"ტყუილია თითქოს მგზავრებმა მძღოლზე იძალადეს და გაქცევა სცადეს" - რას ჰყვება იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელიც კარანტინშია? - კვირის პალიტრა

"ტყუილია თითქოს მგზავრებმა მძღოლზე იძალადეს და გაქცევა სცადეს" - რას ჰყვება იტალიიდან სპეცრეისით დაბრუნებული ახალგაზრდა, რომელიც კარანტინშია?

10 მარტს, რომი-თბილისის სპეციალური რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში Georgian Airways-ის ორი თვითმფრინავი დაფრინდა, რომელთაც საქართველოს მოქლაქეები ჩამოყვანეს იტალიიდან, სადაც კორონავირუსის გავრცელების გამო კარანტინია გამოცხადებული. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, თვითმფრინავებში უსაფრთხოების შესაბამისი ზომები იყო დაცული. მისივე თქმით, სამშობლოში 156 ადამიანი დაბრუნდა. ყველა მათგანი, წყალტუბოში, საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს, სადაც 14 დღე გაჩერდებიან. ჩვენ, დავუკავშირდით ერთ-ერთ მათგანს და ინტერვიუ ჩავწერეთ:

გიორგი, 25 წლის: - რატომ იყავი იტალიაში? - იტალიაში შემეცნებით ტურში ვიყავი, რადგან ისტორიკოსი ვარ და ჩემი კვლევის ერთ-ერთი ობიექტი კთოლიკური და მართლმადიდებლური სამყაროს ურთიერთობაა. მოგზაურობა თვეებით ადრე დავგეგმე და 4 მარტს გავფრინდი.

ასეთ დროს ჩემი წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ადგილობრივები სიტუაციის სიმშვიდეში მარწმუნებდნენ. ქალაქ რომში სულ რამდენიმე შემთხვევა იყო და არცერთი გარდაცვლილი. ჩვეულებრივად მუშაობდნენ ტაძრები. მუზეუმები, საჯარო ობიექტები, ამიტომაც გავრისკე წასვლა.

- იტალიაში ვინც მიდის, მის პასუხისმგებლობაზე და ერთგვარად, მათ დაუდევრობაზე უსვამენ ხაზს...

- იტალიაში წამსვლელებს უპასუხისმგებლოებს ვერ ვუწოდებ, რადგან ყველას თავისი ობიექტური მიზეზი ჰქონდა. თვეებით ადრე დაგეგმილი ვიზიტები. საოცნებო ადგილები, სამსახურეობრივი საქმეები, კვლევითი საქმიანობა და ა.შ.

- მთავრობის გადაწყვეტილებას როგორ შეაფასებდი, როცა მოქალაქეების ჩამოყვანა გადაწყვიტა? - მთავრობამ იმოქმედა ძალიან სწრაფად და ადეკვატურად, რასაც ცოტა არ იყოს არც ველოდი. როცა ფრენები შეწყდა და გავიგეთ, დავუკავშირდი საელჩოს, მათ მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე გავაგზავნე პასპორტის ასლი და საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ასლი. მივწერე შესაბამისი ტექსტი. დამიბრუნეს პასუხი რომ შეტყობინება მიიღეს და უკვე კვირას, 8 მარტს შემატყობინეს რომ სამშაბათს, 13:00 საათზე შედგებოდა საქართველოსკენ ორი რეისი. რეგისტრაცია მხოლოდ პასპორტებით გავიარეთ, რადგან ჩვენი მონაცემები უკვე წინასწარ იცოდნენ. 3 საათი და 30 წუთი ვიფრინეთ, საკმაოდ კომფორტულად.

- უსაფრთხოების ზომები თუ იყო თვითმფრინავში დაცული?

- უსაფრთხოების მიზნით ჩასხდომისთანავე გაგვისინჯეს სიცხე, არ აღმოგვაჩნდა. ერთი მეტრის რადიუსით ვისხედით, ანუ სამ ადგილიან სივრცეში ორი მგზავრი. წასახემსებლად გვქონდა ბუტერბროტი და წყალი. ყველას დაგვირიგეს ნიღბები და ხელთათმანები.

- რა ვითარებაა კარანტინში? როგორი პირობებია?

- კარანტინში მშვიდი და კომფორტული ვითარებაა. ვართ იზოლირებულები. არ გვაქვს ერთმანეთთან კონტაქტი. არის შესაბამისი საკვები და ა.შ. დამხმარე პერსონალი აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების სამოსით და პირბადით. ამ მხრივ არავითარი პრობლემა, კერძოდ, წყალტუბოს კარანტინში, არაა.

- რა განცდაა, როცა იცი რომ შეიძლება კორონავირუსის მატარებელი აღმოჩნდე?

- ვირუსის მატარებელი ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება აღმოჩნდეს, ვინც არ მოუფრთხილდება თავს და საზოგადოებას. ვირუსი იკურნება, მითუმეტეს ახალგაზრდებში, მაგრამ ჩვენ უფროს თაობაზეც ზრუნვა გვმართებს, ამიტომ როდესაც თვითიზოლაციას ან კარანტის მივმართავთ, პირველ რიგში ჩვენს მშობლებს და ბებია-პაპებს ვუფრთხილდებით. სხვა მხრივ განსაკუთრებული განცდა არაა. იტალიიდან მომავალი ყველა მგზავრი ადეკვატურად შეხვდა კარანტინს და ვრცელდება "ფეიკნიუსები", შედარებით სანდო წყაროებიც გაებნენ ამ "ფეიკმახეში", რომ თითქოს მგზავრებმა წინააღმდეგობა გასწიეს, მძღოლზე იძალადეს და გაქცევა სცადეს. ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ასე ბრმად ნუ ენდობით ცრუ ინფორმაციებს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ. კორონას დავძლევთ!

იხილეთ ასევე: "კორონავირუსის იტალიური შტამი მუტირებულია, ჩინურისგან გენოტიპით განსხვავდება" - რას ჰყვება იტალიაში მომუშავე ქართველი ექიმი

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)