როგორ გადმოვწეროთ აპლიკაცია, რომელიც შესაძლებლობას იძლევა გავიგოთ, გვქონდა თუ არა კონტაქტი COVID 19-ით ინფიცირებულთან
ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს, იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულთან.
კერძოდ, როგორც ჯადაცვის სამინისტროში აღნიშავენ, დღეიდან ამოქმედდა აპლიკაცია STOP COVID, რომელიც კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით, ვირუსის გავრცელების შეკავების შესაძლებლობას იძლევა.
როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, ეს აპლიკაცია სრულად იცავს პერსონალურ ინფორმაციას.
"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აპლიკაცია, რომელიც წარმატებით იქნა გამოყენებული როგორც სამხრეთ კორეის, ასევე იაპონიის მხრიდან და ამ ქვეყნების მაგალითი ნამდვილად არის უპრეცედენტო თავისი მაჩვენებლებით. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ებრძოლონ და პრევენციული ღონისძიებები გაატარონ კოვიდის ინფექციის გავრცელების მხრივ. ეს აპლიკაცია გახლავთ ევროპულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით შექმნილი, რომელიც სრულიად იცავს ჩვენს პერსონალურ ინფორმაციას, რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საშუალებას იძლევა, რომ გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარი ჯანმრთელობის უსაფრთხოებას, ასევე მოვახდინოთ ჩვენი ახლობლებისა და იმ კონტაქტების ინფორმირება ჩვენი ინფიცირების შემთხვევაში, რაც მნიშნველონლად აუმჯობესებს ხარისხს კონტაქტების ამოცნობის მხრივ და ასევე იმ ინფექციის გავრცელების ჯაჭვის აღმოფხვრის მხრივ, რომელიც მნიშნველოვანი არის კოვიდ-19-ის ინფექციასთან ბრძოლაში. მე მინდა, მადლობა გადავუხადო ავსტრიელ კოლეგებს იმ გაწეული შრომისა და დახმარებისთვის, რომელიც მათ ჩვენთან გასწიეს და ასევე მადლობა მინდა გადავუხადო სამინისტროს იმ ჯგუფს, რომელიც ამ პერიოდის მანძილზე 24 საათის განმავლობაში მუშაობდა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ჰქონოდათ, ქართულ ენაზე და შეუფერხებლად მიეღოთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჭირო და ასევე ესარგებალთ ამ აპლიკაციის დადებითი შედეგებით", - განაცხადა მინისტრმა.
ჯანდაცვის სამინისტრო საქართველოში აპლიკაცია STOP COVID ამოქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
"STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით ინოვაციური აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS-ისა და ანდროიდის მომხმარებლებისთვის. აპლიკაციის გადმოსაწერად iOS-ის მომხმარებელმა App Store-ზე უნდა ჩაწერონ STOP COVID, ხოლო ანდროიდის მფლობელებს, მისი გადმოწერა Google Play-დან შეეძლებათ NOVID20-ის დასახელებით. დამატებით გადმოსაწერი ლინკები განთავსებულია ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე www.moh.gov.ge და ასევე მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე https://stopcov.ge/
აპლიკაცია გადმოწერისა და დაინსტალირების შემდეგ რეგისტაციას არ მოითხოვს. შესაბამისად მომხმარებელი არ უთითებს პირად ინფორმაციას. აპლიკაცია თითოეული მომხმარებლისთვის ქმნის უნიკალურ ID-ს, რომლის მეშვეობითაც განსაზღვრავს სოციალურ კონტაქტებს. ყველა მონაცემი ინახება მობილურ ტელეფონში, ლოკალურად, კოდირების მძლავრი სისტემის გამოყენებით. მომხმარებლებს აქვთ სრული კონტროლი თავიანთ მონაცემებზე და თავად შეუძლიათ გადაწყვიტონ როდის და რა ინფორმაციის გამჟღავნება სურთ. სისტემა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს პერსონალური მონაცემთა დაცვის ევროპულ კანონმდებლობასთან თანხვედრას.
იმის დასადგენად თუ რომელი სმარტფონები, იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სიახლოვეში გამოიყენება Bluetooth, GPS და სხვა ტექნოლოგიები. აპლიკაციის მომხმარებლებს შორის ინტერაქციის შესახებ ინფორმაცია - კონტაქტის თარიღი, გარკვეული ხანგრძლივობისა (15 წუთზე მეტი) და დისტანციის მქონე შემთხვევები (2 მეტრზე ნაკლები), დაშიფრული სახით, ინახება ადგილობრივად, ორივე მომხმარებლის აპლიკაციაში. თუ რომელიმე ადამიანს დაუდასტურდება COVID-19, ის პირები, რომელთაც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ აღნიშნულ დადასტურებულ შემთხვევასთან, აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ გაფრთხილებას, ინსტრუქციით - დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუყოვნებლივ მიმართონ შესაბამის ორგანოებს.
აპლიკაცია ავსტრიულმა კომპანიამ შეიმუშავა და ლიცენზიის საფასურის გადახდის გარეშე, სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისთვის ხელმისაწვდომი გახადა. მოხდა აპლიკაციის სრულ შესაბამისობაში მოყვანა ქართულ რეალობასა და კანონმდებლობასთან.
აპლიკაციის მსგავსი მოდელი, უკვე წარმატებით დანერგა და გამოიყენა არაერთმა ქვეყანამ, მათ შორისაა იაპონია, სამხრეთ კორეა, სინგაპური და სხვა.
აპლიკაციის გადმოწერა ანდროიდის მომხმარებლებისთვის შესაძლებელია ბმულიდან - https://bit.ly/3bkYphX
iOS ის მომხმარებლებს აპლიკაციის გადმოწერა შეუძლიათ - https://apple.co/2V92MXw ", - აღნიშნავენ სამინიტროში.