კორონავირუსი და მიუსაფარი ბავშვები - რა მდგომარეობაში არიან ისინი?
მსოფლიოში კორონავირუსული პანდემიის გამო ვითარება საკმაოდ რთულია. არსებული სტატისტიკით, ინფექცია ყველაზე ნაკლებად ერჩის ბავშვებს, თუმცა, სამწუხაროდ, ისინიც არ არიან ხელშეუხებელნი და მათი დაინფიცირების შემთხვევებიც საკმაოდ მაღალია, თუმცა მათთან უმეტესად მსუბუქად მიმდინარეობს დაავადება. საქართველოში ქუჩაში ცხოვრება თუ მუშაობა ჩვენში საკმაოდ ბევრ არასრულწლოვანს უწევდა და უწევს დღესაც საგანგებო მდგომარეობის პირობებშიც.
"ჩემს ნახატებს ვყიდი, ზოგი 20 თეთრს მაძლევს, ზოგი - 50 - ს"
ლაშა 6 წლის იყო, დედამ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში, დიდი სუპერმარკეტის წინ რომ დააყენა და გამვლელებისთვის ნახატების მიყიდვა დაავალა. აღებული თანხა კი დედისთვის უნდა მიეტანა. "მუშაობას" მაშინ იწყებდა, როდესაც სუპერმარკეტში ხალხის რაოდენობა მატულობდა.
"ჩემს ნახატებს ვყიდი, ზოგი 20 თეთრს მაძლევს, ზოგი 50 -ს , ზოგიერთს ერთი ლარი ან უფრო მეტი ემეტება.
ტკბილეულსაც მჩუქნიან, მაგრამ ჩვენ ფული გვირჩევნია. დედა იქვე ტრიალებს, ზოგჯერ მანქანაში ზის და მელოდება, მაკვირდება როგორ ვმუშაობ. ერთ საღამოს 50 ლარი ვიშოვე..." - მოგვიყვა ლაშა, რომელიც ალბათ ახლაც ქუჩაშია და ცდილობს ოჯახისთვის პურის ფული იშოვოს.
ლაშა ერთადერთი არაა, ვინც ამ გზით შოულობს ფულს. მისნაირად ქუჩაში, მშობლების თანხმობით და მონაწილეობით, თუ ამის გარეშე, ბევრი "მუშაობს". მათ შორისაა ლაშას ძმაც.
ეს რეალური ამბავია, რეალური ბიჭით, მაგრამ შეცვლილი სახელით. ქუჩაში მომუშავე და მცხოვრებ ბავშვებზე ცოტა რამ ვიცით, ისინი საზოგადოების ნაწილისთვის, კრიმინალები და ავაზაკები არიან. სტიგმატირებული მოზარდები კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ვარდებიან. რატომ ცხოვრობენ ქუჩაში, როგორ აღმოჩნდნენ, ვინ და როგორ ზრუნავს მათზე.
სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) ხელმძღვანელ ნინო თოდუასთან ინტერვიუ დღეს შექმნილი ვითარებით დავიწყეთ, ის, კოლეგებთან ერთად, 10 წელია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებზე ზრუნავს.
- ახლა ვახდენთ რესურსების მობილიზებას, რადგან შექმნილ ვითარებაში მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ დაცვა. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ბავშვები არ გამოვიდნენ ქუჩაში და მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია. პრობლემაა ასევე ისიც, რომ ისინი ნაკლებად აცნობიერებენ კორონა ვირუსით გამოწვეულ საფრთხეებს, ხშირ შემთხვევაში კი ინფორმაციაც არ აქვთ. რაც შეეხება დღის ცენტრებში მყოფ ბავშვებს. ორგანიზაციამ "ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის" მულტი გუნდთან ერთად შეიმუშავა დისტანციური სწავლების გეგმა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას პროგრამაში ჩართულმა პროგრამის სპეციალისტმა და ბავშვებმა, სასწავლო პროცესი ცენტრებიდან გაუსვლელად დისტანციურად წარმართონ საგანმანათლებლო პროცესი. კორონავირუსის გავრცელების გამო მიუსაფარი და უსახლკარო ბავშვებისათვის სახელმწიფო მხრიდან სპეციალური საკარანტინე სივრცე გამოიყო თბილისში, სადაც ისინი 14-დღიან საკარანტინე პერიოდს გადიან, რომლის დასრულების შემდეგ ბავშვები სხვადახვა დაწესებულებაში ნაწილდებიან. დღეის მდგომარეობით, 8 ბავშვია აღნიშნულ სივრცეში.
