"გმადლობთ, ერთგულებისთვის!" - დღეს "კვირის პალიტრა" 25 წლის გახდა
დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, ჩვენი სამშობლოც უდიდესი გამოწვევის წინაშეა, როდესაც კორონავირუსულ პანდემიასთან ბრძოლისას თითოეული ადამიანის ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც იძულებული ვართ ჩვენს ჩვეულ ყოველდღიურობაზე უარი ვთქვათ, გაზეთ "კვირის პალიტრის" ყოველი ნომერის გამოსვლის წინ ჩვენი ერთგული მკითხველები შიშნარევი განწყობით გვწერენ და გვირეკავენ, ერთი კითხვით: - გამოვა თუ არა "კვირის პალიტრის" მომავალი ნომერი და როდესაც ჩვენგან იღებენ პასუხს, რომ აუცილებლად გამოვა, მათ სამადლობელ სიტყვებში იგრძნობა იმედი და სიხარულიანი მოლოდინი იმისა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება!
დღეს "კვირის პალიტრა" 25 წლის გახდა.
25 წლის წინ, 18 აპრილს "კვირის პალიტრის" პირველი ნომერი მოევლინა სამზეოს. 1995 წელი ვისაც ახსოვს, ისიც იცის, რა დრო იყო ეს - უშუქობა და სიცივე, სიდუხჭირე და უსასოობა... სწორედ ამ რთულ სიტუაციაში გაჩნდა გაზეთი "კვირის პალიტრა", დაიბადა ისეთსავე პირობებში, როგორშიც მაშინ იყო საქართველო, თავის თავზე გადაიტანა არაერთი ქარტეხილი, მაგრამ ძალა არ დაშრეტია. ალბათ იმიტომ, რომ მისი პირველი რედაქტორი და სულისჩამდგმელი, ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი, ყველაფერს აკეთებდა, რათა ჯერ სული გადარჩენილიყო და მერე ხორცი... ამან გამოატარა გაზეთს მიუკერძოებლად ამდენი წელი, მიამაგრა ეროვნულ ნიადაგს და აქცია თქვენს საყვარელ გაზეთად...
ამიტომაც ვერც ამ ძნელბედობისას უღალატებს საკუთარ თავს და ქვეყანას "კვირის პალიტრა", ის იქნება ტრადიციულად მკითხველის გვერდით. ხვალ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს მართლმადიდებლური სამყარო. ორშაბათის ნომერში კი ჩვენი მკითხველი ტრადიციულ სააღდგომო საჩუქარს მიიღებს.
განვლილი 25 წლის განმავლობაში "პალიტრის" გუნდმა ერთი გაზეთის იდეა მძლავრ მედიაჰოლდინგად გადააქცია, რომელსაც ამჟამად საქართველოში ანალოგი არ გააჩნია.
"პალიტრა მედია" წარმოადგენს საქართველოში ყველაზე მსხვილ მულტიმედია ჰოლდინგს, რომელიც 6 მსხვილ ინდუსტრიას და 25 შვილობილ კომპანიას აერთიანებს.
ჰოლდინგის ბეჭდური მედიის მკითხველთა და ინტერნეტპორტალების ვიზიტორების რაოდენობამ ყოველთვიურად 10 მილიონს კარგ ხანია გადააჭარბა...
"პალიტრამედია ჰოლდინგი" ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელიცაა - ჰოლდინგში 2000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს და ეს მონაცემები წლიდან წლამდე იზრდება.
"კვირის პალიტრა" საკუთარ დაბადების დღეზე, ტრადიცულად, უპირველესად მადლობას უხდის მკითხველს, რომლის მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე ჩვენი 25-წლიანი ისტორია არ შეიქმნებოდა... გმადლობთ, ერთგულებისთვის!
იხილეთ ასევე: "ვკითხულობ, მიყვარს... "კვირის პალიტრა" - ყოჩაღ!"