"ქუჩებში ხალხმრავლობაა, ბაზართან პოლიციის მობილიზება დაგვჭირდა - თუ ასე გაგრძელდა, ზუგდიდის ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს" - კვირის პალიტრა

"ქუჩებში ხალხმრავლობაა, ბაზართან პოლიციის მობილიზება დაგვჭირდა - თუ ასე გაგრძელდა, ზუგდიდის ბაზრის დაკეტვა მოგვიწევს"

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში დარჩნენ სახლში, სახლიდან გასვლის დროს კი დაიცვან სოციალური დისტანცია.

მისი განცხადებით, რეგიონში მოქალაქეთა გადაადგილება გახშირდა, რის გამოც იძულებული არიან, ბაზრის დახურვის საკითხი განიხილონ.

"ქალაქში მომრავლებულია ავტომობილები, ქუჩებში აღინიშნება ხალხმრავლობა, დაგვჭირდა პოლიციის სრული მობილიზება ბაზართან, სამწუხაროდ პოლიციას მოუწია ჯარიმების გამოწერაც! კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ მოსახლეობას - დაიცვან დისტანცია. ჩვენ ბაზრის ნაწილობრივ ამუშავების გადაწყვეტილება მივიღეთ სწორედ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობას ჰქონოდა საშუალება, ბაზარში შეეძინათ პროდუქტები, მაგრამ სამწუხაროდ ის, რაც ხდება დღეს ბაზართან, ძალიან ცუდია, გვიწევს ისევ პოლიციის ძალების მობილიზება და ამ საქმეში მათი რესურსის დახარჯვა. ამ საკითხს განვიხილავთ პოლიციასთან ერთად, თუ პოლიცია ჩათვლის საჭიროდ, რომ სიტუაციის გაკონტროლება იქნება შეუძლებელი, ჩვენ მოგვიწევს ბაზრის დაკეტვა. მე ძალიან მინდა ვთხოვო ჩვენს მოსახლეობას, გაითვალისწინონ იმ მეწარმეების მდგომარეობა, ვინც ბაზარში არიან დასაქმებულნი, მათაც უჭირთ. არადა საუბარია ელემენტარული 2-მეტრიანი დისტანციის დაცვაზე და მოწესრიგებულად ბაზარში შესვლაზე. ჩვენ ვერ გამოვიყენებთ პოლიციის სრულ რესურს ბაზრის გაკონტროლებაში, რადგან მათ მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე უწევთ რეაგირების მოხდენა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ალექსანდრე მოწერელიამ.

სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის შესაძლო ჩაკეტვის საკითხზეც ისაუბრა.

“რაც შეეხება ქალაქის ჩაკეტვას - ვითარება ძალიან სწრაფად იცვლება და გამორიცხული არაფერი არ არის. ფაქტია, რომ არის ქალაქში ხალხმრავლობა და მოურიდებლობა. რაც შეეხება სასაფლაოებს - სასაფლაოები დაიკეტება იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდება მსგავსი ხალხმრავლობები და გადაადგილებები. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება, სახელმწიფოს ინტერესი არ არის შეზღუდვები, მაგრამ სამწუხაროდ ზოგიერთი მოქალაქე იქცევა უპასუხისმგებლოდ და მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დარჩნენ სახლში, ნუ შეუქმნიან პრობლემას სხვებს და საკუთარ თავს“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

მოწერელიას კომენტარს სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი ავრცელებს.