"სიყ­ვა­რუ­ლით და კარ­გად ვი­ყა­ვით, რომ არა ის დი­დი უბე­დუ­რე­ბა, რაც დაგ­ვე­მარ­თა" - კვირის პალიტრა

"სიყ­ვა­რუ­ლით და კარ­გად ვი­ყა­ვით, რომ არა ის დი­დი უბე­დუ­რე­ბა, რაც დაგ­ვე­მარ­თა"

ხომ ამბობენ, მცენარეები იქ გრძნობენ თავს კარგად, სადაც კარგი გარემოაო. ჰოდა, იმედა კახიანის ოჯახში ნამდვილად ძალიან კარგი გარემო ყოფილა. მცენარეები თურმე მისი მეუღლის გატაცებაა. - ადრე უფრო მეტი ყვავილები გვქონდაო, - მეუბნება სანდომიანი ღიმილით დიასახლისი, - ახლა საკმარისი ადგილი არ გვაქვს და იძულებული გავხდი, შემემცირებინა. თანაც ისეთი სახელი მქვია, ფლორა, რომ ბუნებრივიც არის, მცენარეები ძალიან მიყვარდესო.

სიმცირეს ვერ დაარქმევ ათეულზე მეტ სხვადასხვა მცენარეს, ვერც მხოლოდ სახელს დაუკავშირებ მათ ასეთ ყვავილობას, - გარემოა მართლაც კარგი, და გუმანით ვხვდები, მის შექმნაში ლომის წილი აქვს საქართველოს სახალხო არტისტს, იმედა კახიანს მიუძღვის. მისი ცხოვრების ეპიზოდები კიდევ უფრო მეტად მარწმუნებს ჩემი შეგრძნების სიმართლეში. და თუმცა ცხოვრება არ ყოფილა ია-ვარდით მოფენილი, ტაქტი და კეთილგანწყობა ტკივილის გადატანის ძალასაც აძლევს და დაფარვის უნარსაც. იმედა კახიანის ცხოვრების კრედო ხომ ეს არის: ირგვლივ ყველა კარგად უნდა იყოს!

"ვცხოვრობდი ნორმალურად, მთავრობის მოცემული პატარა ბინა მქონდა, სულ 30 კვადრატული მეტრი იყო ერთად, მაგრამ სიყვარულით და კარგად ვიყავით, რომ არა ის დიდი უბედურება, რაც დაგვემართა. სიცოცხლით და ენერგიით სავსე ჩემი 14 წლის ვაჟი - ლადო უცებ გამოგვეცალა ხელიდან. მწვავე ლეიკოზი აღმოაჩნდა. ახლა შველიან ამ დაავადებას, მაშინ ხსნა არ იყო, ბიჭებში განსაკუთრებით მწვავედ მიდიოდა. წელიწად-ნახევარი ვიბრძოლეთ, მაგრამ ამაოდ. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი უბედურება. ხშირად ახლაც ამბობენ, რომ ნინის გაჩენამ გამოგიყვანათო. კი ბატონო, ეს სიხარული იყო, მაგრამ იმ ტკივილის გადატანა წარმოუდგენელია, შეუძლებელია, დრომ რამე მოუხერხოს. იგი სამუდამოდ ჩემთან დარჩა. დროდადრო მძიმდება სული. მაგრამ გაჩნდა ერთი, მეორე, მესამე შვილიშვილი, შვილთაშვილი... ხომ არ შემეძლო მათთვის ცხოვრება დამემძიმებინა. ვალია, რომ სხვაზე იფიქრო და მარტო შენს თავზე არა.

კარგად ცხოვრებაზე არასოდეს მქონია პრეტენზია. ფული რაც მაქვს, მიდევს ჯიბეში და ვხარჯავ ბოლომდე. ასე იყო ადრეც და ასეა ახლაც. რომ არ მაქვს არაფერი, მაშინ ვარ წყნარად. ქონების შეძენაზე არასოდეს მიფიქრია. რაც მქონდა, იმით კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. იქნებ კაცის სიმსუბუქეცაა ასეთი დამოკიდებულება. სერიოზული ხალხი ასე არ იქცევა! დიდი ფული არ მქონია, თუმცა ოჯახის შენახვა არასოდეს მიჭირდა. არ ყოფილა შემთხვევა, ჩემთან ფულის სასესხებლად მოსული კაცი უკან გამებრუნებინა. მე რომ არ მქონდა, წავიდოდი, ვისესხებდი და მივცემდი. მას ხომ ეგონა, რომ მქონდა, ვერ დაიჯერებდა, რომ მეც არ მედო ჯიბეში ფული. ასე ბევრჯერ ყოფილა. ახლა რომ ვთქვა, რამდენი პრობლემა მაქვს, არავინ დაიჯერებს. ბევრი ვალი მაქვს დღესაც, სულ ამ ვალების გადახდაში ვარ. ამას კი ჩემი ცოლ-შვილი ვერ გრძნობს. მაგათ ამ საფიქრალს როგორ მივცემ, ჩემი პრობლემაა და ჩემი ვალია, ვიზრუნო მათზე.

ასაკს დიდად ვერ ვგრძნობ. ისე აღარ ვარ, 25 წლის რომ ვიყავი, მაგრამ 50 წლის ვიყავი, 60-ის თუ 70-ის, ერთნაირად ვგრძნობდი თავს. ღვთის წყალობით, ჯანმრთელი ვარ. რამდენიც უნდა გაგეცინოთ, ჭკუის მომატებასაც ვერ ვგრძნობ მაინცდამაინც. საფიქრალია, მაგრამ აწი რაღა დროსია, აწი, არ გამოვა ჩემგან არაფერი.

მკაცრი მამა და ბაბუა თუ ვარ? - მაგაშიც ვერ გამოვდექი, სულ მეჩხუბება ჩემი მეუღლე, შენ გააფუჭე ბავშვებიო. ვანებივრებდი ყოველთვის. თუ რამე უნდოდათ, ვცდილობდი, შემესრულებინა. წყალში გადავვარდები და ამათ ყველაფერს შევუსრულებ. ჩემი ბავშვობა ისე იყო, არავინ მანებივრებდა. ამიტომ ვცდილობ, ამათ არ მოვაკლო არაფერი..." (იხილეთ სრულად)

ფოტო: ეროვნული ბიბლიოთეკა