"მხოლოდ ქართველია ბუნებით პირველმიჯნური. ასეთად გააჩინა ღმერთმა... არ შეიძლება ამ უნარს ვინმემ ბრძოლა გამოუცხადოს"
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი, მხატვარი და პოეტი რეზო ესაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა დაუდასტურა.
რევაზ ესაძეს 122 ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული. გადაღებული აქვს 11 ფილმი. სხვადასხვა წლებში იგი იყო იუმორისტული გაზეთ "ჭინჭრაქას" რედაქტორი, საქართველოს ტელეფილმების სტუდიის რეჟისორი, გაერთიანება "დებიუტის" მხატვრული ხელმძღვანელი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა სტუდია "+1"-ს. ასევე, იყო თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სრული პროფესორი.
რეზო ესაძე ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა
და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი იყო.
ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ–ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში.
გასული წლის თებერვალში, როდესაც 85 წელი შეუსრულდა, კინოთეატრ "რუსთაველის" წინ რეზო ესაძის ვარსკვლავი გაიხსნა.
"კვირის პალიტრის" არქივში ინახება ინტერვიუ ბატონ რეზო ესაძესთან. გთავაზობთ ამონარიდს:
"ესრე მტრისა არ მეშინის, ცხადად მტერობს, მაწყინარობს, მოყვარესა მტერსა ვუფრთხი, მეფერება მაცინარობს", - თქვა ჩვენმა სასიქადულო წინაპარმა. დიდი ტრაგედია ტრიალებს დღეს საქართველოში, შვილები მას არა ა(შენ)ებით, არამედ (შენ)ებით კლავენ! დღეს რაც ხდება, გულის თვალით თუ შეხედავ, მიხვდები, რომ ასეა. ამ თვალით რომ ვუყურებ, იმიტომაც არ მინდა, ჩემს სივრცეს დავცილდე. ბებია, ბაბუა, მეზობლები ის სივრცეა, საიდანაც სულმა პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 5 ოჯახში ვიზრდებოდი, საღამოს ბებიაჩემი გოჭსაც მოიკითხავდა, იხვსაც, ბატსაც, ძროხასაც... მე კი არ მომიკითხავდა, რადგან იცოდა, რომ იმ 5 ოჯახიდან ერთ-ერთში ვიქნებოდი. იცით, ბაბუაჩემი როგორი კაცი იყო? დიდი ტორები ჰქონდა და ბიბლიურ მოხუცს ჰგავდა თეთრი წვერით, ცისფერი თვალებით, საოცრად მშვიდი და მტკიცე სახით. მახსოვს, როგორ ელაპარაკებოდა ხეს ეს ბუმბერაზი კაცი, თითქოს განსხეულებული მინდია იყო. ჩვენ ერთად ვმარგლავდით სიმინდს და ის მეუბნებოდა, ბაბუა, საქმეს ისე ვეკიდები, თითქოს პირველმიჯნური ვარო. დიახ, ჩვენ, ქართველები, ყველაფერს პირველმიჯნურობით ვაკეთებთ. ამიტომაც თქვა რუსთაველმა: "ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა". ერთი შეხედვით, ტარიელისა და ნესტანის ამბავს უცბად სიტყვა "ტომი" მოაყოლა ამ ზეკაცმა და მიჯნურობაზე თქვა: "იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა". დანტესა და გოეთეს არ უთქვამთ მსგავსი რამ! იმიტომ, რომ მხოლოდ ქართველია ბუნებით პირველმიჯნური. ასეთად გააჩინა ღმერთმა, სისხლიანი ისტორიის ათასწლეულები გამოატარა და არ შეიძლება ამ უნარს ვინმემ ბრძოლა გამოუცხადოს! (იხილეთ სრულად)