როგორ ცხოვრობენ წითელ ზონაში ქართველი ემიგრანტები
"ვისაც გადაადგილების უფლება გვაქვს, ეკლესიაში დავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ დაკეტილია, დაკეტილ კართან ვდგავართ და სამშობლოსა და ოჯახებისთვის ვლოცულობთ"
XXI საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხის, კორონავირუსის მძიმე კერა კვლავ იტალიაა, სადაც დღე-ღამეში ასეულობით მოქალაქე კვდება. შესაბამისად, შეშფოთებულია ამ ქვეყანაში დასაქმებული ათიათასობით ქართველი ემიგრანტიც. ისინი იტალიის წითელ ზონად გამოცხადებისთანავე აეროპორტებს მიაწყდნენ სამშობლოში დასაბრუნებლად. პანიკა გააძლიერა საჰაერო სივრცის ჩაკეტვამაც. საბედნიეროდ, გამოჩნდნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც თავადაც უმუშევრები გასაჭირში არიან, მაგრამ ქართველ ემიგრანტებს თავიანთი დანაზოგით შეძლებისდაგვარად ეხმარებიან. მათ შორის არის ქალაქ ბარის საემიგრაციო საზოგადოება და მისი წევრი ფიქრია კუჭუხიძე, რომელსაც ქალაქში გადაადგილებისა და ემიგრანტთა დახმარების უფლება კანონით აქვს მინიჭებული.
- ახლა ყველამ ვიცით, რამდენად ძნელია ემიგრანტობა, მით უმეტეს მაშინ, თუ ბენეტო ხარ - მოხუცის მომვლელი, რომელსაც თავისუფლება ძალიან შეზღუდული გაქვს.
იტალიის წითელ ზონად გამოცხადებამ ჩვენი მდგომარეობა ძალზე დაამძიმა. შევშინდით, ძალაუნებურად ფიქრობ, ვინ იცის, რა მოხდება, შეიძლება ვეღარასოდეს ვნახო ჩემი ოჯახიო. ამიტომაც, თუ არ გამაგრდი, შეიძლება სიგიჟემდეც მიხვიდე.
სწორედ ასე დაემართა ზოგიერთ ჩვენს ემიგრანტს. არადა, საქართველოში მასობრივი დაბრუნება ნიშნავს, რომ მასობრივი პრობლემები ჩამოვიტანოთ. თუკი დაავადება გვიწერია, ჯობს, აქ გამოვჯანმრთელდეთ, თუ არადა, რაც მოხდება, მოხდეს. ბევრი სწორედ ასე ფიქრობს.
იტალია მოხუცთა ქვეყანაა, ახალგაზრდობა, ძირითადად, უცხოეთშია სამუშაოდ. მოხუცების მომვლელებად მხოლოდ ემიგრანტები მუშაობენ. მოხუცებს ძალიან ეშინიათ და წარამარა ეკითხებიან მომვლელებს, ხომ არ დაგვტოვებთო!
- ბევრი ემიგრანტი უმუშევარი დარჩებოდა.
- რა თქმა უნდა. ძირითადად, ისინი, ვინც დალაგებაზე მუშაობენ. საგანგებო სიტუაციაა, ოჯახებში მისვლა გვეკრძალება, დალაგება ვის რაში სჭირდება! ასე რომ, ჩვენი ქალები დანაზოგის იმედად დარჩნენ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა სწორედ ამ დანაზოგიდან გაიღო თანხა გაჭირვებულ თანამემამულეთა დასახმარებლად. ქალაქში ერთ-ერთი რესტორნის ქართველმა მეპატრონემაც დამირეკა, მითხარი, ვისთვის რა გჭირდება და მზად ვარ, ყველაფერი გავიღოო. მოკლედ, რაღაცნაირად ვუძლებთ.
სამუშაოდან დათხოვნილებს შიმშილით სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებთ, ამიტომ ვისაც ქუჩაში გასვლის უფლება გვაქვს, ყოველდღე ვაწვდით საკვებს.
უმუშევრად დარჩენას აქ მხოლოდ კორონავირუსს ვერ დავაბრალებთ, მოხუცების მომვლელები ხშირად არიან უმუშევრად. ვირუსის გავრცელების დროისთვის მხოლოდ ქალაქ ბარში 6 ქართველი ქალი გვყავდა უმუშევარი. არადა, მათი დასაქმება სარისკო იყო - უნებართვოდ სიარული არა მარტო ჯარიმით, არამედ 2-წლიანი პატიმრობით ისჯება.
