"ნუ გადავაყოლებთ ცალკეული მღვდელმთავრების ახირებულ პოზიციას ნურც ორიათასწლოვან მრწამსს და ნურც საკუთარ სიცოცხლეს" - კვირის პალიტრა

"ნუ გადავაყოლებთ ცალკეული მღვდელმთავრების ახირებულ პოზიციას ნურც ორიათასწლოვან მრწამსს და ნურც საკუთარ სიცოცხლეს"

საერთაშორისო ურთიერთობების საკითხთა ექსპერტი გიორგი გობრონიძე კორონავირუსისთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და "ფეისბუკის პირად გვერდზე წერს:

"არ მეგონა კიდევ რამეს თუ შეეძლო ადამიანის გაოცება იმ ფონზე, რაც დღეს ქვეყანაში და მსოფლიოში ხდება, თუმცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ახალ სიმააღლეებს იპყრობს. ვკითხულობ მათ განცხადებას და გაკვირვებული ვარ. გულწრფელად ვერ ვხვდები რას შეიძლება გამოეწვია მათი ასეთი სიჯიუტე, ასეთი დამოკიდებულება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მიმართ. ჩემთვის, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის (სამწუხაროდ, სანიმუშო ნამდვილად არ ვარ), რომელმაც იცის რისი წამს და რატომ წამს, აბსოლუტურად გაუგებარია პოზიცია, რომ თითქოს თვითიზოლაციის წესების დაცვით ვინმე ან სარწმუნოებას და ან კიდევ ეკლესიას ებრძვის.

ცალკეული მღვდელმთავრები, მღვდლები და მათი მრევლი ხშირად ამბობს, რომ დაზღვეულია რისკისგან თუკი რწმენით მივა ტაძარში. კი ბატონო გეთანხმებით, არაფერი მოგივათ თუ გწამთ. აქვე კი მახსენდება, როგორ მოუხმო წყალზე მავალმა მაცხოვარმა წმინდა პეტრეს თავისთან, პეტრემ კი ვერ გაიარა წყალზე, რადგან როგორც სახარებაში წერია არ ეყო რწმენა. ძალიან მაინტერესებს რომელიმე სასულიერო პირი, ან ჩვეულებრივი მორწმუნე თვლის, რომ მათი რწმენა მოციქულთა თავის რწმენას აღემატება? საიდან ამხელა ამპარტავნება და თვითიმედოვნება. "ღმერთი დაგვიფარავს", ამბობენ ზოგიერთები. და კი ბატონო, აუცილებლად დაგვიფარავს, თუმცა ამისთვის გვჭირდება ღვთის გამოწვევა? რას ეუბნება სატანა უდაბნოში გასულ მაცხოვარს? სთხოვს რომ კლდიდან გადახტეს და თუ ის მართლა ძეა ღვთისა ანგელოზები დაიჭერენ. პასუხი ნათელი და მკაფიოა, რაც გასაგები უნდა იყოს ყველა ქრისტიანისთვის: "არ გამოსცადო ღმერთი შენი". არ არის საჭირო გადამოწმება, არავის არაფერს დავუმტკიცებთ ამით. მეტიც, ღმერთის ხილული სასწაულია ის, რომ ჩვენი ექიმები შეუძლებელს ახერხებენ. რომ გვაქვს ვირუსის მკურნალობის ქართული პროტოკოლი. ღმერთმა გვანახა გზა, რომ არსებობს ეპიდემიის შეკავების გზა. კიდე რაღაცს ვთხოვთ? რა არ გვყოფნის? "თუ დავუშვებთ, რომ ქრისტეს სისხლი და ხორცი აავადებს, მაშინ ჩვენ ჩვენ არ ვიქნებით" ბრძანა ერთ-ერთმა მღვდელმთავარმა. დიდი ბოდიში და ვინმე უარყობს წმინდა ზიარების სიწმინდეს? არავინ ამბობს რომ სიწმინდე აავადებს. აავადებს ვირუსი. რომელზე იმუნიტეტიც არ გვაქვს და რომელსაც 83% აქვს გადადების შანსი. შესაბამისად არც 2 მეტრის და 1,5 მეტრის დაცვაა საკმარისი, რადგან ეს პირობითია. თუ ავადმყოფი ძლიერად ახველებს ეს 2 მეტრი შესაძლოა 3, ან 5 მეტრი გახდეს, თუ სუსტად, სულაც 20 სანტიმეტრი. ვერ ვიტყვით.

