"რეანიმაციული პაციენტებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი. სავარაუდოდ, ის კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება" - კვირის პალიტრა

"რეანიმაციული პაციენტებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი. სავარაუდოდ, ის კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი მოათავსეს.

ამასთან, როგორც რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, 4 პაციენტი მართვით სუნთქვაზეა, ორი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

"ასევე ორის მდგომარობა სტაბილურად მძიმე რჩება, ჰემოდინამიკის პარამეტრები შედარებით გაუმჯობესებულია. გვყავს კიდევ ერთი პაციენტი - 46 წლის, რომელთანაც სახეზეა ორმხრივი მწვავე პნევმონია, კორონავირუსით ინფიცირებულია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა შეიძლება, სტაბილურად ჩაითვალოს, არ საჭიროებს მაღალი კონცენტრაციის ოქსიგენოთერაპიას. კლინიკაში რჩება ორსული პაციენტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. ასევე გვყავს სამი მოზარდი, მინდა გითხრათ, რომ სამივე მოზარდთან ჩატარებული კვლევების შედეგად, რომელიც დღეს მივიღეთ, არცერთთან პათოლოგია არ ვლინდება, ასევე არ არის კლინიკური გამოვლინებები. შემოსული პაციენტებიდან ყველასთან გრძელდება სიმპტომურად მკურნალობა", - აცხადებს რატიანი.

ამასთან, ლევან რატიანის განცხადებით, რამდენიმე დღეში კლინიკას 81 წლის ქალი დატოვებს.

"რეანიმაციული პაციენტებიდან გადმოვიყვანეთ 81 წლის ქალბატონი, რომელიც ჩვენს კლინიკაში 18 დღის წინ, თერაპიიის განყოფილებაში, დაკვირვების მიზნით შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ის კლინიკიდან რამდენიმე დღეში გაეწერება", - აცხადებს რატიანი.

"ინტერპრესნიუსი"