არადა, უმძიმესი მდგომარეობაა. ყოველდღიურად ასეულობით ადამიანი კვდება. სწორედ ამ წუთებში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ იტალიიდან, სადაც დაავადება პირველად გავრცელდა, დაავადებულებისთვის ადგილები აღარ არის და სამხრეთ იტალიაში 50 კაცი მოჰყავთ სამკურნალოდ. ერთი უკვე გზაში გარდაცვლილა.
მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ იტალიელები საგანგებო რეჟიმს ძნელად ემორჩილებიან=. ვერ წარმოიდგენთ, მაგრამ საქართველოს მაგალითზე დაავადების გავრცელებასთან ბრძოლა აქ ქართველმა ქალებმა დაიწყეს - მათ აუკრძალეს ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრებ მოხუცთა შვილებს სამხრეთ იტალიაში მშობლებთან ჩამოსვლა, საკუთარ მშობლებს ნუ დახოცავთო. ამით ჩვენი ქალები თავიანთ სამსახურსაც გაუფრთხილდნენ, მაგრამ ის ადამიანებიც დაიცვეს, რომლებიც მათზე არიან მინდობილი.
სხვა ემიგრანტები, მაგალითად, არაბები ძნელად ემორჩილებიან წესებს. სრული ქაოსია ნეაპოლში, კრიმინალით გამორჩეულ ცნობილ ქალაქში. ნეაპოლელები სახლებში ვერ შეჰყავთ, არ გვესმის, რატომ უნდა ჩავიკეტოთო!
- იტალიის ხელისუფლებას სამუდამო ლაქად დარჩება ის, რომ ერთხანს უარი თქვა მოხუცების მოვლაზე. - დღეს ამ თემას იტალიის ხელისუფლება აღარ ახსენებს. ისე კი, ტელევიზიით ეს პირადად განაცხადა ქალაქ ბარის მერმა.
როდესაც კლინიკებს ხალხი მასობრივად მიაწყდა, ავადმყოფ მოხუცებს სასუნთქი აპარატები მოხსნეს, მერმა თქვა, არჩევნის გაკეთება მოგვიწევს 40-60 წლამდე ასაკის ადამიანებსა და ხანდაზმულებს შორისო. ამავეს იმეორებდნენ ექიმებიც, მაგრამ ეს არ იყო მათი არჩევანი, იტალია მართლაც ომში აღმოჩნდა, სადაც ორ მძიმედ დაჭრილ ჯარისკაცს შორის იმ ჯარისკაცის სიცოცხლისთვის იბრძვიან, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს.
საბედნიეროდ, ამ დღეებში უკვე ასე აღარ არის. იტალიელი ექიმები ყველას პატრონობენ, იტალიის მოქალაქეებსაც და არამოქალაქეებსაც.
სიკვდილთან ტრაბახი ვის გაუგონია, მაგრამ ჩვენს ემიგრანტებს უკვე იმდენი რამ აქვთ გადატანილი, ზოგიერთისთვის შეიძლება ყველაფერი სულერთია. ძალიან ბევრი გატეხა მძიმე შრომამ. როდესაც 65-70 წლის ქართველ ემიგრანტ ქალებს შევყურებ, სიბრაზე მიპყრობს, ბევრ მათგანს საქართველოში 40 წელს მიღწული შვილები ჰყავთ, რომლებიც დედებს მხოლოდ იმიტომ ამუშავებენ, რომ დედაქალაქში დაქირავებულ ბინაში იცხოვრონ ან მანქანა იყიდონ! თუ ძალიან არ გიჭირს, შეზღუდული პირი არ ხარ, ან შვილი არ გყავს ავად, ამ ასაკის დედა სამუშაოდ როგორ უნდა გაწირო!
ბევრი ვეღარ გამოდის გარეთ, რადგან საშვი არა აქვთ, მაგრამ ვისაც გადაადგილების უფლება გვაქვს, ეკლესიაში დავდივართ, მიუხედავად იმისა, რომ დაკეტილია, დაკეტილ კართან ვდგავართ და სამშობლოსა და ოჯახებისთვის ვლოცულობთ. ამ ვითარებამ ბევრს სამუშაო დააკარგვინა - აქეთ თავად არიან უსახსროდ, მანდ კი მათი ოჯახები.
