"ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს" - კვირის პალიტრა

"ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს"

ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო სწორი, სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, რომლებიც ამ მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ, - ასე გამოეხმაურა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებას ტელეკომპანია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი".

თენგიზ ცერცვაძე ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ გაფრთხილებებს ზედმიწევნით დროულს, საჭიროსა და კორექტულს უწოდებს.

"ერთი მხრივ, ეკლესიას, როგორც ინსტიტუტს, ასევე მის ხელმძღვანელებს უდიდეს პატივს ვცემ, როგორც ყველა ქრისტიანი, მაგრამ მეორე მხრივ, ამ განცხადებებს ვერ დავეთანხმები. სამწუხაროა, რომ ასეთი აზრთა სხვადასხვაობაა, სამწუხაროა, რომ არის ასეთი სიტყვიერი შეკამათება, არ დათანხება. მე ვფიქრობ, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს, ვინაიდან ქართული საზოგადოება ბრძენია, მრევლიც ბრძენია და დარწმუნებული ვარ, ისინი თვითონ გააკეთებენ დასკვნებს, თუ ვისი პოზიციაა უფრო მოქალაქეობრივი, უფრო სწორი, სახელმწიფოს ხელმძღვანელების და მედიცინის მუშაკების, თუ იმ სასულიერო პირების, რომლებიც ამ მედიცინის მუშაკებთან დისკუსიაში შევიდნენ. პირადად ჩემი პოზიციაა ის, რომ ის განცხადებები და ის გაფრთხილებები, რაც მოვისმინეთ და განსაკუთრებით, ბოლო დღეებში ბატონი ამირან გამყრელიძისგან, ბატონი პაატა იმნაძისგან, ქალბატონი ჯანდაცვის მინისტრისგან, ბატონი პრემიერის ადმინისტრაციისგან და სხვებისგან, იყო ზედმიწევნით დროული, საჭირო და კორექტული. ამიტომ, მე მთლიანად ვიზიარებ მათ მიერ არჩეულ სტრატეგიას და ტაქტიკას, რომელიც გულისხმობს თითოეული ქართველის სიცოცხლის მაქსიმალურ გაფრთხილებას ისე, რომ შევინარჩუნოთ პატივისცემა რელიგიის ინსტიტუტებზე“, - განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"