"არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადო - სახლიდან ილოცეთ"
თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩატარებული 65 ტესტიდან ყველა პასუხი უარყოფითია. როგორც მარეხი ბექაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში ამჟამად 58 პაციენტი იმყოფება.
ამასთან, მან საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.
"მინდა ერთ საკითხს შევეხო, დღეს მთელი მართლმადიდებლური ქრისტიანული სამყაროსათვის მნიშვნელოვანი დღეა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მღვდელმთავრები ტაძრიდან ილოცებენ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის და მთელი ქრისტიანული მოსახლეობა სახლიდან ილოცებს როგორც ქართველებისთვის, ისე მთელი მსოფლიოსათვის. მე იმედი მაქვს, რომ ყველა დარჩებით სახლში.
ამ ეტაპსთვის ჩვენ რესურსები საკმარისია ათეულობით პაციენტების მკურნალობისთვის და მათი მიღებისათვის. ჩვენ ვნახეთ, მსოფლიოს დიდი ქვეყნების გამოცდილება, რომელსაც ეს დაავადება შეეხო. არ მინდა, ის კადრები ჩემს ქვეყანაში ვნახო, რაც იტალიამ და ესპანეთმა დადო, სასახლეში მყოფი მიცვალებულების. ყველა მოქალაქეს ვურჩევ, სახლიდან ილოცონ", - განაცხადა მარეხი ბექაიამ.
"ინტერპრესნიუსი"