მედვედევის სიმაღლეზე გათვლილი $63.5 მილიონიანი "დაჩა" და ქრთამად მიღებული კუნძული - რუსეთის ექსპრემიერის ზღაპრული ქონება
რუსეთის მმართველი პოლიტიკური ელიტის სიმდიდრეზე ლეგენდები დადის. ზუსტად არავის შეუძლია ამ ყველაფრის აღრიცხვა, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები მაინც შესაძლებლად აქცევს გარკვეულ კვალზე გასვლას და ამ ელიტის ქონების დადგენას.
ალექსეი ნავალნი, ალბათ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი რუსი ოპოზიციონერი (რომელსაც, როგორც წესი, არჩევნებამდე 10 ან 14 დღით აპატიმრებენ ხოლმე) სწორედ ამ საქმით არის დაკავებული. მისი ოპოზიციური საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რუსეთის პოლიტიკური ელიტის კორუფციაში მხილებაა.
ნავალნისა და პორტალ "პროექტის" ჟურნალისტების ბოლო გამოძიება რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის დიმიტრი მედვედევის ქონებას შეეხება.
მედვედევის რეზიდენცია მდებარეობს ასტრახანთან ახლოს, მდინარე ვოლგის შესართავთან და განლაგებულია ორ ხელოვნურ კუნძულზე, რომელთა საერთო ფართობი 27 ჰექტარია. 10 კილომეტრის რადიუსში რეზიდენციასთან არანაირი გზა არ მდებარეობს, შესაბამისად, იქ მოხვედრა შესაძლებელია ნავით ან ვერტმფრენით. მთავარი სახლი რეზიდენციაში 1 688 კვადრატული მეტრი ფართობისაა. კუნძულზე ასევე არის სპა კომპლექსი, საცურაო აუზით, 8 სახლი სტუმრებისთვის, მომსახურე პერსონალის საცხოვრებელი, რესტორანი, აბანო და 5D კინოთეატრი.
საინტერესო დეტალს აღნიშნავს ნავალნი: მომსახურე პერსონალმა დაადასტურა, რომ რემონტს მედვედევის მეუღლე ედგა სათავეში და ყველაფერი ქმრის სიმაღლეზე არის გათვლილი. ხელსაბანებიც კი სტანდარტულზე ბევრად დაბალ სიმაღლეზე არის გაკეთებული.
ადგილობრივებმაც დაადასტურეს, რომ აქ დიმიტრი მედვედევი წელიწადში რამდენჯერმე ჩადის.
კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ როგორც ნავალნის, ისე "პროექტის" ჟურნალისტების გამოძიება კუნძულსა და ბიზნესმენ ალიშერ უსმანოვს ერთმანეთთან აკავშირებენ. მიწა, რომელზეც მედვედევის რეზიდენცია მდებარეობს, ეკუთვნის რუსულ კომპანია ООО Лотос Проект-ს. ეს კომპანია ეკუთვნის კვიპროსზე გაფორმებულ ოფშორს RUETKA ASSETS LIMITED-ს. ეს ოფშორი ეკუთვნის მეორე კვიპროსულ ოფშორს WHITE PEAK (IOM) INVESTMENTS-ს. ეს უკანასკნელი კი ეკუთვნის მენის კუნძულზე არსებულ ფირმას WHITE PEAK (IOM) INVESTMENTS. ეს კი კიდევ ერთ ფირმას მენის კუნძულიდან WHITE PEAK (IOM).
იმედია არ დაიბენით, ეს ჯაჭვი კიდევ გრძელდება.
BBC-ს გამოძიების მიხედვით, მენის კუნძულებზე არსებული აღნიშნული ფირმები ერთი კომპანიის, Bridgewaters-ის მიერ იმართება, რომელიც ალიშერ უსმანოვს ეკუთვნის.
ალექსეი ნავალნი ამტკიცებს, რომ ეს კუნძული წარმოადგენს უსმანოვის მიერ მედვედევისთვის მიცემულ ქრთამს.
ნავალნის გამოძიების მიხედვით, რომელთაც შეძლეს 2013 წლის ბუღალტრული მონაცემების მოძიება, ეს რეზიდენცია $63.5 მილიონი ღირს.
ალექსეი ნავალნის გამოძიება: https://navalny.com/p/6330/#cut
პორტალ "პროექტის" ჟურნალისტების გამოძიება: https://bit.ly/2RJTuiP
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს