"ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?" - რას წერენ სომხურ გამოცემაში საქართველოზე? - კვირის პალიტრა

"ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?" - რას წერენ სომხურ გამოცემაში საქართველოზე?

სომხურ პრესაში გრძელდება კორონავირუსთან დაკავშირებული ისეთი მასალების გამოქვეყნება, რომლებშიც სომხეთის მდგომარეობა შედარებულია საქართველოში არსებულ სიტუაციასთან და ამ ფონზე ნიკოლ ფაშინიანის მთავრობაა გაკრიტიკებული. ერთ-ერთი ასეთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა 10 აპრილს გაზეთ "168 ჟამ"-ში ("168 საათი") სათაურით "ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?" (ავტორი - ვლადიმერ სარქისიანი, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

"პრემიერ-მინისტრს ტელეეკრანიდან არ უნდა ჭირდებოდეს ჩვენთვის იმის ახსნა, რაც ისედაც გასაგებია, შემდეგ სულ იმეოროს - "თუ... თუ... თუ...". ამა მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერი საკუთარ თავს გადაჭარბებულად იქებს. არამედ უფრო იმიტომ, რომ არსებული გარემოება არაორდინარულია და რამდენიმე უცნობიან მათემატიკურ ამოცანას ჰგავს.

თანაც ასეთ სიტუაციაში მოგებული დარჩება ის, ვინც სწორ გადაწყვეტილებას იპოვის და ამას რაც შეიძლება სწრაფად გააკეთებს, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის, ვინც მოვლენებს დროულად გაიაზრებს და წინმსწრები სახით იმოქმედებს. სწორედ ამითაც გამოიხატება სახელმწიფოს ძლიერი სოციალური პოლიტიკა.

დღეს ყოველი სახელმწიფოს ხელისუფლება უფრო მეტად ადამიანებზე, ხალხზე ფიქრობს, მთავრობის პრიორიტეტი მათი სიცოცხლის გადარჩენაა და არა იმდენად ტურიზმი და მრეწველობა, რომლებიც, სამწუხაროდ, თვალდათვალ ინგრევა. დღეს სახელმწიფოსათვის ყველაზე ძვირფასი მისი მოქალაქეები არიან, რომლებიც, მოვა დრო და დანგრეულ ეკონომიკას აღადგენენ. დღეს საზრუნავია ერთი ცალკე აღებული ადამიანი, საარსებო საშუალების გარეშე დარჩენილი.

ჩვენ ვებრძვით მტერს, რომელიც დაუსჯელად ანადგურებს ჩვენს მთავარ სიმდიდრეს - ქვეყნის მოქალაქეებს. დაუსჯელად, რადგან ადამიანის იმუნური სისტემისათვის "კოვიდ-19"-ის შტამი უცნობია და მას წინააღმდეგობას ვერ უწევს. ვაქცინის იმედი კი უახლოეს პერსპექტივაში არ უნდა გვქონდეს. ამ დროს ვირუსით დაავადებული ავადმყოფი იმ უიარაღო ადამიანს ჰგავს, ვინც ავტომატით შეიარაღებული მტრის წინ დგას.

მოკლედ, მოსახლეობის სოციალური დახმარების გაწევა აუცილებელი ხდება, თანაც უანგაროდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე - რეალური ფასების შენარჩუნებით სურსათზე და სხვა პროდუქტებზე, სხვადასხვა მომსახურებაზე. ასე აკეთებენ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნები... ამასთან, გაუგებარია: რატომაა, რომ სომხეთი, რომელიც ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია, მათი რიგიდან ამოვარდნილია და გამონაკლისს წარმოადგენს?

მაგალითისათვის:

ინგლისი ბიუჯეტიდან უხდის ფულს სამსახურდაკარგულ მოქალაქეებს და ეს ფული კრიზისამდელი ხელფასის 80%-ს უდრის; ასევე აკეთებს გერმანიაც, რომელიც აქტიურად ეხმარება როგორც მოქალაქეებს, ასევე მიკროსაწარმოების მფლობელებს; საქართველო თავის მოსახლეობას სახელმწიფო სახსრებიდან უფარავს კომუნალურ გადასახადებს სამი თვის განმავლობაში - ელექტრონერგიაზე, ბუნებრივ გაზზე და სასმელ წყალზე. სომხეთში კი პირიქით - გაზზე ფასები მატულობს...

გვესმის, რომ სომხეთი ინგლისი ან გერმანია არ არის, მაგრამ საქართველო ხომ ჩვენსავით პოსტსაბჭოთა ქვეყანაა?

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ნიკოლ ფაშინიანისაგან განსხვავებით, გიორგი გახარია რაღაც მიკიბულ-მოკიბულად კი არ ლაპარაკობს და რაღაც გაუგებარ სქემებს კი არ იგონებს (მათში უფრო მეტი სიტყვაა, ვიდრე საქმე!), არამედ შექმნილი გარემოების დრამატულობას მთელი თავისი არსებით გრძნობს და საკუთარ თანამემამულეებს, სომხეთის პრემიერისაგან განსხვავებით, სერიოზულ ფინანსურ და მატერიალურ მხარდაჭერას უწევს პრეფერენციების სახით.

ასე რომ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, უფრო მეტიც - ვალდებულები არიან თავიანთ პრემიერ-მინისტრს ჰკითხონ: "ფაშინიან! რით არიან სომხეთის მოქალაქეები საქართველოს მოქალაქეებზე ნაკლები?".

და ეს რიტორიკული კითხვა არ არის - იმიტომ, რომ თუ ხალხს ვერ გადავარჩენთ, სახელმწიფოს დავკარგავთ". (წყარო)

იხილეთ ასევე: რა უპასუხა ფაშინიანმა შეკითხვას - რატომ არ სთხოვს დახმარებას სომხეთი საქართველოს კორონავირუსთან ბრძოლაში?

მოამზადა სიმონ კილაძემ