"დაინფიცირებული ქალი ქალაქის მოედანზე, "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები?
მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგებმა მარნეულში მცხოვრები კორონავირუსით ინფიცირებული ქალის კონტაქტები გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ მას, ავადობის პერიოდში რამდენიმე ასეულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი, ხელისუფლებამ მარნეულისა და ბოლნისის ტერიტორიაზე მკაცრი კარანტინის შემოღება გადაწყვიტა. ამ მუნიციპალიტეტში უკვე შეიზღუდა შესვლა და გამოსვლა, დაიხურა ყველა ობიექტი, ხელმისაწვდომია მხოლოდ მედიკამენტების, სურსათის და კრიტიკული ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტები. საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები. თავდაცვის ძალებმა მუნიციპალიტეტების შესასვლელებთან სპეციალური გამშვები პუნქტები მოაწყვეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა კი მარნეულში საველე ჰოსპიტალი მოაწყო. მარნეულში განვითარებული მოვლენების შესახებ ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ნავერიანი და ორი ადგილობრივი მაცხოვრებელი გვესაუბრება.
მამუკა ნავერიანი: - მკაცრი კარანტინის შემოღება მოსახლეობამ ადეკვატურად აღიქვა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უპირობოდ საჭირო, დროული და ეფექტური გადაწყვეტილება იყო. ახლა ვაპირებთ რიგი ღონისძიებების ჩატარებას, მოსახლეობის ინფორმირებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ გამოვიდნენ სახლებიდან.
- ასეთი ღონისძიება აქამდე არ ჩაგიტარებიათ? - რა თქმა უნდა გავატარეთ, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ დამატებითი ღონისძიებების ჩატარება გახდა საჭირო.
- დამატებითი ღონისძიება რა ტიპის იქნება? - მივაწოდებთ უფრო მეტ ინფორმაციის ვირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით და ასევე ავუხსნით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა.
- დღემდე თუ გქონდათ გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ ადგილობრივ მოსახლეობის ნაწილმა სახელწიფო ენა არ იცის, რა ფორმით აწვიდიდით მათ საჭირო ინფორმაციას? - მარნეულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის, "ფეისბუკის", "მარნეულიტვ" - ის საშუალებით ყველა საინფორმაციო საშუალება ითარგმნებოდა.
- ფიქრობთ თუ არა, რომ ამ ყველაფერთან ერთად კარდაკარ სიარული და მოსახლეობისთვის უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო? - რა თქმა უნდა, ვფიქრობთ და გავითვალისწინებთ კიდეც.
- დღეს მარნეულში რამდენი ადამიანია თვითიზოლაციაში ან კარანტინში? - ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
ჩვენ ასევე დავუკავშირდით მარნეულის მუნიციპალიტიტის სხვა მცხოვრებთაც.
მანანა მაღარაძე: - ძალიან შეშინებულები ვართ, ერთმა ადამიანმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ. ჩვენს უბანში მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ. შეძლებისდაგვარად, უკვე ყველანაირ მითითებას ზედმიწევნით ვიცავთ. ქალაქში მხოლოდ პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად გავდივართ, ერთმანეთთან კონტაქტსაც ვერიდებით. ჩემს მეუღლეს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად დროდადრო უწევს სახლიდან გასვლა. თუმცა უსაფრთხოების ყველა წესს იცავს, პირადი ჰიგიენით დაწყებული ავტომობილის დეზინფექციით დამთავრებული. სახლში იატაკებს სპირტიანი წყლით ვწმენდ, აბაზანასა და საპირფარეშოს დილა-საღამოს ვქლორავ, მაგრამ ამის მიუხედავად ჩემი შვილი თავის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მეორე სართულზე ავიყვანე. ოჯახის წევრებიც კი იზოლირებული ვართ ერთმანეთისგან. ასეთ ფონზე ძალიან საწყენია რომ შესაძლოა სხვისი დაუდევრობის გამო აღმოვჩნდეთ საფრთხეში.
ლანა მამედოვი: - ჩვენ, ვისაც გვესმის რა საფრთხესთან გვაქვს საქმე, ძალიან შეშინებულები ვართ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ აქ ყველა ასეა. ბევრს ეს ამბავი საერთოდ არ ადარდებს. ძალიან მიხარია, რომ საქმეში ჯარი და პოლიცია ჩაერთო, იქნებ მათ დაამყარონ წესრიგი და აღკვეთონ ზოგიერთი ადამიანის დაუდევრობა.
