"ძველი წესრიგი იცვლება, მაგრამ არავინ იცის, როგორ იქნება ახალი მსოფლიო"
"ამ განსაცდელისას ადამიანებს გულისხმიერება გაუმძაფრდათ, სოლიდარულნი, თანამგრძნობნი გახდნენ. მხოლოდ ეს გამართლება შეიძლება ჰქონდეს შექმნილ ვითარებას"
მსოფლიო ახალი კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული. ქვეყნები თუ რიგითი ადამიანები ცდილობენ ერთმანეთის თანადგომით გაუმკლავდნენ ინფექციას. 25 მარტს დანტე ალიგიერის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ფლეშმობში პოეტებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დიადი დანტეს სტრიქონები თავ-თავიანთ ენაზე წაიკითხეს და ასე გამოხატეს იტალიელი ხალხისთვის მხარდაჭერა. მათ შორის იყო ქართველი პოეტი დავით მაღრაძე, რომელთან ინტერვიუსაც გთავაზობთ:
- უპირველეს ყოვლისა, მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ამ განსაცდელის ჟამს ქართულმა სახელმწიფომ მაღალი კულტურა აჩვენა.
რაც შეეხება ფლეშმობს, ჩემთვის დიდი პატივი იყო, როდესაც დანტე ალიგიერის საერთაშორისო საზოგადოება შემომეხმიანა და ამ ღონისძიებაში მთხოვა მონაწილეობა. სწორედ ამ საზოგადოების მიწვევით გახლდით თავის დროზე რომში, ფლორენციის სასახლეში, სადაც გაიმართა ჩემი წიგნის პრეზენტაცია და ასევე მხვდა პატივი გავმხდარიყავი დანტე ალიგიერის ოქროს მედლის კავალერი ჩემს მთარგმნელ ნუნუ გელაძესთან ერთად. სოლიდარობა და თანაგრძნობა ჩემთვის სწორედ ის ნიადაგია, საიდანაც საზრდოობს ხელოვნება და, რა თქმა უნდა, პოეზია. მეორე ადამიანის მიმართ გამოჩენილი გულისხმიერებაა ადამიანის არსებობის გამართლება.
დღეს სოლიდარობამ მოიცვა სამყარო. ტელევიზიით ვნახე პლასიდო დომინგო, რომელიც თავის აივანზე მღეროდა და გარშემო აივნებიდან ტაშის ხმა ისმოდა. ეს შეიძლება არ იყო ოვაციაში გადაზრდილი აპლოდისმენტები, რასაც ნაჩვევია დიდი მომღერალი, მაგრამ ეს ტაში, ვფიქრობ, ყველაზე ძვირფასი და ღირებული მის ბიოგრაფიაში იყო.
- როგორ აფასებთ დღეს შექმნილ ვითარებას? ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ამ ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში უცებ ასე უსუსურად წარმოჩნდებოდა მსოფლიო... - შექმნილ ვითარებაზე ერთის თქმა შეიძლება - ძველი წესრიგი იცვლება, მაგრამ არავინ იცის, როგორ იქნება ახალი მსოფლიო. ვხედავთ ასევე იმასაც, რაც გუშინ სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემად მიგვაჩნდა, დღეს მეასეხარისხოვნად როგორ იქცა.
ყოველდღიურ პრობლემატიკაში ჩაფლულ ადამიანს ჰორიზონტი ეკარგება, სივრცეს ვეღარ აღიქვამს, მისი თვალსაწიერი ვიწროვდება, ამგვარი განსაცდელი კი ხსნის სივრცეს, ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს.
ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანი მიისწრაფვის ამპარტავნებისა და ყოვლისშემძლეობისკენ და როდესაც ეს ამპარტავნება მოიცავს სამყაროს და გაუსაძლისი ხდება ამის ყურება, განგება მოუვლენს ხოლმე ადამიანს განსაცდელს, რომ თავისი უმწეო მდგომარეობა დაანახოს, რომ ამ ამპარტავნებაში არ დაკარგოს ის სახე, ზნეობა, რომლითაც შექმნა ღმერთმა. როგორც წესი, განსაცდელით გამოწვეული უმწეობა თავმდაბლობას ახსენებს ადამიანს, ახსენებს გულისხმიერებას, გაჭირვებულ მოძმეს... ამიტომ, მიუხედავად იმ ტკივილისა, იმ მსხვერპლისა, რის გამოც ძალიან ვწუხვარ, ვფიქრობ, ეს ვითარება შეიძლება ადამიანისთვის იქცეს შანსად თავადაც შეიცვალოს და მსოფლიოც შეცვალოს...
- თქვენი აზრით, როგორ უმკლავდება მსოფლიო შექმნილ ვითარებას და არის კი მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის კაცობრიობა დღეს მზად? - ერთხელ და სამუდამოდ ვერც ვერაფერს სწავლობს ადამიანი და ვერც ვერაფერს ივიწყებს. ეს არ არის ერთჯერადი აქტი - ერთხელ გამოჩენილი გულისხმიერებით კეთილშობილ ადამიანად ვერავინ იქცევა. მამარდაშვილი ამბობდა, ქრისტეს შობა არ არის ერთჯერადი აქტი და ყოველდღე ახლიდან იშვება ჩვენში ქრისტეო. ვფიქრობ, განსაცდელი გულისხმიერების მობლაგვებულ რეცეპტორებს გაგვიმძაფრებს, გვაპოვნინებს ერთმანეთისკენ სავალ გზებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ გზაზე ერთხელ გავივლით და დასრულდება - ჩვენ უკვე გადავრჩებით. არა, ყოველდღე ახლიდან იბადება ადამიანი და ახლიდან უნდა ეძიოს ის საგულისხმო, მნიშვნელოვანი თვისებები საკუთარ თავში, რომელთაც ყოველდღიური რუტინა გვავიწყებს. ჩვენ უნდა ვეცადოთ და ვიცოდეთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ კეთილი ბოროტზე ვერ გაიმარჯვებს. ეს მარადიული ბრძოლაა და ჩვენ რომელ მხარეს დავიკავებთ - გულისხმიერების თუ გულგრილობის, ეს უკვე ინდივიდუალური არჩევანია.
მახარებს, რომ ამ განსაცდელისას ადამიანებს გულისხმიერება გაუმძაფრდათ, სოლიდარულნი, თანამგრძნობნი გახდნენ. მხოლოდ ეს გამართლება შეიძლება ჰქონდეს შექმნილ ვითარებას.
ჩემი აზრით, ეს გლობალური კრიზისი სამყაროში გამოწვეულია ჩვენი ეპოქის მახასიათებელი ნიშნით, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ჩვენმა ეპოქამ ცუდისა და კარგის გარჩევის გამოცდილებაზე თქვა უარი, აქედან გამომდინარე, ყოველგვარ ღირებულებათა ზნეობრივი სისტემის აღრევა მოხდა.
- ბრძანეთ, რომ განსაცდელისას ჩვენმა სახელმწიფომ მაღალი კულტურა აჩვენა, რას გულისხმობდით? - მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების აქამდე დაშვებული შეცდომებისა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცხოვრების წესად აქცია თამაში "ნაციონალურ მოძრაობასა" და მის მხარდამჭერებთან, რა დროსაც სრული იგნორირება ხდებოდა იმ საზოგადოების, რომლის ბრძოლამაც დაასრულა წინა ხელისუფლების რეპრესიული რეჟიმი, დადგა მომენტი, როდესაც თამაში უნდა დასრულებულიყო და ბრძოლა და მოქმედება დაეწყოთ. ვფიქრობ, პანდემიით გამოწვეულმა გამოწვევებმა ეს დაანახა ჩვენს მთავრობას; დაანახა, რომ არსებობს ქართველი საზოგადოება, ვისთანაც თამაში უხერხულია, რომ ამ ღირსეული საზოგადოების კომპლექსისგან უნდა გათავისუფლებულიყო და ეთანამშრომლა მასთან. ამ თანამშრომლობის პრეცედენტები უკვე აშკარად გამოკვეთა, რაც იმედის საფუძველს იძლევა.
აქამდეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი - ჩემთვის სამოქალაქო საზოგადოება არაფრით არ არის ენჯეოების კრებული, ვინაიდან დღევანდელი ქართული ენჯეოების დიდი ნაწილი თავის დროზე სწორედ რეპრესიულ მანქანას უჭერდა მხარს.
ჩემთვის სამოქალაქო საზოგადოება არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც განსაცდელის ჟამს ღირსებას ინარჩუნებს. ეს საზოგადოება შედგა მაშინ, როდესაც არ დაიღალა "ნაციონალური მოძრაობის" რეპრესიულ მანქანასთან ბრძოლით და სიცოცხლის ფასად იცავდა იმ ღირებულებებს, რომლებიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, და არც ამ ხელისუფლებას შეეპუა, რომელმაც თავისი მოქმედების წესად აქცია თამაში.
დღეს მთავრობამ გადადგა აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი და მოუსმინა პროფესიონალებს და მათი მითითებით დაიწყო ეფექტიანი მოქმედება. ის მოიქცა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებულად, რომელიც პროფესიონალებს "ჩარეცხილებს" ეძახდა. პროფესიონალებისთვის ყურის დაგდებამ კი ის მოიტანა, რომ კრიზისის დროს გადაიდგა სწორი, მკაფიო და ეფექტიანი ნაბიჯები. ამ ეტაპზე მათ სწორი გზა იპოვეს, ხვალ რა იქნება, არ ვიცი, ეს არც არავინ იცის. იმედია, ღმერთი იმაზე მეტ განსაცდელს არ მოგვივლენს, რისი გადატანაც შეუძლია კაცობრიობას. ვიმედოვნებ, რომ ამ ყველაფერს ბოლომდე ეფექტიანად გავართმევთ თავს.
კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს დღეს ქართული სახელმწიფო - ხელისუფლებაც და მოსახლეობაც, რომელსაც ხშირად ვსაყვედურობდით, რომ დისციპლინის დაცვა უჭირდა, დღეს კი ვნახეთ, რომ როცა მოვინდომეთ, ესეც შეგვძლებია... მჯერა, ამ დიდი განსაცდელიდანაც ჩვენი სამშობლო ღირსეულად გამოვა...
ბარემ აქვე ვიტყვი იმასაც, რომ პოლიტიკაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ოღონდ კი "კარონა" დაიდგან თავზე და თანახმა არიან კორონამ ქვა ქვაზე აღარ დატოვოს. რა თქმა უნდა, საგნობრივი კრიტიკაც უნდა იყოს და განსხვავებული მოსაზრებებიც, მაგრამ ეს პოლიტიკური გამორჩენის მიზნით არ უნდა კეთდებოდეს. რაც შეეხება ზოგიერთ წყალწაღებულ ლიდერსა და მის მიმდევრებს, მათზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც არაფერი წმინდა აღარ გრჩება და ყველაფერზე მიდიხარ, ოღონდ კი პოლიტიკური დივიდენდი მიიღო, ამით მხოლოდ საკუთარ თავს ინადგურებ.
იმ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი ნებით ამბობენ უარს რეპუტაციაზე, ვეღარავინ აწყენინებს, რადგან ისინი გათავისუფლებული არიან ღირსებისა და რეპუტაციისგან, თუ ამას გათავისუფლება შეიძლება დაერქვას. ეს ხალხი მზად არის ყველაფერი იკადროს და აკადროს სხვასაც, რადგან ხურდის დაბრუნების შემთხვევაშიც მათ რეპუტაციას არაფერი ემუქრება, რადგან მასზე საკუთარი ნებით თქვეს უარი. ყველა თავისი თავის პატივისმცემელი ადამიანი სხვასაც სცემს პატივს, ყველა ღირსების მქონე, უფრთხილდება სხვის ღირსებას. სხვის ღირსებას არ უფრთხილდება მხოლოდ უღირსებო ადამიანი.
