"სახის ნიღაბი იმისთვის არ არის მოწოდებული, რომ ხან ნიკაპზე გეკეთოთ, ხან მარტო ტუჩებზე და ხან ცხვირის გასათბობად" - კვირის პალიტრა

"სახის ნიღაბი იმისთვის არ არის მოწოდებული, რომ ხან ნიკაპზე გეკეთოთ, ხან მარტო ტუჩებზე და ხან ცხვირის გასათბობად"

სახის ნიღაბი იმისთვის არ არის მოწოდებული, რომ ხან ნიკაპზე გეკეთოთ, ხან მარტო ტუჩებზე და ხან ცხვირის გასათბობად. მეშინია, არასწორად მორგებული ნიღბით თუ ჰგონიათ, რომ დაცულები არიან , - ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.

როგორც ხათუნა ზახაშვილი განმარტავს, მოსახლეობა პირბადეს ხშირად არასწორად მოიხმარს, რითაც, ისინი საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

"ნიღბები აუცილებლად სწორად უნდა იყოს გამოყენებული. არასწორად გამოყენებული ნიღბით საფრთხეს უქმნით საკუთარ ჯანმრთელობას. ფრთხილად იყავით, როცა ისმენთ ინფორმაციას ნიღბის გამოყენების შესახებ და დაიცავით ის, რასაც გთავაზობენ. ნიღაბი არ არის მოწოდებული იმისთვის, რომ ხან ნიკაპზე გეკეთოთ, ხან მარტო ტუჩებზე და ხან ცხვირის გასათბობად. ნიღაბი მოწოდებულია იმისთვის, რომ ის უნდა გაიკეთოთ თავიდანვე სუფთა ხელებით, უნდა გეკეთოთ ისე, რომ ერთიანად მოიცავდეს თქვენს ცხვირსა და პირს, ასევე ცხვირზე უნდა იყოს მორგებული იმგვარად, რომ ნიღაბი დაბლა არ მოცოცავდეს, ის ნიკაპზე უნდა იყოს ამოდებული, რომ ზევით არ ადიოდეს. რაც უფრო ხშირად ვეხებით ნიღბის გარეთა ზედაპირს ხელით, მით უფრო მეტ რისკს იქმნით, რომ დაიბინძუროთ ხელები, ან დააბინძუროთ ნიღაბი" , - განაცხადა ზახაშვილმა.

მისივე თქმით, არასწორად გამოყენებული პირბადით, ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

"ნიღაბი არ არის პანაცეა, მთლიან დაცვას ნამდვილად არ იძლევა, მაგრამ გიცავთ გარკვეულად. დაცვის პროცენტი რომ გაზარდოთ, ნიღაბი აუცილებლად სწორად უნდა მოიხმაროთ. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ადამიანებს ძალიან ხშირად არასწორად უკეთიათ ნიღაბი და ძალიან მეშინია, არასწორად მორგებული ნიღბით ვაი, თუ ჰგონიათ, რომ დაცულები არიან და სინამდვილეში საკუთარ თავსა და ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიან.

ნიღაბს მოხმარებას განსაზღვრული დრო აქვს, ნიღაბში სუნთქვა ადვილი ნამდვილად არ არის, როცა ნიღაბი ინესტება, აუცილებლად გამოცვლილი უნდა იყოს. არის თუ არა, კარგი მრავალჯერადი ნიღბები? დიახ, თუკი, ის გარკვეულწილად არის იმ მასალისგან მომზადებული, რომელიც რამდენიმე შრიანია. თუ ეს მასალა რამდენიმე შრიანია და ადამიანს დაიცავს გარედან შემომავალ ნაწილაკებისგან და შიგნიდან დანესტვისგან, ასეთი ნებისმიერი მასალა, თვითნაკეთი ნიღბებიც კი, ეფექტური იქნება იმისთვის, რომ დაიცვათ საკუთარი და სხვისი ჯანმრთელობა“, - განაცხადა ზახაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"