"დღეს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება კარგი განწყობა და მეტი ლოცვა" - ჭადრაკის ონლაინგაკვეთილები უფასოდ მსოფლიო ჩემპიონისგან
შამათი კორონას
"მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიური გავრცელების გამო ვფიქრობდი, ჩემი პროფესიით რის გაკეთება შემეძლო სახლიდან. მშობლებისთვის, ყველაზე რთული სახლში "გამოკეტილი" ბავშვების გართობა და განვითარებაა. ამიტომ მოწოდების - #დარჩისახლში # - საპასუხოდ ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის (რა თქმა უნდა, უსასყიდლოდ) ვიწყებ ჭადრაკის ონლაინგაკვეთილებს! შემოგვიერთდით გვერდზე - Online Chess lessons/ჭადრაკის ონლაინგაკვეთილები სალომე მელიასთან. კარანტინის დამთავრების შემდეგ ონლაინგაკვეთილებში ჩართულ ბავშვებს დავასაჩუქრებ ჭადრაკის კომპლექტით (საჭიროების შემთხვევაში ბავშვებს სახლებში მანამდეც დავურიგებ ინვენტარს). შეგიძლიათ გაავრცელოთ პოსტი. ბევრი მსურველის შემთხვევაში შევქმნი ჯგუფებს, გამოვყოფ მეტ დროს და დავამატებ გაკვეთილებს", - ეს განცხადება საქართველოს ჩემპიონმა, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონმა, მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულმა, საჭადრაკო ოლიმპიადის პრიზიორმა, ევროპის საკლუბო ჩემპიონატის სამგზის ჩემპიონმა და არაერთი საერთაშორისო ტურნირის თასის მფლობელმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა სალომე მელიამ 17 მარტს სოციალური ქსელით გაავრცელა. დღეს, პოსტის გავრცელებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, საერთაშორისო დიდოსტატის ონლაინმოსწავლეთა რაოდენობა უკვე ასზე მეტია! სალომეს მადლობის სათქმელად დავუკავშირდით და... საინტერესო ინტერვიუც მივიღეთ:
- საჭადრაკო ონლაინგაკვეთილების იდეა ორიოდე კვირის წინ გამიჩნდა, სოციალურ გვერდზე გავრცელებული წერილის შემდეგ კი ჩემი დღის განრიგი ისევე შეიცვალა, როგორც ამ დღეებში შეიცვალა მთელი მსოფლიო. უზომოდ მიკვირდა, როგორ გაურბოდნენ ადამიანები თვითიზოლაციას მაშინ, როცა მთელი ქვეყანა და მსოფლიო ამისკენ მოგვიწოდებდა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, გარდა სიტყვიერი მოწოდებებისა (#დარჩისახლში, #დავეხმაროთერთმანეთს), საქმითაც შემეტანა ჩემი წვლილი ამ თხოვნა-მოწოდების განხორციელებაში.
- და ბევრი მსურველიც გამოგეხმაურათ. რამდენი ონლაინმოსწავლე გყავთ ამჟამად და ყოველდღიურად რამდენი გაკვეთილის ჩატარება გიწევთ?
- გამოცხადებიდან ერთ საათში უკვე 20 მსურველი იყო დარეგისტრირებული! ონლაინგაკვეთილები 19 მარტიდან დავიწყე და ამჟამად ვასწავლი13 ჯგუფში განაწილებულ 100 ბავშვს. სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს, 11:00-დან 20:00 საათამდე, ყოველ საათში ახალი გაკვეთილი იწყება და მუშაობას 21:00 საათამდე ვაგრძელებ. სწავლის პროცესში ჩართული არიან ბავშვები საქართველოს ყველა კუთხიდან, ასევე - უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვებიც.
ძალიან გამახარა ჩემმა კოლეგამ, ბავშვების საყვარელმა პედაგოგმა ლევან ბახტაძემ - როდესაც ჩემს "ფეისბუკპოსტს" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ლევანმა იმავე საღამოს დამირეკა და სწავლების პროცესში უსასყიდლოდ ჩართვის სურვილი გამომიცხადა! ასეთი ადამიანების არსებობა დიდ იმედს მაძლევს ახალი თაობის აღზრდის საქმეში.
- 100 ბავშვს 15 აპრილამდე უნდა ასწავლოთ, რაც ნიშნავს, რომ კვირაში სამი დღე, დილიდან საღამომდე მოუცლელი ხართ. ნახევრად ხუმრობით უნდა გკითხოთ - გადატვირთული გრაფიკის გამო ამ ინიციატივას ხომ არ ნანობთ?
- თვითიზოლაციის დროს დაბადების დღეს ყველა მარტო აღნიშნავს, მე კი14 აპრილს, ჩემს დაბადების დღეზე, 100 "სტუმარი" მეყოლება - ამაზე კარგი რა უნდა მომეფიქრებინა?! ისეთი ნიჭიერი და საყვარელი ბავშვები არიან, ყოველ მომდევნო გაკვეთილს სულმოუთქმელად ველი. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას ყველას, ვინც მოიწონა და გააზიარა ჩემი პოსტი!
