ქართველი პროფესორის უახლესი გამოგონება პორტატული სასუნთქი აპარატი - ვინ არის მეცნიერი, რომლის გამოგონებითაც დონალდ ტრამპიც დაინტერესდა?
პროფესორი თემურ მაისურაძე არაერთი უნიკალური და საინტერესო გამოგონების ავტორია. თავის დროზე მისი გამოგონებით აშშ-ის პრეზიდენტი - დონალდ ტრამპიც კი დაინტერესდა... ამჟამად ბატონმა თემურმა ახალი, პორტატული სასუნთქი აპარატი შექმნა, რომელიც განსაკუთრებით ძვირფასია დღეს, როცა მთელი მსოფლიო Covid - 19-ის წინააღმდეგ იბრძვის. რას წარმოადგენს პორტატული სასუნთქი აპარატი? - ამის თაობაზე ბატონი თემურის ინტერვიუდან შეიტყობთ.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ამ აპარატის შექმნის იდეა მეგობართან საუბრის მერე გამიჩნდა, რომელიც მიყვებოდა, რომ დონალდ ტრამპმა 2 ტრილიონ დოლარზე მეტი გამოყო არა მარტო ეკონომიკის მხარდასაჭერად, არამედ ინოვაციური სამედიცინო აპარატურის შესაქმნელად. პრეზიდენტმა "ჯენერალ მოტორსის" ხელმძღვანელობასაც მოსთხოვა - არ მინდა თქვენი თვითმფრინავები, არც ძრავები, სასწრაფოდ სასუნთქ აპარატებზე დაიწყეთ მუშაობაო. მეც ჩავუჯექი ამ მოწყობილობას, მისი ფუნქციები გულდაგულ შევისწავლე..."
"მსოფლიოში ბევრი ტიპის სასუნთქი აპარატი არსებობს. მათი ფუნქციური დანიშნულება სხვადასხვაგვარია. დღეს მთავარი ამოცანა იცით, რა არის? - ადამიანებმა თავად უნდა შეძლონ ასეთი აპარატის გამოყენება, თუ საავადმყოფოებში პაციენტების რაოდენობა მოიმატებს. ჩვენ ვხედავდით ევროპის ქვეყნებს, სადაც პაციენტებისთვის ადგილიც აღარ ჰქონდათ. ეს აპარატი გამოდგება ნებისმიერი პანდემიის დროს..."
"ცოტა ხნის წინ თავად ეკონომიკის მინისტრმა - ნათია თურნავამ დამირეკა. მასთან შეხვედრაც მქონდა და მითხრა, რომ ჯერ საცდელ ნიმუშს დაამზადებენ და თუ საჭირო გახდება, საქართველო ამ აპარატის სერიულ წარმოებასაც დაიწყებს. ვფიქრობ, ეს სწორი ნაბიჯია, სწორედ ასე უნდა მივუდგეთ ინოვაციებს და გამოგონებებს..."
"ეს გახლდათ მართვადი გამჭვირვალობის მინა, რომელიც ეკონომიურიცაა და კომფორტულიც. მისი გამოყენება არა მარტო შენობებში, არამედ - ავტომობილებსა და თვითმფრინავებში შეიძლება. მაშინ ოპოზიციაში ვიყავი, კერძოდ, "ეროვნული ფორუმის" წევრი გახლდით. ტრამპთან შესახვედრად ბათუმში უნდა ჩავსულიყავი და ეს მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელმა მაცნობა. ის დრო იყო, როცა შეიძლებოდა ეს გამოგონება ჩემთვის საერთოდ წაერთმიათ. გაუგებრობას თავი ავარიდე, რადგან იქ ჩასვლა და სააკაშვილის ხალხთან შეხვედრა ჩემთვის სარისკო იყო..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 აპრილის ნომერში წაიკითხავთ.
ხათუნა ჩიგოგიძე