აქვე, მინდა, მივმართო საზოგადოებას, გთხოვთ ამ რთულ პერიოდში როდესაც ნახავთ ბავშვს, მოზარდს ქუჩაში, მაშინვე მიიღეთ სათანადო ზომები. ნუ გაუწვდით ფულს, დარეკეთ ცხელ ხაზზე 15-05 ან 112 და მოითხოვეთ ბავშვის გადაყვანა ზრუნვის სისტემაში. შესაძლებელია ეს პროცესი გაიწელოს სამართალდამცავების მხრიდან, რამდენჯერმე გადაამოწმონ თქვენთან ეს ინფორმაცია, მაგრამ ნუ დაგეზარებათ. მხოლოდ ამ გზით დავეხმარებით ჩვენს მიუსაფარ ბავშვებს.
აქვე გეტყვით, რომ 2012-2013 წლებიდან მოყოლებული საქართველოში სხვადასხვა სახელმწიფო სერვისები ამოქმედდა - 24-საათიანი თავშესაფარი კრიზისში მყოფი ბავშვებისთვის, დღის ცენტრები, მინდობით აღზრდა და მცირე საოჯახო ტიპის სახლები. ამ პროცესში ჩართულია ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები. სულ საქართველოს მასშტაბით 6 დღისა და 24-საათიანი თავშესაფარია. 4 თბილისში, 1 ქუთაისში და 1 რუსთავში. სამწუხაროდ, ბათუმში ასეთი ცენტრი არ არის. სოციალური მომსახურების სააგენტო გვპირდება, რომ გაიხსნება და ჩვენც ველით.
- როგორ ხვდება ბავშვი თავშესაფარში?
- თუ ბავშვი ქუჩაშია, არ აქვს მნიშვნელობა მშობლები ჰყავს თუ არა, რადგან თუ ის ქუჩაშია, არ აცვია სეზონურად და იკვეთება შრომითი ექსპლუატაცია, ეს ნიშნავს, რომ მას უკვე პრობლემა აქვს! სახელმწიფო სოციალური მუშაკი, მობილური ჯგუფი ვალდებულია ასეთი ბავშვები გადაიყვანოს დღის ცენტრში! მოგეხსენებათ, რომ არიან ბავშვები, რომლებზეც სახელწიფოს თავიდან ბოლომდე აქვს პასუხისმგებლობა აღებული და მისი კანონიერი მეურვე ხდება სოციალური მუშაკი. მინდა გითხრათ, ისიც, რომ არიან ბავშვები, რომლებსაც ჰყავთ მშობლები, თუმცა ოჯახში უგულებელყოფილნი არიან და სასტიკი მოპყრობის პირობებში უწევთ ცხოვრება. მიმაჩნია, რომ ბავშვი მხოლოდ ყველაზე უკიდურესს შემთხვევაში უნდა გამოიყვანონ ოჯახიდან. ვფიქრობ, უაღრესად მნიშვნელოვანია, პრევენციული ზომების გატარება. ჩვენ ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვის ოჯახიდან გამოყვანაზე მეტად ვიზრუნოთ ოჯახის გაძლიერებაზე.
- თუ გვაქვს ზუსტი მონაცემები, რამდენი ბავშვია დღეს ქუჩაში?
- სამწუხაროდ, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ზუსტი რიცხვი უცნობია. 2007-2008 წლებში ჩატარებული კვლევის თანახმად მათი რიცხვი 1500-1600 - ია. დღესდღეობით თავშესაფრებში 82 ბავშვი ირიცხება, რაც ძალიან მცირე რაოდენობაა. ვხედავთ, რომ გაცილებით მეტი ბავშვია ქუჩაში. მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ მზრუნველობა და სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა.
- რას სთავაზობს სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს?
- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2015 წელს სკოლის მიღმა დარჩენილი და მიუსაფარი ბავშვებისათვის დაიწყო ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა ჩვენს ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.
დღისა და 24-საათიან თავშესაფარში, მუშაობენ ჩვენი სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით. თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე ვადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო - სამოქმედო გეგმას. ვამეცადინებთ მათ საგნებში. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მოზარდების საზოგადოებაში ინტეგრირება. პერიოდულობით ვგეგმავთ და ვმართავთ სპორტულ-კულტურულ ღონისძიებებს, რომელიც მიუსაფარი ბავშვებისა და მათი თანაკლასელების მონაწილეობით ხორციელდება.
