"ორივე - მოკლულიც და ბრალდებულიც სასაზღვრო პოლიციაში მუშაობდნენ, მეგობრობდნენ" - რა მოხდა მულახის მესაზღვრეთა შტაბში?
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მკვლელობა მოხდა. მოკლულია სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი.
დეტალების გასარკვევად მესტიის მერის წარმომადგენელს სოფელ მულახში სოსო ზურებიანს ვესაუბრეთ. ის წუხს მომხდარის გამო, ამბობს რომ კონფლიქტის დეტალები მისთვის უცნობია, რადგან ჯერჯერობით მომხდარის თვითმხილველებს არ გასაუბრებია.
"სამწუხარო ამბავია, გარდაცვლილია ჩვენი სოფლის მკვიდრი ბესიკ იოსელიანი, ძალიან კარგი ახალგაზრდა, რომელიც სასაზღვრო პოლიციაში წლებია მუშაობს. მკვლელობის დეტალები არ ვიცი, რადგან ჯერ სამართალდამცავები მუშაობენ შემთხვევის ადგილზე და იქ არავის გვიშვებენ. მულახში ჰქონდათ შტაბი მესაზღვრეებს და იმ შენობაშია დანაშაული მომხდარი. როგორც ჩანს, აღდგომის დღესასწაული აღნიშნეს, ნასვამები იყვნენ და მოხდა კონფლიქტი. როგორც გავიგეთ, მკვლელობაში ბრალდებულია ბესიკ ნავერიანი. ადრე მოკლულსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება არასოდეს ყოფილა. კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რატომ მივიდა საქმე აქამდე, არ ვიცი. ბრალდებულიც ჩვენი სოფლელია, ისიც წლებია მესაზღვრედ მუშაობს. ნავერიანმა ერთი თვის წინ შეირთო მეუღლე, რაც შეეხება გარდაცვლილს, სამწუხაროდ, 4 შვილი დაობლდა. 4 მცირეწლოვანი შვილის მამა იყო ბესიკი და ძალიან განვიცდით მომხდარს. უმძიმესი ამბავია. ორივე დიდი ხანია მეგობრობდნენ, ერთი სოფლის მაცხოვრებელები არიან და ძალიან განვიცდით ამ ტრაგედიას. როგორც ვიცი, ტრაგედიას შეესწრნენ სხვა თანამშრომლებიც, მაგრამ ჯერ იმ ბიჭებს არც გავსაუბრებივარ, რადგან პოლიცია ჰკითხავს მათ. ბრალდებული გაიქცეული..." - გვითხრა მერის წარმომადგენელი.
მკვლელობაში ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალს წაუყენებენ. მკვლელობის გამოძიება სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.