"უცხოობა ორმაგად მაქვს გამოცდილი. სახლში უცხო და გარეთ უცხო ვიყავი" - მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

"უცხოობა ორმაგად მაქვს გამოცდილი. სახლში უცხო და გარეთ უცხო ვიყავი" - მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი გარდაიცვალა

მწერალი და ფილოსოფოსი გივი მარგველაშვილი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

"მე ის უკვე თავისი დიდი მარტოობით გარშემორტყმული გავიცანი. უკვე იმ დროს, როცა თავისი ერთი დიდი ტექსტის გმირივით ისე გაერიდებინა საკუთარი თავი ამ ცხოვრებისგან ლიტერატურაში, როგორც იმ გმირს (სინამდვილეში ტექსტის ავტორს) ბავშვები მათეს სახარებიდან ლუკას სახარებაში ჰეროდესაგან დასაცავად...

ამ თვითიზოლაციის მიუხედავად, გივი სრულებითაც არ იყო პირქუში ადამიანი. პირიქით, იშვიათად მინახავს სიცოცხლის ხალისითა და სიცოცხლის გამო მადლიერებით ასე გულსავსე ადამიანი. მადლიერება კი ადამიანის, მოყვასის სიყვარულით გამოიხატებოდა. საკუთარ ბედისწერაზე ჯვარცმული და ამ ბედისწერაზე წერით, მწერლობით ამაღლებული კაცი", - დაწერა სოციალურ ქსელ "ფეისბუკის" პირად გვერდზე პოეტმა და მთარგმნელმა გიორგი ლობჟანიძემ.

"უცხოობა ორმაგად მაქვს გამოცდილი. სახლში უცხო და გარეთ უცხო ვიყავი. მაქვს ქართული გვარი და ვხვდებოდი, რომ ეს გვარი გერმანიაში უცნაურად, უცხოდ ჟღერს, უკვირდათ, მათთვის ეს იყო ასოების დიდი გროვა.

მე ემიგრანტის შვილი ვარ. ქართული ემიგრაციის მეორე თაობა. დავიბადე მამაჩემის, ემიგრანტ ტიტე მარგველაშვილის ოჯახში..." - ამონარიდი გივი მარგველაშვილთან 2011 წელს ჩაწერილი ინტერვიუდან (ინტერვიუერი - ნინო ბექიშვილი).

გივი მარგველაშვილი დაიბადა ბერლინში, 1927 წელს, ქართველი ემიგრანტის, ტიტე მარგველაშვილის ოჯახში. ტიტე მარგველაშვილი 1946 წელს შვილთან ერთად მოტყუებით გადაიყვანეს ბერლინის საბჭოთა საოკუპაციო ზონაში. მამა-შვილი დააპატიმრეს და ზაქსენჰაუზენის "გასაბჭოებულ" საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. ტიტე მარგველაშვილი დახვრიტეს, ხოლო გივი მარგველაშვილი საქართველოში ჩამოიყვანეს და ნება დართეს, თბილისში ნათესავებთან ეცხოვრა.

გივი მარგველაშვილმა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობდა იქვე, გერმანული ენის მასწავლებლად, ასევე - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის წერდა რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს გერმანულ ენაზე, თუმცა მისი არც ერთი ნაწარმოები არ დაბეჭდილა.

მხოლოდ 80-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა კავშირში დაწყებული "პერესტროიკის" შედეგად, 40-ზე მეტი წლის შემდეგ, მას პირველად მისცეს უფლება, კვლავ ჩასულიყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

1991-1992 წლებში გერმანიაში გამოქვეყნდა გივი მარგველაშვილის მრავალტომიანი რომანის, "კაპიტანი ვაკუშის", 2 ტომი (1-ლი ტომი ქართულად თარგმნა კარლო ჯორჯანელმა), აგრეთვე რომანები - "მუცალი" (ქართულად თარგმნა მაია ბადრიძემ) და "დიდი კორექტურა"; პროზაული კრებულები - "გადაუგდებელი ხელთათმანი", "სიცოცხლე ონტოტექსტში".

მწერალი ერთბაშად აღიარეს თანამედროვეობის ერთ-ერთ თვალსაჩინო შემოქმედად - მასზე გადაიღეს დოკუმენტური ფილმი გერმანიის ტელევიზიაში და მიიწვიეს გერსვაილერის "ქალაქის მწერლად" გერმანიაში, ხოლო მოგვიანებით - ლექციების საკითხავად გერმანიისა და აშშ-ის უნივერსიტეტებში.

გივი მარგველაშვილი ცნობილია აგრეთვე, როგორც ფილოსოფოსი, გერმანული ეგზისტენციალიზმის აღიარებული სპეციალისტი.

1997 წელს გივი მარგველაშვილი აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორად. 2006 წელს კი მას მიენიჭა გერმანიის გოეთეს მედალი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია გივი მარგველაშვილის წვლილი ქართული ფილოსოფიური აზროვნების განვითარებაში: მისი ნაშრომები ფენომენოლოგიაში, რომლებიც მოიცავდა ჰუსერლის, ჰარტმანის, შელერის და ჰაიდეგერის ნააზრევს, არსობრივად ახალი ბიძგის მიმცემი იყო ამ კვლევითი მიმართულებების განვითარებისთვის ქართულ აკადემიურ სივრცეში.

ქართულსა და რუსულ ენებზე გამოცემული მისი ფილოსოფიური შრომებიდან აღსანიშნავია: "სუბიექტური დრო და ეგზისტენცის დრო" (თბილისი, 1973), "ეგზისტენციალური და კატეგორიალური მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში" (თბილისი, 1975), "ფინალურობის პრობლემა ნიკოლაი ჰარტმანისა და მარტინ ჰაიდეგერის ონტოლოგიაში" (თბილისი, 1982), "კულტურის სამყაროს პრობლემა მარტინ ჰაიდეგერის ეგზისტენციალურ ონტოლოგიაში" (თბილისი, 1998), "ფენომენოლოგიური შრომები" 5 ტომად (თბილისი, 1999-2000).

(მასალის მომზადებისას გამოყენებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია)