"შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა..." - კვირის პალიტრა

"შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა..."

"ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან...

შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა..."- წერდა ანა კალანდაძე.

მის ბავშვობაში გურიაში ახალ წელს კალანდას ეძახდნენ და ჩიჩილაკი დღესასწაულის განუყოფელ ნაწილად მიაჩნდათ. XXI საუკუნეში ეს ტრადიცია თანდათან ბრუნდება და ახალი წლის დღეებში ჩიჩილაკს ბევრ ოჯახში შეხვდებით. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც საახალწლოდ გვერდიგვერდ იყიდება ნაძვის ხეები, იის კონები და თეთრი, ქათქათა ჩიჩილაკები…

ჩიჩილაკს "ქართულ ნაძვის ხესაც"უწოდებენ. ეს იყო რიტუალური საგანი, რომელსაც საახალწლოდ სპეციალურად ამზადებდნენ. ის ძირითადად დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული. ჩიჩილაკი ახალი წლის სიმბოლოა. წინათ გურიასა და იმერეთში ახალი წლის დღეებში ყველა ცდილობდა თავის ოჯახში ჩიჩილაკი დაედგა. არსებობდა ჩიჩილაკის რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებული გურული ჩიჩილაკია. სხვათა შორის, იმერეთში ჩიჩილაკს ენდროთიც ღებავდნენ.

"ქართული ნაძვის ხე" ასე მზადდება: ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიან თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს ცეცხლზე ქერქს დაბრაწავენ (ადრე ამას კერიის შუაცეცხლზე აკეთებდნენ), მერე კანს აცლიან, თლიან და ცოტა ხანში მზად არის თოვლივით თეთრი ჩიჩილაკი, რომელსაც ჩირითა და სუროს ტოტებით რთავდნენ. სასიხარულოა, რომ საქართველოში ჩიჩილაკი სულ უფრო პოპულარული ხდება და მას ახლა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ოჯახებში და არა მხოლოდ გურიაში.

ფოტო: ეროვნული მუზეუმის ფოტო-ფონო-ვიდეო კოლექცია

ჩიჩილაკი წმინდა ბასილის სახელთან არის დაკავშირებული. გურიაში მას "ბასილის ფაფუკ წვერებსაც"ეძახდნენ, საახალწლოდ გამომცხვარ ნამცხვარს კი "ბასილის პურს"უწოდებდნენ. საქმე ის არის, რომ 14 იანვარი წმინდა ბასილი დიდის ხსენების დღე გახლავთ და როგორც ჩანს, ხალხმა ამ ფორმით გამოხატა მოწიწება ამ დიდი წმინდანის მიმართ.

ჩიჩილაკს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა სადღესასწაულო ხონჩაზე, რომელიც ახალი წლის ღამეს იშლებოდა. ნათლისცემის წინა ღამეს ჩიჩილაკს აუცილებლად წვავდენენ და სჯეროდათ, რომ გასული წლის უსიამოვნებებს მისი ფერფლი წაიღებდა. ალბათ გახსოვთ, ამ ერთი თვის წინ, "საერთაშორისო სკანდალი"გამოიწვია ესტონელ და ლატვიელ მეცნიერებს შორის ატეხილმა დავამ - ტალინში დაიდგა XVI საუკუნეში პირველი ნაძვის ხე, თუ რიგაში.

ბალტიისპირელები, დიდი დავა-კამათის შემდეგ შეთანხმდნენ.

ქართველებს კი, ჩიჩილაკის "ავტორობაში"კონკურენტი არ გვყავს და შეიძლება ითქვას, რომ ის ევროპულ ნაძვის ხეს ღირსეულ მეტოქეობას უწევს სიძველითაც, თავისი შინაარსიტაც და რაც მთავარია - გარეგნული სილამაზითაც.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)