"კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა იდენტიფიცირებული არ არის"
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული მოქალაქეების გარკვეული რაოდენობა იდენტიფიცირებული არ არის.
როგორც მან ვიდეოჩართვისას აღნიშნა, არსებობს საშიშროება, რომ ქვეყანაში ეპიდემიის სწრაფი ზრდა იყოს, რის გამოც მოსახლეობა სახლში უნდა დარჩეს და დაიცვას სოციალური დისტანცია.
"ხშირია საუბარი იმაზე, რომ ბევრად მეტია ქვეყანაში ინფიცირებული, ვიდრე ჩვენ ვავლენთ, რასაც კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ არ ვადასტურებთ. დიახ, არის გარკვეული პროცენტი, რომელიც იდენტიფიცირებული არ არის, ამიტომ, დღეს როდესაც გავზარდეთ „ცხელების კლინიკების“ რაოდენობა ქვეყანაში და ყველა იტესტება, ნახავთ, რომ კიდევ უფრო გაიზარდა გამოვლენის მაჩვენებელი. ჩვენ ასევე ვაკვირდებით ქვეყანაში პნევმონიის მქონე პაციენტების რაოდენობას, ვადარებთ გასულ წლის ამ თვის რაოდენობას. ვფიქრობთ, რომ არაიდენტიფიცირებული გარკვეული პროცენტი არის, მაგრამ ეს არ არის 3-ჯერ, 4-ჯერ, 5-ჯერ მეტი, რასაც ზოგჯერ საზოგადოებაში საუბრობენ. თუმცა, იმის საშიშროება ნამდვილად არსებობს, რომ ქვეყანაში ეპიდემიის სწრაფი ზრდა იყოს. ამიტომაც ვაფრთხილებთ მოსახლეობას და მოვუწოდებთ, რომ დარჩით სახლში, დაიცავით სოციალური დისტანცირება, რადგან დღეს ამაზე ძლიერი ინსტრუმენტი არ არსებობს", - განაცხადა გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"