იმ სკოლებში, სადაც მიუსაფარი ბავშვები სწავლობენ, აქტიურად ვთანამშრომლობთ პედაგოგებთან. ვატარებთ ტრენინგებს, გვაქვს ასევე სამუშაო შეხვედრები, რაც ძალიან კარგია. სკოლაში უამრავი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს და ვცდილობთ მყისიერ რეაგირებას, რათა დავეხმაროთ როგორც სკოლის პედაგოგებს, ასევე ბავშვებს არ გაუჩნდეთ სურვილი კვლავ ქუჩაში დაბრუნების.
- რომელია ყველაზე რთული ასაკი და საინტერესოა თავშესაფრებში გოგონები ჭარბობენ თუ ვაჟები.
- 10-დან 14 წლამდე არის ყველაზე კრიტიკული ასაკი. ხშირად სწორედ ამ ასაკში "გარბიან" სახლიდან და ქუჩაში ცხოვრებას იწყებენ. ამ დროს მოზარდები სამწუხაროდ სხვადასხვა დაჯგუფების წევრები ხდებიან. სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ მყოფ მოზარდებში კი ჭარბობენ ვაჟები.
- თქვენ ბრძანეთ, რომ ეს მოზარდები, სამწუხაროდ სხვადასხვა დაჯგუფებების წევრები ხდებიან, რატომ, რა უბიძგებთ ამისკენ?
- ბავშვები, რომლებიც სახელმწიფოს მზრუნველობის ქვეშ არიან, უზრუნველყოფილნი არიან ტანსაცმლით, საკვებით. საშუალება აქვთ მიიღონ ზოგადი განათლება, დაკავდნენ სპორტით, აქვთ შესაძლებლობა ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებელში და შემდეგ დასაქმდნენ, მაგრამ მეორე საკითხია, რა ასაკიდან ერთვება ამ პროგრამაში ბავშვი? არასრულწლოვანს, რომელსაც ქუჩაში ხანგრძლივი ცხოვრების გამოცდილება აქვს და მერე ერთვება ამ სისტემაში, მისი ცხოვრების წესის შეცვლა მეტად რთულია. ის არის საზოგადოებიდან გარიყული. ბევრი აგრესია აქვს მიღებული, ოჯახიდან, სკოლიდან, მეზობლიდან თუ ქუჩიდან. შესაბამისად, ისინი უპასუხოდ არ ტოვებენ ამ აგრესიას. თავიანთი გზით ცდილობენ თავის დამკვიდრებას. მაგალითად, არიან ბავშვები, რომლებსაც სპეციალურად მოუპარავთ, მეგობრებში "ავტორიტეტულები" რომ ყოფილიყვნენ. ყველაზე მნიშვნელოვანია, სოციალური მუშაკის როლი ამ ბავშვებთან მუშაობის პროცესში. საათობით უნდა ესაუბრო, იმუშაო ბავშვთან, მის ოჯახთან, დიდი რესურსი სჭირდება ამ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია. არის შემთხვევები, როცა ჩვენი მიუსაფარი ბავშვი არაფერ შუაშია იმ კონკრეტულ შემთხვევასთან და შეძლებული ოჯახის შვილები სჩადიან დანაშაულს, მაგრამ სამწუხაროდ, მიუსაფარ ბავშვებს ბრალდებათ. თუმცა, ხელაღებით ვერ ვიტყვით რომ მიუსაფარი ბავშვები არ სჩადიან დანაშაულს - სჩადიან, სამწუხაროდ. კანონებიც ძალიან კარგად იციან, ისიც, რა ზომის და ფორმის ცივი იარაღი ატარონ. მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთ თავზე მოირგონ კანონები. მხოლოდ კანონის გამკაცრება არ მოაგვარებს ყველა პრობლემას, მიდგომები უნდა შევცვალოთ...
- ალკოჰოლს, თამბაქოს თუ ეტანებიან?
- სამწუხაროდ, ბავშვების უმრავლესობა, ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით ცდილობს გაბრუებას. ერთეულ შემთხვევაში გვაქვს, როცა სხვადასხვა ნივთიერებებზე არიან დამოკიდებული. ამიტომ, როცა ბავშვს ნახავთ ქუჩაში ნუ მისცემთ ფულს, იმისთვის რომ პრობლემები შეუქმნას საკუთარ თავს.
ლამუნა ირემაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)