"არასოდეს დამავიწყდება 2001 წლის აღდგომის ღამე, როცა მამა ძალიან ცუდად გახდა..." - კვირის პალიტრა

"არასოდეს დამავიწყდება 2001 წლის აღდგომის ღამე, როცა მამა ძალიან ცუდად გახდა..."

აღდგომა ქრისტიანული სამყაროს უდიდესი დღესასწაულია, რომელსაც ყველა სიხარულითა და სასოებით ეგებება. ამ ლამაზ დღეს ენით უთქმელი, უჩვეულო სიხარული მოაქვს. აღდგომა ბავშვობის უდარდელ დღეებს, დედის გამომცხვარ სასუსნავს და პირველ მეგობრებს გვახსენებს... მიუხედვად, წელს შექმნილი რთული ვითარებისა, აღდგომის სიხარულს არაფერი შეედრება მაინც.

გთავაზობთ ამონარიდს ჟურნალ "გზის" სტატიიდან, რომელშიც ცნობილი ადამიანები აღდგომის მათეულ განცდებზე ყვებიან:

"რწმენა სივრცისა და დროის მიღმაა"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი:

- არასოდეს დამავიწყდება 2001 წლის აღდგომის ღამე, როცა მამა ძალიან ცუდად გახდა. ფაქტობრივად, სიკვდილის პირას იყო და სრულიად მოულოდნელად, ღვთის წყალობით, გადავარჩინეთ. არადა, ექიმები გვარწმუნებდნენ ყველაფერი დასრულებულიაო. მაშინ ვიგრძენი ყველაზე მეტად ამ დღესასწაულის მადლი და ძალა. რაც შეეხება ასოციაციას, ბავშვობაში ეს დღე ჩემთვის წითელ კვერცხთან, პასქასა და საზეიმო განწყობასთან იყო დაკავშირებული. ბავშვები სააღდგომო კვერცხებს სპეციალურად ვარჩევდით. ბედნიერი იყო, ვისაც ციცრის ან ხის კვერცხი ჰქონდა, ინდაურის კვერცხსაც საგულდაგულოდ ვინახავდით. ამ დღესასწაულის სიღრმე და მნიშვნელობა მოგვიანებით გავაცნობიერე. როგორც ამბობენ, აღდგომის დღესასწაული იერუსალიმში განუმეორებელია, ამას ჩემი მეუღლეც ადასტურებს, რომელიც ერთ-ერთ აღდგომას ამ ქალაქში დაესწრო. მე კი სხვაგვარად ვფიქრობ: რა მნიშვნელობა აქვს, სად ხარ? თუ გწამს - გწამს. რწმენა სივრცისა და დროის მიღმაა და რა მნიშვნელობა აქვს, რელიგიურ დღესასწაულს სად შეხვდები? აღდგომას ჩვენი ოჯახიც სხვა ოჯახების მსგავსად ხვდება, ამ დღეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. ყველა ადამიანს ვულოცავ დიდი დღესასწაულის მოახლოებას, რწმენით ეცხოვროთ და ნამდვილი ქრისტიანები ყოფილიყვნენ!

იხილეთ ასევე: ხუხაშვილების თაუნჰაუსში...