- მოსახლეობის ერთი ნაწილის უდარდელობა რით არის განპირობებული, მათ ენის ბარიერის გამო შესაბამისი ინფორმაცია არ აქვთ თუ საქმის კურში არიან, მაგრამ უბრალოდ მითითებებს არ ასრულებენ? - ზოგთან მართლაც არის ენის ბარიერი, არც ქართული იციან და არც - რუსული. თუმცა არიან ისეთები, რომლებმაც ყველაფერიც კარგად იციან, მაგრამ მითითებებს არ ასრულებენ. ზოგი ფიქრობს, რომ ყველაფერი გაზვიადებულია და ხალხის დაპანიკება ვიღაცის ინტერესებში შედის. ზოგს სჯერა, რომ ვირუსი მართლა ძალიან სახიფათოა, მაგრამ ჰგონიათ, რომ ეს სხვაგან ხდება და ჩვენ არაფერი შეგვეხება. გუშინ ქალაქში რომ გასულიყავით, ვერ მიხვდებოდით რომ აქ რაიმე პრობლემა იყო, ერთ ნიღბიანსაც კი ვერ დაინახავდით. თუ ვინმეს ნიღაბი უკეთია მიხვდებით, რომ ქართველია. პრობლემა მარტო ის კი არ არის, თავად არ იცავენ უსაფრთხოების ზომებს, იმ ადამიანებსაც დასცინიან ვინც ხელთათმანებით და ნიღბით დადიან. ადგილობრივ ხელისუფლებაზე საყვედრი არ ითქმის, ქუჩებში და დიდ მაღაზიებში დეზინფექცია ჩაატარეს. პრობლემა კერძო მაღაზიებია, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა და არც ნიღბით საგრებლობს ვინმე. გუშინ ბაზარში ვიყავი და იქაც უამრავი ხალხი იყო, დღეს, როგორც თქვეს, უკვე დაიკეტა. გუშინ იყო ნოვრუზ ბაირამის ბოლო დღეს, ეს დიდი დღესასწაულია, როგორც ვიცი, ოჯახებში ყველგან სუფრა იყო და აღნიშნავდნენ ბოლო დღეების განმავლობაში.
- თქვენ თუ იცნობდით იმ ქალბატონს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა? - პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი ვინ არის, მოედანზე "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა. როგორც თქვეს, უკვე დიდი ხანია ავად არის, ვიდრე სუნთქვის პრობლემა არ შეექმნა, ექიმთან არ მივიდა. მარტო ის არ არის პრობლემა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა, მის მაღაზიაში ყოველდღე ათეულობით ადამიანი შედიოდა. ის და მისი ოჯახის წევრები სახლში არ ჩერდებოდნენ, აქტიურად დადიოდნენ მეზობლებთანაც.
- ქორწილები და მსგავსი ხალხმრავალი ღონისიძიებები ბოლო დროს ხშირად იმართებოდა? - კი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადაბამდე თავი არავის არაფერზე შეუზღუდავს.
- ეს ქალბატონი მარნეულის საავადმყოფოში რამდენიმე დღე იწვა. თუ იცით, მას ექიმები შესაბამისი ეკიპირებით ემსახურებოდნენ? - არა, რა ეკიპირებით. ჩემი მეგობარი მუშაობს იმ კლინიკაში, სადაც ეგ ქალბატონი იწვა. პირბადებიც კი არ იყო თურმე საჭირო რაოდენობის. დღეში ერთ ცალ პირბადეს აძლევდნენ. ჩემი მეგობარი ახლაც კლინაკაშია და ჯერ გარეთ ვერ გამოდის, კარანტინშია მთელი კლინიკა. მისი ოჯახი ძალიან ნერვიულობს.
- ახლა, როდესაც საფრთხე ასეთი თვალსაჩინო გახდა, რას ამბობს ხალხი მათი უდარდელი განწყობა არ შეიცვალა? - არ ვიცი, გუშინ ყველაფერი ძველებურად იყო. დღეს ჯერ სახლიდან არ გავსულვარ...
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლნისში კარანტინის შემოღების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ დაინფიცირებული ქალბატონი ამ მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ერთ-ერთ ოჯახში იმყოფებოდა სტუმრად.
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)