ჩვენ გვწამს, მაგრამ არ ვიცით, რადგან ცოდნის წყარო რელიგიაში გამოცხადებაა, მეცნიერებაში კი ემპირია. შესაბამისად, მხოლოდ იმიტომ რომ გვწამს, გვაქვს კი უფლება საფრთხის ქვეშ დავაყენოთ ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა? არავითარ შემთხვევაში. რაც შეეხება კოვზს, ეს საერთოდ რაღაც კომიკურია, რადგან კოვზი იმ ფორმით რა ფორმითაც ვიცით შუა საუკუნეებში მოიგონეს, აზიაში, ცივილიზაციაში რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ეხლა იქცა ქრისტიანობის სიმბოლოდ? საუბრობენ, რომ თითქოს "ტაძრების დაკეტვა უნდათ", რომ ეს "კომუნისტურ რეპრესიას გავს". არადა საუბარია მხოლოდ დროებით ზომაზე, საუბარია არა ტაძრების დაკეტვაზე არამედ მრევლის სახლში დარჩენაზე. საუბარია არა საერთო ბარძიმის უარყოფაზე, არამედ კოვზზე. რაში ჭირდებათ ასეთი უტრირება და დამახინჯება ფაქტების? იყოს ტაძრები ღია, გაგრძლდეს ღვთისმსახურება, მაგრამ ნუ ჩააყენებენ რაღაც დროით ხალხს საფრთხეში. იტალიაში თავიდან არ ეყოთ აპარატურა, მერე საწოლები, მერე ექიმები. ეხლა არ ყოფნით კუბოები. იმიტომ, რომ არ დაიჯერეს საფრთხის არსებობის. იმიტომ რომ ცეცხლთან ითამაშეს. წარმოიდგინეთ, თუნდაც ერთი შემთხვევა და ე.წ. "ეკლესიის კლასტერის" გაჩენა რას გამოიწვევს და როგორ გააღრმავებს ქვეყანაში ისედაც არსებულ რწმენის კრიზისს, რომელიც უპირველეს მათი გამოწვეულია ვისაც ქრისტიანობის მაგალითი უნდა მიეცა ხალხისთვის. არც ამაზე ფიქრობენ.

ამიტომ, თუკი არ ვთვლით, რომ იმაზე მეტად ვართ ქრისტიანები, ვიდრე წმინდა პეტრე, თუკი არ ვთვლით, რომ ღმერთი სათამაშოა, მოდი, ნუ გადავაყოლებთ ცალკეული მღვდელმთავრების ახირებულ პოზიციას ნურც ორიათასწლოვან მრწამსს და ნურც საკუთარ სიცოცხლეს.

გვახსოვდეს, რომ შაბათი შეიქმნა ადამიანისთვის და არა ადამიანი შაბათისთვის. ამიტომ ნუ ვიცხოვრებთ რიტუალისთვის. გვახსოვდეს, რომ თავის დროზე ეშმაკიც ანგელოზი იყო და რაც უფრო მაღლა ადიხარ, მით უფრო მწარედ ეცემი. არავის შევაფასებ და არავის გამოვარჩევ. ისტორია კი გამოარჩევს თავის დროზე წმინდანებსაც და დაცემულებსაც", - წერს გიორგი გობრონიძე "ფეისბუკში". (წყარო)

იხილეთ საპატრიარქოს განცხადება