"არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას - ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ მას თურნავას პირბადე დაერქვას"
არ ვისურვებდი, რომ საქართველოში წარმოებულ პირბადეს ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ მას თურნავას პირბადე დაერქვას, - ამის შესახებ დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც "შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ.
დეპუტატმა განსახილველ კანონპროექტთან ერთად, საქართველოში წარმოებული პირბადეებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ის არც "თურნავას პირბადეს" გაიკეთებს და არც კანონპროექტს დაუჭერს მხარს.
"იმდენი შენიშვნა იყო გამოთქმული ამ კანონპროექტის მიმართ, მე პირადად უფლებას ვიტოვებ, ეჭვი შევიტანო იმაში, რომ ყველა შენიშვნა იქნება გათვალისწინებული. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეს კანონპროექტიც არის რაღაცნაირად კოჭლი კანონპროექტი. ჩვენ ქართულ პირბადეს უფრო ჰგავს, თუმცა მე არ ვისურვებდი, რომ მას ქართული პირბადე ერქვას, რადგან ეს გარკვეულად აკნინებს ქართული პროდუქციის იმიჯს. ალბათ, უფრო სწორი იქნება, რომ თურნავას პირბადე დაერქვას, მით უფრო რომ ამაყობს ქალბატონი მინისტრი ამ პირბადით, რომელსაც სამწუხაროდ, გვირისტიც კი არ აქვს ისე გაკეთებული, რომ დოლბანდის ძაფების არ იყოს გამოძენძილი იქიდან. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ესეც, მიუხედავად იმისა, რომ სათაური აქვს ენერგოეფექტურობის შესახებ, ეფექტური კანონი ვერ იქნება და ამდენად, მე თავს შევიკავებ თურნავას პირბადის გაკეთებსიგანაც და ამ კანონპროექტზე თანხმობის მიცემისგანაც", -აღნიშნა ნატო ჩხეიძემ.
შეგახსენებთ, რომ "შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ" კანონპროექტის თანახმად, 2024 წლიდან ახალ შენობებს, ასევე იმ შენობებს, რომელთაც მნიშვნელოვანი რეკონსტრუქცია უტარდებათ, ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულება დაეკისრებათ.
"ინტერპრესნიუსი"