხოვრებლად ასვლას აიძულებდა! ანუ ეს სწორედ ის დათბობის პერიოდი იყო, როცა ტემპერატურის გამო მაღალ მთაში ხალხი უკეთ გრძნობდა თავს. იხილეთ ასევე