"მიხარია, რომ თქვენი გაზეთი ობიექ­ტურად და საინტერესოდ აშუქებს ამ ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს" - კვირის პალიტრა

"მიხარია, რომ თქვენი გაზეთი ობიექ­ტურად და საინტერესოდ აშუქებს ამ ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს"

გაზეთ "კვირის პალიტრის" იუბილე საყოველთაო კარანტინის პერიოდს ემთხვევა - დღეს, 18 აპრილს "კვირის პალიტრა" 25 წლის გახდა. ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა პერიოდი, გაზეთს გამოცემა შეეწყვიტა და, რა თქმა უნდა, დღესაც, მიუხედავად სირთულეებისა, "კვირის პალიტრა" უკვე 25 წელია ერთგულ მკითხველს ყოველ ორშაბათს აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური და კულტურული თემებით მიესალმება. გაზეთს იუბილეს ულოცავს:

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე:

- ჩემთვის ყველაზე გამორჩეულ გაზეთს სიამოვნებით მივულოცავ საუკუნის მეოთხედს - 25 წლისთავს. მე "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ვარ! ძალიან მომწონს ამ გაზეთის დაბალანსებული პოლიტიკა და ყოველთვის ზომიერი კრიტიკა - ქვეყნის არასწორ განვითარებაზეც წერთ და საქართველოს მიღწევებსაც აშუქებთ...

მომწონს თქვენი ჟურნალისტების მაღალი პროფესიონალიზმი. "კვირის პალიტრამ" საფუძველი დაუდო ბეჭდური მედიის განვითარებას ქვეყანაში. თქვენმა გუნდმა შექმნა ბევრი კარგი გამომცემლობა - ბეჭდური თუ ონლაინმედია, ტელევიზია თუ რადიო, ასევე მაღაზიათა ძალიან კარგი ქსელი "ბიბლუსი", სადაც წიგნის მოყვარულ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეარჩიოს მისთვის საინტერესო ლიტერატურა. ვისაც კითხვა არ უყვარს, ის ვერ განვითარდება. ამიტომ ჩემს შვილიშვილებთან ერთად ხშირად ვსტუმრობ "ბიბლუსს" და ბავშვებს წიგნის კითხვის კულტურას ვაჩვევ. თქვენ საუკეთესო საბავშვო ლიტერატურა გაქვთ, რაც ჩემს ბავშვობაში არ ყოფილა...

უცხოეთში წიგნის მაღაზიებში ხშირად შევდივარ, ეს ჩემთვის ქვეყნის განვითარების ერთგვარი ინდიკატორია... როდესაც მეკითხებიან, საქართველო წინ მიდის თუ არაო, ვპასუხობ: წადით, ნახეთ ჩვენი წიგნის მაღაზიები და მიხვდებით, რომ ქვეყანა ნამდვილად განვითარების გზაზეა. სწორედ ამგვარ სივრცეებში იგრძნობა კულტურის სული, ქვეყნის წინსვლის პერსპექტივა.

გულითა და სულით გილოცავთ 25 წლის იუბილეს. რედაქციის თითოეულ თანამშრომელს, პირველ რიგში, ჯანმრთელობას ვუსურვებ, განსაკუთრებით, დღეს, როდესაც ახალ კორონავირუსულ ინფექციასთან დიდ ბრძოლაში ვართ ჩაბმული. მიხარია, რომ თქვენი გაზეთი ობიექტურად და საინტერესოდ აშუქებს ამ ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს. გამოგიტყდებით, ზოგი რამ, რაც თქვენთან წავიკითხე, ჩემთვისაც უცნობი იყო, მიუხედავად იმისა, რომ მედიცინის დარგის წარმომადგენელი ვარ. ასე რომ, ჯანმრთელობა თქვენ, მეტი მკითხველი და კიდევ უფრო მეტი განვითარება!..  (იხილეთ სრულად)