- ბავშვების ცოდნითა და მოტივაციით კმაყოფილი ხართ? - ჯგუფები დავყავი სამ კატეგორიად: დამწყებები, სვლების მცოდნე დამწყებები და თანრიგოსნები. თანრიგოსნების ერთ-ერთ ჯგუფში კარგად თამაშობენ, დანარჩენებთან კი თითქმის ყველაფერი ასახსნელია. რაც შეეხება ბავშვების დაინტერესებასა და სწავლის სურვილს, მართლაც კმაყოფილი ვარ - ყველა ძალიან მონდომებულია. ჩემი მიზანიც ეს არის - ბავშვები უფრო დავაინტერესო ჭადრაკით, შევაყვარო სპორტის ინტელექტუალური სახეობა.
- "ჩამჭრელი" კითხვაც უნდა დაგისვათ: რას მიაწერთ ბავშვებისა და მშობლების ასეთ დიდ ინტერესს - უსასყიდლოდ სწავლის შესაძლებლობას, იმას, რომ მასწავლებელი საერთაშორისო დიდოსტატი და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მოჭადრაკეა, თუ გარკვეულწილად იმასაც, რომ სახლში მყოფნი ყველა საშუალებას იყენებენ დროის საინტერესოდ გასატარებლად? - ჯერჯერობით ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არ მაქვს - უფრო კარგად უნდა გავიცნო ყველა ბავშვი და მშობელი, თუმცა, ვფიქრობ, რომ დღევანდელ ვითარებაში ყველაფერმა იმოქმედა. მიზეზები არც არის გადამწყვეტი - თუ ჩვენი გაკვეთილების შემდეგ ბავშვები საჭადრაკო წრეებში სწავლის გაგრძელებას მოინდომებენ, ე.ი. ნაყოფიერად გვიშრომია!
- სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში ჭადრაკისადმი როგორც სახელმწიფოს, ისე ახალგაზრდობის ინტერესი გაიზარდა. ცხადია, ამ ყველაფრის მიზეზია ჭადრაკის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, სკოლებში ჭადრაკის სწავლება, საერთაშორისო ტურნირების უმაღლეს დონეზე მასპინძლობა და ა.შ. - დიახ, ჭადრაკის პოპულარიზაცია და სახელმწიფო მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ ჩანს ჩვენი შემცვლელი თაობა. ბოლო წლებში ეროვნულ ნაკრებშიც აღარ არის დიდი კონკურენცია...
- მაგრამ საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სწავლების გააქტიურებამ ხომ უკვე მოიტანა შედეგი? არ გამოჩნდნენ ნიჭიერი ბავშვები? - ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი პროგრამა იყო და დაწყებითი კლასის მოსწავლეებში ჭადრაკისადმი დიდი ინტერესიც გამოიწვია, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: საჭადრაკო წრეების შექმნამ სკოლებში, სადაც ჭადრაკის გაკვეთილების ჩატარება სხვადასხვა საგნის მასწავლებლებმა შეითავსეს, მშობლები დააბნია. საქმე ის არის, რომ სკოლის დონეზე, ფაქტობრივად, მხოლოდ საჭადრაკო სვლებს ასწავლიან, პროფესიული განვითარებისა და კვალიფიციურ წრეებზე სიარულის ინტერესი კი არ არის... ამიტომ ვფიქრობ, რომ კარგი პროგრამის განვითარებას სწორი მენეჯმენტიც სჭირდება, რაშიც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება.
- საინტერესოა საერთაშორისო დიდოსტატის შეხედულება - რა არის მთავარი მოზარდი მოჭადრაკის სწორად განვითარებისთვის? მთავარი აქაც შრომა და მიზანდასახულობაა თუ ჭადრაკში არსებობენ ნიჭიერი ბავშვები? და რას ნიშნავს ნიჭი ამ ერთ-ერთ ყველაზე რთულ ინტელექტუალურ თამაშში?
- საწყის ეტაპზე მასწავლებლის მთავრი მიზანია, ბავშვს ჭადრაკი შეაყვაროს, შემდეგ კი თანდათანობით შეასწავლოს დაწყებითი ეტაპის მასალა და ჩართოს თავისი დონის ტურნირებში. ჩემი აზრით, საქართველოში ჩამოსაყალიბებელია სისტემა, სადაც ყველა დონეზე ეყოლებათ შესაფერისი მასწავლებელი, შეიქმნება ერთიანი მშრომელი გუნდი, რომელიც აღზრდის მომავალ თაობას. რაც შეეხება შრომასა და მიზანდასახულობას, ცხადია, ეს თვისებები ყველა სფეროშია წარმატების საწინდარი. ნიჭი? ნიჭს განვითარება სჭირდება და ამას საფუძველს მაშინ ვუყრით, როცა ბავშვები სუფთა ფურცლებივით არიან; ჩვენ ვასწავლით, რა და როგორ დაიმახსოვრონ. ასე ვიტყოდი: ნიჭი ქვეცნობიერის სისტემატური ვარჯიშის შედეგად განვითარებული შესაძლებლობაა. ნიჭის განვითარება მთელი ფილოსოფიაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომენტებს, ბავშვის ხასიათს, თვითრწმენას და ა.შ.