რეპუტაციადაკარგულ ადამიანს სამუდამოდ სძულს ყველა ღირსეული ადამიანი და მთელი სამყარო. ასეთ ადამიანებს დასაკარგი არაფერი აქვთ, ამიტომაც არიან საშიშები. სამწუხაროდ, ჩვენმა ეპოქამ ასეთი ადამიანები მოამრავლა, ადამიანები, რომელთაც ღირსებასთან ყველა მცირე ბმაც კი საკუთარი ხელით ჩაჭრეს.
თავის დროზე, როცა ბოლშევიკებმა მოსახლეობა ერთხელ წააქეზეს კეთილშობილი, განათლებული საზოგადოების წინააღმდეგ, მას შემდეგ ეს დაპირისპირება არ შეწყვეტილა, დღესაც აქტუალურია და მივიღეთ ასეთი ფორმულა მდაბიო კულტურის წინააღმდეგ. სანამ კულტურის წინააღმდეგ არ ამხედრდება ადამიანი, მანამდე მდაბიო არ არსებობს. მდაბიო აგრესიასთან ერთად იბადება. თვალსაჩინოებისთვის - ვინც ქუჩაში ვერ შეიგინა, დღეს ყველა ტელეეთერში იგინება. ასე იყო ფაშიზმის დროსაც, ჰერმან გერინგს უთქვამს, სიტყვა "კულტურა" რომ მესმის, მაუზერისკენ იწევს ხელიო. ჩვენში იფიქრეს, თუ მიიღებდნენ იმას, რაც მოდური და ტრენდულია, მათი მდაბიოობა შეინიღბებოდა, არადა, ეს მათ მხოლოდ კომიკურ იერს სძენს.
- "დარჩი სახლში" დღეს მთავარი გზავნილია, მაგრამ ბევრს უჭირს ნაჩვევ ცხოვრების ტემპზე უარის თქმა და შინ გამოკეტვა... - ის გიჟური ტემპი, რომელიც ბოლო წლებში აიღო სამყარომ, ცხოვრების ეს საოცარი დაძაბული რიტმი ადამიანს დაფიქრების საშუალებას არ აძლევდა. არადა, დროს თურმე ნელი, მდორე დინებაც შესძლებია...
დღევანდელ ვითარებას ასეც შეიძლება შევხედოთ, რომ ეს არის საჩუქარი, რომელიც გვაძლევს დაფიქრების საშუალებას, გვაბრუნებს საკუთარ თავთან, ახლობლებთან, ოჯახის წევრებთან; თავიდან გვაცნობს ადამიანებს, ვის გვერდითაც შეიძლება წლები ვცხოვრობდით... ამ თვალსაწიერიდანაც შევხედოთ ამ ყოველივეს და გაძლებაზე კი არ ვიყოთ, სიხარულით გავჩერდეთ შინ - ჩვენს ოჯახის წევრებთან ერთად.
ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ - ღმერთმა შექმნა ადამიანი, სახელმწიფომ შექმნა მოქალაქე, ხელოვანი, პოეტი კი ცდილობს მოქალაქეში ადამიანი გადაარჩინოს. დღეს ადამიანის გადარჩენის დროა.
მიუხედავად იმ დიდი ტკივილისა, იმ მსხვერპლისა, რის გამოც ვწუხვარ და სამძიმარს ვეუბნები ყველას, დარწმუნებული ვარ ეს განსაცდელი ადამიანის სახის გადარჩენას ემსახურება. მჯერა, რომ ეს გულისხმიერება, რაც ამ დრომ გამოავლინა, მთელ სამყაროს სიკეთეს მოუტანს; მჯერა, რომ გულისხმიერებით სახედაბრუნებულებს, როდესაც გამარჯვების დღე დადგება, ერთმანეთი მოგვეწონება.