"ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პნევმონია კი 11 პირს უფიქსირდება" - რას აცხდებს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პნევმონია კი 11 პირს უფიქსირდება" - რას აცხდებს თენგიზ ცერცვაძე?

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ორი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ზოგ პაციენტს ასაკთან ერთად თან თანმხმლები დაავადება აქვს, რის გამოც მათი მდგომარეობა პრობლემურია. მისი თქმით, პნევმონია 11 პაციენტს აქვს.

"ჩვენს კლინიკაში ამჟამად სულ წევს 46 ავადმყოფი, მათგან 30 კორონავირუსით დადასტურებული შემთხვევით. გარდა ამისა, 7 პაციენტი დადასტურებული კორონავირუსული ინფექციით წევს ქვეყნის სხვა კლინიკებში, რომელიც როგორც გუშინ და გუშინწინ ვთქვით, პრემიერის განკარგულებით განისაზღვრა, როგორც მიმღები ინფექციურ საავადმყოფოსთან ერთად. ანუ, 30 ადამიანი წევს ინფექციურ საავადმყოფოში, 7 წევს დანარჩენ კლინიკებში და ერთი გამოჯანმრთელებული გაეწერა. სულ ამ მომენტისთვის საქართველოში დაფიქსირებულია 38 დადასტურებული შემთხვევა.

37 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა. რამდენიმე პაციენტი პრობლემურია, რამდენადაც მათ აქვთ ასაკი და აქვთ თანმხლები დაავადებები, მაგალითად მაღალი არტერიული წნევა, გულის უკმარისობა ან სხვა. სულ პნევმონია აქვს 11 ავადმყოფს. რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ვისაც პნევმონია აქვს, ხოლო დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქია",-აცხადებს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 38 დადასტურებული შემთხვევაა. მათ შორის ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1344 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 216.

"ინტერპრესნიუსი"