- თქვენ როგორი ბავშვი იყავით, რა გასწავლათ პირველმა მწვრთნელმა - მამამ?
- ჩემი წარმატებები, ის, რასაც ჭადრაკში მივაღწიე, დიდი ენერგიისა და შრომის შედეგია. ჩემს ოჯახს, განსაკუთრებით კი - დედას რომ არ "ებრძოლა" ამ ყველაფრისთვის, შესაძლოა, მოჭადრაკე არც გავმხდარიყავი. მამამ ჭადრაკით გართობა მასწავლა - პატარა ბავშვი ხომ დაფასა და ფიგურებს ისე უყურებს, როგორც სათამაშოს... შრომა, პროფესიული მიდგომა, ფიზიკური ვარჯიშის მნიშვნელობა და პროფესიონალ სპორტსმენად ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ყველა ფაქტორი კი ჩემი ბავშვობის მწვრთნელის - ლეონიდ ნეურონოვის დამსახურებაა!
- ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, საერთაშორისო პორტალზე www.chess.com დაიწყო ონლაინტურნირები ელვისებურ ჭადრაკში. როგორ ფიქრობთ, იქნება ინტერესი ამ ტურნირების მიმართ?
- ვფიქრობ, ინტერესი იქნება, მაგრამ მე არ ვენდობი ონლაინტურნირებს, რადგან ბევრი იყენებს კომპიუტერის დახმარებას და "ჩითერობს".
- სხვა მოჭადრაკეების მსგავსად, თქვენც გკითხავთ - ჭადრაკი სპორტია თუ ხელოვნება?
- როგორც მსოფლიო ჩემპიონი ტიგრან პეტროსიანი იტყოდა, ჭადრაკი ფორმით თამაშია, შინაარსით - ხელოვნება, ხოლო დაუფლების სირთულით - მეცნიერება. ჭადრაკში დიდი მნიშვნელობა აქვს გამძლეობასა და ფიზიკურ მომზადებას, ის სპორტის ინტელექტუალური სახეობაა.
- ალბათ, ხშირი ურთიერთობა გაქვთ უცხოელ მეგობრებთან, ინფორმაციას იღებთ როგორც ქართული, ისე სხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებიდან. რას ფიქრობთ იმ დიდ გამოწვევაზე, რასაც COVID-19 ჰქვია და რომელმაც, ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, ონლაინსწავლებაც საჭირო გახადა?
- ექსპერტებზე მეტს რას ვიტყვი?! ფაქტია, რომ ამ ქაოსური სიტუაციის დალაგებას, შემდეგ კი ეკონომიკური მდგრადობის მიღწევას რამდენიმე თვე კიდევ დასჭირდება. მეგობრები (საქართველოში თუ მის გარეთ) ვეხმიანებით ერთმანეთს და ვუზიარებთ ჩვენს აზრებს. ვცდილობთ, დავიცვათ ყველა მოწოდება და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს. ჩვენი გადარჩენა ჩვენს რწმენაშია! მიუხედავად უარყოფითი ფონისა, უნდა ვცადოთ და ერთმანეთს დადებითი ემოციები გადავცეთ.
- მეუღლე და ბავშვები როგორ ეგუებიან ახალ რეალობას? რა რეაქცია აქვს თქვენს სამ შვილს, როცა დედა მთელი დღის განმავლობაში სახლშია, მაგრამ მათთვის მაინც მხოლოდ დილა-საღამოს იცლის?
- სხვა გზა არ აქვთ. ონლაინგაკვეთილის დროს ნიკო დროდადრო შემოირბენს ხოლმე, ბავშვებს მიესალმება და გარბის. ისე კი ჩემს შვილებს ის უფრო უკვირთ, დედა ამდენი ხანი რომ არის სახლში და ტურნირებზე ან შეკრებაზე არ არის წასული.
- მსოფლიოში შექმნილი ვითარების ფონზე რთულია რამის დაგეგმვა და პროგნოზირება, მაგრამ მაინც გკითხავთ - როგორია თქვენი გეგმები?
- ამ ეტაპზე პროფესიული გეგმების განსაზღვრა შეუძლებელია. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წელს მნიშვნელოვანი ტურნირი ელოდა - მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა აგვისტოში უნდა გამართულიყო, თუმცა რამდენიმე დღის წინ ფიდემ ტურნირი ერთი წლით გადადო, ასე რომ, ჩემი უახლოესი გეგმა სახლში გამოკეტილი ბავშვების ჭადრაკში ჩართვაა (იცინის).
- საუბრის ბოლოს რას ეტყვის მათსავით "შინ გამოკეტილი" სალომე მელია თავის მოსწავლეებსა და თანამემამულეეებს?
- დარჩით სახლში! გავუფრთხილდეთ ერთმანეთს! დღეს ისე, როგორც არასდროს, გვჭირდება კარგი განწყობა და მეტი ლოცვა!
(სპეციალურად საიტისთვის)