მანავური ნუშის ბაღმა გაიღვიძა
"ნაკვეთი სარწყავ ზონაში მდებარეობს, მზიან ადგილას და ნუშებიც ბუნებრივად "მოერგნენ" გარემო პირობებს. ისე აგიხდეთ ყველაფერი კეთილად, როგორც მე, ნერგებმა გაიხარეს და პირველივე წელს ნიშანი მომცეს"
საქართველოში ნუში ფართოდ არის გავრცელებული. მას თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ, ასე ყოფილა ძველადაც. ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში "აღწერა სამეფოსა საქართველოსა" სხვა ხილთან ერთად ნუშსაც ჩამოთვლის: "ხოლო ხილნი წალკოტთა მრავალნი: ნარინჯი, თურინჯი, ლიმონი, ზეთისხილი, ბროწეული, ყურძენი, ატამი, ვაშლ-ატამი, ყაისი, ჭერამი, ალუჩა, ტყემალი, ნუში, უნაბი, თუთა, ხართუთა, ბუსტუღი (ფისტა - რედ.)"... და ა.შ... სხვადასხვა ისტორიულ დოკუმენტში როგორც ნუში, ასევე მისი ზეთი დასახელებულია მრავალი დაავადების საწინააღმდეგო წამლად, მაგალითად, თირკმლის ტკივილის, ყურის დაავადების, შარდსადენი გზებისა და სხვა დაავადებების მკურნალობისთვის. ნუშის კულტურა მოხსენიებულია ჯერ კიდევ ძვ. წ. 3000 წლის წინ. მნიშვნელოვანია ნუშის ნაყოფის მაღალი სასაქონლო, სამეურნეო, კომერციული და კვებითი ღირებულებები, რაც მეტ ინტერესს აჩენს დღეს მის მიმართ. სწორედ ამიტომ ბევრი ვეძებეთ თუ ცოტა, ნუშის პატარა პლანტაციას მივაგენით.
რამაზ სირბილაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ცხოვრობს. ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილი მეურნე 3 ჰექტარ ვენახს უვლის, აქვს სახნავ-სათესი და ჰყავს შესაწამლავი ტრაქტორი. თუმცა ამას არ სჯერდება და ყოველ წელს ნესვის უხვი მოსავალიც მოჰყავს, 4 წლის წინ კი გადაწყვიტა მევენახეობასთან ერთად მებაღეობაშიც ეცადა ბედი და 6000 კვმ ფართობზე ნუშის ბაღი გააშენა.
- ოთხი წლის წინ გორთან ახლოს ერთ-ერთი სანერგე მეურნეობიდან საცდელად რამდენიმე ძირი ნუშის ნერგი წამოვიღე, მაინტერესებდა, როგორ შეეგუებოდა ჩემი ნაკვეთის ნიადაგსა და ჰავას.
ნაკვეთი სარწყავ ზონაში მდებარეობს, მზიან ადგილას და ნუშებიც ბუნებრივად "მოერგნენ" გარემო პირობებს. ისე აგიხდეთ ყველაფერი კეთილად, როგორც მე, ნერგებმა გაიხარეს და პირველივე წელს ნიშანი მომცეს. იმავე წელს ასამდე ძირმა დაიდო ბინა ნაკვეთში, ორი წლის მერე კიდევ 130 ძირი მივუმატე. ახლა სულ 225 ძირი მაქვს, აქედან 100 მსხმოიარე და 128 ახალშენი ნერგი.
- რომელი ჯიში გაქვთ? - ნონპარელი... 2016 წელს მიწა ორპირად მოვხანი, შემდეგ გუთნით ერთ მეტრამდე სიღრმის არხი გავჭერი და გადაბრუნებული მიწა ორგანული სპეციალური სასუქებით გავანოყიერე, ისევ უკან ჩავაბრუნე და შიგ ნერგები ჩავყარე. გაზაფხულზე გადავთოხნეთ და გარშემო აზოტი შემოვუყარეთ. პირველ წელს მხოლოდ ერთხელ შევწამლე. გაზაფხულზე ნერგს თავი გადავაჭერი, 4 ღეროზე დავაყენე, რომ ძირი დაემსხვილებინა, ორჯერ კიდევ გავთოხნე და რამდენჯერმე მოვრწყე კიდეც.
ნუშს მზესთან ერთად წყალიც ძალიან უყვარს, ოღონდ ზომიერება უნდა დავიცვათ რწყვაში.
მოკლედ, მოხდა სასწაული და თითქმის ყველამ იხარა.
- გაზაფხულდა, აყვავილდა ნუში? - კი, ნუში ულამაზესი ხეა, ცოცხალი და წარმტაცი. ძალიან წააგავს მშვენიერ ქალს: მუდამ ზრუნვას და სიყვარულს საჭიროებს, რათა ყოველთვის იკვირტებოდეს, იფურჩქნებოდეს, ყვავილობდეს და ნაყოფს იძლეოდეს.
ჩემი ნუშები სიცოცხლისუნარიანობითაც გამოირჩევა. მათი საშუალო სიცოცხლის ხანგრძლივობა 130 წელია, 1 ხიდან 10-12 კილოგრამი გარჩეული ნუშის გული ჩამოდის, 1 კგ-ის საბითუმო ფასი 30 ლარია, საცალო კი - 50. ხე ზრდასრულობას 9 წლის ასაკში აღწევს და მოსავლიანობაზე გადადის. თუ კარგად მოუვლი, ეს დრო შესაძლოა განახევრდეს კიდეც მოხდა. წლეულს უკვე დიდ მოსავალს ველოდები. ნუშის მცირე მოსავალი შარშანაც ავიღეთ, 3 წლის ასაკში.
- მართლაც საქებრად გქონია საქმე, რას ურჩევ ნუშის ბაღის გაშენებას მსურველებს? - გაზაფხულზე ნუშსაც, როგორც ყველა ხემცენარეს, წყალი უდგება გულში და სწორედ ეს აღვიძებს კვირტებს. ამ დროს საჭიროა ხეების სპეციალური ხსნარით შეწამვლა, რასაც მებაღეები "ხის გაცივებას" ეძახიან. ეს პროცედურა საჭიროა იმისთვის, რომ გაზაფხულის ყინვებმა და ქარ-წვიმებმა კვირტი არ გააფუჭოს. არეულ ამინდში ხე ტყუვდება: მზეს კვირტი გარეთ გამოჰყავს, უცებ მოვარდნილი სიცივე კი მას ვნებს. ჯობს აპრილის ნახევარმაც ჩაიაროს და მზიანი თბილი დღეები დაიჭიროს, ასე ვთქვათ, ამინდი "დალაგდეს". შეწამვლა კვირტის ნაადრევ გამოსვლას აჩერებს, აკავებს და მებაღე მეტადაა დაზღვეული უსიამოვნებისგან.
გარდა ამისა, რიგებს შორის ნესვიც მომყავს, რიგთაშორის საკმარისი ადგილია ხილის მოსაყვანად.
წლეულს შემატყობინეს, რომ ჩემს ნაკვეთზე ავტობანი გაივლის და ნერგების ნაწილს გადაფარავს, რამდენიმე ძირი კაკალი, ქლიავი და ტყემალიც მიჰყვება. მენანება, მაგრამ რას ვიზამ, უფრო მეტი სიკეთისთვის მზად ვართ თავი გავწიროთ, არა უშავს, სამაგიერო ნაკვეთს მოვითხოვთ და ნერგებს გადავიტან, ჩემი ნუშები იქაც გაიდგამენ ფესვს.
კახა მჭედლიშვილი