"შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს - თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისა და სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან" - კვირის პალიტრა

"შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს - თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისა და სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან"

"საკუთარი სურვილის დაკმაყოფილება თუ ეს სხვის ჯანმრთელობას ხიფათს შეუქმნის, რა მიზეზითაც არ უნდა გავამართლოთ, დაუშვებელია. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს," - ამის შესახებ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძე აცხადებს, თუ საფრთხე სწორად არ იქნა შეფასებული და მთელი საზოგადოების ქმედება არ იქნება ადეკვატური, შესაძლოა, კატასტროფული შედეგი დადგეს.

"ეპიდემიას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია და უკვე 130 000 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა. გარდაცვლილი განსაკუთრებით ბევრია მშობლების თაობიდან. ექიმებს საკმაოდ დიდი ბრძოლა უწევთ პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად და ზოგჯერ ამ ბრძოლას თვითონაც ეწირებიან. პანდემია, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანასაც ეწვია, მაგრამ საბედნიეროდ საქართველო ეპიდემიოლოგიურად, შედარებით კარგად გამოიყურება. აქამდე მიღწეული შედეგი სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და რამდენი იქნება საჭირო, სასურველი შედეგის მისაღწევად, არავინ იცის. თუ წინააღმდეგობა სწორად არ იქნა შეფასებული და საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენლის ქმედება არ იქნა ადეკვატური, შესაძლოა შედეგი კატასტროფული შედეგიც კი დადგეს",- განაცხადა ხუნდაძემ.

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ამ ბრძოლაში მთავარი იარაღი ფიზიკური დისტანცირებაა. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საზოგადოებამ თავი უნდა შეიკავოს როგორც ტაძრებში თავყრილობისგან, ასევე სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან.

"ახლოვდება დღეები, რომელსაც ტრადიციულად, წარსულში ყველა ერთად აღვნიშნავდით, მაგრამ ეს დღეს სახიფათოა. შესაძლოა, დღესასწაული ტრაგიკული დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდეს. თავი უნდა შევიკავოთ ტაძრებში თავყრილობისგან, სასაფლაოებზე მასიური გასვლისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა შემდეგ უფრო მეტ საფლავზე მოგვიწიოს მისვლა. მიჭირს ასე მძიმედ საუბარი, მაგრამ გაუფრთხილებლობამ შესაძლოა, ეს რეალობად აქციოს. სჯობს დროულად მოვითმინოთ, ვიდრე უდროოდ ვინანოთ. თანაც, სამწუხაროდ, არც ისე ბევრნი ვართ. თუ ვირუსმა მასიური გავრცელების სახე მიიღო, შესაძლოა, ჯანდაცვის სექტორმაც ვერ გაუძლოს მძიმე გამოწვევას და კიდევ უფრო ცოტანი დავრჩეთ. დავრჩეთ სახლში და ამ ფორმით ვიზრუნოთ ერთმანეთზე. ყველა ერთად კი, გავუფრთხილდეთ ქვეყნის მომავალს",- განაცხადა ხუნდაძემ.

აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.