მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა ჩვენივე სიკეთისთვის!
13 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით "ბიბლიის განმარტებების“ მერვე ტომს გაზეთ "კვირის პალიტრასთან“ ერთად შეიძენთ. ამ ტომში დავით მეფის ფსალმუნთა (11-20 კანონების) განმარტებები შევიდა.
ფსალმუნთა განმარტებები ეყრდნობა წმინდა ათანასე დიდის, იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, ექვთიმე ზიგაბენის და სხვა მამების კომენტარებს.
როგორც იცით, საგანგებო მდგომარეობის გამო დაკეტილია "ბიბლუსის“ მაღაზიები, ასევე ბევრი საგაზეთო ჯიხური, მაგრამ ჟურნალ-გაზეთების სტენდები არის სუპერმარკეტების ქსელის მაღაზიებში. გთავაზობთ იმ მარკეტების მისამართებს, სადაც პრესასთან ერთად წიგნის შეძენას შეძლებთ. ასევე, ელვამარკეტების ჩამონათვალს, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნები.
წინა, გამორჩენილი ტომების შეძენას შეძლებთ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ "ბიბლუსში“, ან შეგიძლიათ გამოიწეროთ:
+995 32 2382673
+995 32 2382674
მკითხველი უკვე კარგად იცნობს პროექტის ავტორისა და მთავარი რედაქტორის თამარ მამაცაშვილის ბლოგს, რომელიც ყოველი ტომის გმოასვლისას ქვეყნდება. ამჯერადაც გთავაზობთ რამდენიმე მის რამდნეიმე მცირე ჩანაწერს:
არ გეშინია ვირუსისო?
ვირუსის მართლა არ მეშინია, გულწრფელად... ძალიან მეშინია იმ ყველაფრის, რაც ვირუსმა მოიტანა, ან იქნებ გამოააშკარავა: მეშინია უსიყვარულობის, სიძულვილის, დათითოკაცების, კიდევ ჩვენი არასწორი სულიერი მდგომარეობის გამო, უფლის წინაშე დაშვებული შეცდომის მეშინია, ადამიანებად დარჩენა რომ ვერ შევძლოთ, ამისი მეშინია ძალიან... ამ საყოველთაო შიშის მეშინია... უფუნდამენტოდ დარჩენილი კაცის სიცარიელის და სასოწარკვეთილების...
ვირუსი? ვირუსი მატერიაშია, შეიძლება შემხვდეს კიდეც და მერე რა? ყველაზე უარესი რა შეიძლება მოხდეს? ჩვენს მარადიულ არსებობას რას დააკლებს ვირუსი? სულები გადავირჩინოთ რა!
ვნების კვირაა!!! ჯვარზე ავა მაცხოვარი და ყველას გვაჩვენებს ტკივილების დათმენის მაგალითს, სიყვარულის მაგალითს!
შიში არის ურწმუნოების შედეგი! უიმედობის შედეგი! ჩვენი არასწორი აზროვნების შედეგი!
როგორც წმინდა მამები განსაცდელის დროს ამბობდნენ ხოლმე, მოგვხედა უფალმა, გამოგვაფხიზლა, ჩვენივე სიკეთისთვის!
ნუ გეშინიათ, ადამიანებო!
გვიყვარდეს ერთმანეთი, ვიფიქროთ, ვიზრუნოთ ერთმანეთზე და ნურაფრის ნუ გვეშინია!
***
ტკივილი! ტკივილია საკუთარ სულში რომ გახედებს, გულს რომ ამოგიტრიალებს, ყველა დალექილ ჭუჭყსა და ნაგავს თვალწინ რომ დაგილაგებს, გული უნდა დაგესეროს ტკივილისაგან, სულამდე უნდა მიაღწიოს, რომ შენი მე, შენი პიროვნება შეიცვალოს, სრულიად ახალ პიროვნებად იქცე...მადლობა ყველაფრისთვის, ღმერთო...
***
"ადამიანს ერთხელ უთხარი, ორჯერ, სამჯერ და თუ ვერ გაიგო, დაანებე თავი." წმინდა ბერი გაბრიელი და კიდევ:
"ერთხელ და ორჯერ მოვუწოდოთ და მეტი აღარ ველაპარაკოთ მათ, რადგან მაინც არ ირწმუნებენ და ამაო საუბრით დაგღლიან..." უფალმა აგვიხილოს თვალები, - ჩვენ, ვისაც გვეუბნებიან და არ გვესმის, მოგვიწოდებენ და მაინც ვერ ვიჯერებთ!
***
"ბიბლია განმარტებებით“ არის პროექტი, რომელშიც წავიკითხავთ, თუ რისკენ მოგვიწოდებს უფალი და იმასაც, თუ როგორ უნდა აღვასრულოთ უფლისთვის სათნო საქმეები. ამ ყველაფრის გაგებაში კი წმინდა მამები დაგვეხმარებიან.
"ბიბლია განმარტებებით“, 13 აპრილიდან, არ გამოგრჩეთ!