"ბევრი გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ"
ემიგრანტმა ნატალია კახიძემ რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით ემიგრანტებს მიმართა: "3 აპრილის შემდეგ, სურვილის შესაბამისად, სპეციალური რეისებით ემიგრანტების საქართველოში გამგზავრება იგეგმება. მინდა მოგიწოდოთ ყველას და უმორჩილესად გთხოვოთ თითოეულ თქვენგანს, თავი შეიკავოთ გამგზავრებისგან. მესმის, რომ ყველას არა გვაქვს ძლიერი ფსიქიკა, ნებისყოფა, მაგრამ გავუფრთხილდეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ახლობლებს. დავაფასოთ ერთმანეთის ჯანმრთელობა და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის სიცოცხლეს. წლებია, იტალიის მთავრობა თავის მოქალაქეებთან ერთად ჩვენზეც ზრუნავს, როგორც ლეგალურად, ისე არალეგალურად მყოფებზე და ნუ ვიქნებით უმადურები, დავდგეთ მათ გვერდით. ბევრი გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ, უფლის წყალობით და შემწეობით ეს კოშმარიც ჩაივლის. ამ სიტუაციას, რაც დღეს იტალიაში მძვინვარებს, ჩვენი პატარა ქვეყანა ვერ აიტანს, ვერ გაუძლებს... კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავრჩეთ და აქედან ვილოცოთ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენიანებისთვის..."
ნატალია თვითონაც ემიგრანტია, თვითონაც უნდა შვილებსა და ახლობლებთან ყოფნა, მაგრამ მაინც იტალიაში დარჩენა გადაწყვიტა. მისმა სტატუსმა ბევრი გააკვირვა, ზოგმა ისიც კი დაწერა, ნატალიას საქციელი გმირობის ტოლფასიაო.
- პროფესიით პედაგოგი ვარ. ყარაჯალის საჯარო სკოლაში საქმეთა მმართველი ვიყავი და დაწყებით კლასებში ქართულს ვასწავლიდი. ორი შვილი მყავს. 7 წელია, რაც იტალიის ჩრდილოეთით, პროვინცია ლომბარდიის ქალაქ მანტუიაში ვცხოვრობ და \ხანდაზმულ ქალს ვუვლი, საოჯახო საქმეებში ვეხმარები.
აქ 3 აპრილამდე კარანტინია გამოცხადებული. დაკეტილია ყველაფერი, სასურსათო მარკეტებისა და აფთიაქების გარდა. აფთიაქებში უკვე იყიდება პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები. ყველა უსაბუთო ემიგრანტიც კი სარგებლობს სამედიცინო დახმარებით - დაწყებული ექიმთან ვიზიტით, დამთავრებული ოპერაციებით. ლომბარდიაში ექიმების ნაკლებობაა, როგორც ამბობენ, მედიცინის მუშაკების 10% დაინფიცირებულია. მათ მოხალისეები ეხმარებიან.
ვინც 24-საათიანი გრაფიკით მუშაობს, ყველას შეუნარჩუნდა სამსახური, იმ განსხვავებით, რომ კარანტინია და ყოველდღიური 2-საათიანი და კვირაში დღე-ნახევარი დასვენებით ვეღარ სარგებლობენ. ქალები კი, რომლებიც საათობრივად მუშაობდნენ, თითქმის ყველანი დაითხოვეს. საჯარო სამსახურებიდანაც დაითხოვეს ხალხი, თუმცა ხელფასებს არ უკარგავენ. პირიქით, მთავრობა 100 ევროთი ეხმარება თითოეულ ოჯახს.
ადვილი არ არის კარანტინში ცხოვრება. გადაადგილება ნებადართულია მხოლოდ სპეციალური საშვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯარიმა 206 ევრო და 3-თვიანი პატიმრობაა. კარაბინერები მანქანებით დადიან და მოუწოდებენ ყველას, შინიდან არ გამოვიდნენ, აწყობენ რეიდებს, ქვეითად თუ მანქანებით მოსიარულეებს აჩერებენ და საშვებს უმოწმებენ. ქალაქები ცარიელია, თუ არ ჩავთვლით კანტიკუნტად მოსიარულეებს. ოჯახში, სადაც ვმუშაობ, სურსათს ონლაინრეჟიმით ყიდულობენ.
იტალიელებმა დილაობით ყავა ბარში რომ არ დალიონ და შაბათ-კვირა რესტორანში არ გაატარონ, წარმოუდგენელია, შესაბამისად, ზოგი არ ემორჩილება წესებს. ამბობენ, იპარებიანო, მაგრამ ამას კანონი არეგულირებს.
ნინო ჯავახიშვილი