კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შოკი ჩინეთში... რიგში დანარჩენი მსოფლიო დგას
ბრიტანული ბი-ბი-სი-ს რუსულმა სამსახურმა გამოაქვყნა ანალიტიკური სტატია, რომელშიც განხილულია ჩინეთის ეკონომიკის კრიზისის შედეგები და მისი გავლენა მსოფლიოს ეკონომიკაზე - როგორც განვითარებული ქვეყნების, ასევე განვითარებადი ქვეყნების მდგომარეობაზე.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით.
"კორონავირუსმა ჩინეთის ეკონომიკაში ღრმა კრიზისი გამოიწვია. როგორც გლობალური პანდემიის შედეგების წინასწარი შეფასება გვაჩვენებს, მსოფლიოს მეორე უდიდესი ეკონომიკა დღეისათვის თანამედროვე ისტორიაში ყველაზე სერიოზულ დაცემას განიცდის. ეს ფაქტი მთელ კაცობრიობას პრობლემებს უქმნის.
ჩინეთმა მსოფლიოს ლიდერებიდან ვირუსის დარტყმა პირველმა მიიღო და კარანტინში აღმოჩნდა. ჩინეთი ასევე პირველია, რომელმაც გასული კვირის ხუთშაბათისთვის უკვე წარმოადგინა ანგარიში ეროვნულ ეკონომიკაზე ვირუსის ნეგატიური ზეგავლენის შესახებ. სტატისტიკა უპრეცედენტოა: ქვეყნის ეკონომიკა წლიურად 6,6%-ით შემცირდა - ეს მაშინ, როცა მთელი მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ჩინეთში წარმოების ზრდის ტემპი 15%-ზე ნაკლები არ ყოფილა. ასეთი დაცემა "ცისქვეშეთის" ეკონომიკას მაო ძედუნის "კულტურული რევოლუციის" პერიოდიდან - 1970-იანი წლებიდან არ განუცდია. საყურადღებოა, რომ ჩინეთის ეკონომიკური კრიზისი ჩვენი პლანეტის ყოველ მცხოვრებზე აისახება.
ჩინეთი დღეს - ესაა მსოფლიოს ეკონომიკის 17% და არა 4%, რომელიც კორონავირუსის 2002-2003 წლების ეპიდემიის დროს იყო. თვითონ ვირუსის გავრცელების დღევანდელი და მაშინდელი გავრცელების მასშტაბებიც შეუდარებელია: 18 წლის წინ ატიპიური პნევმონიით მხოლოდ 8 ათასი ადამიანი დაავადდა 26 ქვეყანაში და მათგან 800 გარდაიცვალა, ახლა კი მხოლოდ გარდაცვალებულები 170 ათასს ასცდა. ხოლო დაავადებულთა რაოდენობა საცაა 3 მილიონს მიარწევს...
ჩინეთს კიდევ ბედმა გაუღიმა...
ჩინეთის ეკონომიკური კრიზისი მდიდარ და განვითარებულ ქვეყნებს პრობლემებს შეუქმნის, ხოლო ღარიბებს და ნაკლებად განვითარებულებს - პირდაპირ კატასტროფით ემუქრება. ისინი უცხოური კაპიტალის შედინებაზე არიან დამოკიდებულნი, მაგრამ უცხოური ინვესტიციები ეპიდემიის დროს ქვეყნიდან ძალიან სწრაფად "გარბიან" - უფრო სწრაფად, ვიდრე ეს 2008-2009 წლების კრიზისის დროს იყო.
ფინანსისტთა მსოფლიო ასოციაციის (Institute of International Finance (IFF) გამოთვლით, იანვრის შუა რიცხვებიდან, როცა ჩინეთში ეპიდემიის მასშტაბის კონტურები გამოიკვეთა, განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკიდან უცხოური ინვესტიციების უკან გატანის მოცულობამ 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც ბევრად მეტია ათი წლის წინ მომხდარი ფინანსური კრიზისის დროს მომხდარ გადინებაზე. უფრო მეტიც - ფულის გადინების პროცესი აჩქარდა.
მაგრამ ამ მხრივ ჩინეთი გამონაკლისია - კაპიტალი მისგან კი არ გაედინება, პირიქით - შეედინება ფინანსურ ლიბერალიზებასთან დაკავშირებით. და როცა უცხოური ინვესტიციების მიზიდვის დროსაც კი ჩინეთის ეკონომიკა ზარალობს, რა დაემართებათ სხვა განვითარებად ქვეყნებს, საიდანაც დასავლური კაპიტალი "გარბის"?
დასავლური ფულის გადინება ხომ ამ ქვეყნებისათვის ვალუტის დევალვაციას ნიშნავს, ცხოვრების დონის დაცემას, ძველი ვალების მომსახურების ხარჯების ზრდას და დიდ სირთულეებს ახალი ინვესტიციების მოზიდვაში. და ეს იმ დროს, როცა მათი ხაზინა ცარიელია, როცა ეპიდემიასთან ბრძოლის გამო საგანგებო ხარჯები მომატებულია, შემოსავლები კი შემცირებული... ბიზნესი პასიურია, მოსახლეობა ღარიბდება, ექსპორტი მცირდება და თუ რამე გადის საზღვარგარეთ, ისიც ძალიან იაფად.
პეკინისათვის კი გაიაფებული ნავთობი, ლითონი და სხვა ნედლეული, პირიქით, ხელსაყრელია: ჩინეთი მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების ყველაზე მსხვილ იმპორტიორ სახელმწიფოს წარმოადგენს. თუმცა აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ მომენტს: პირველი კვარტალის ანგარიშში სრულად არ არის ასახული მეორე - საზღვარგარეთული წარმომავლობის მქონე შოკის შედეგები ჩინური ეკონომიკისათვის: შიდა წარმოებისა და მოხმარების დაცემის კვალდაკვალ "მსოფლიოს ფაბრიკა" საზღვარგარეთ, განვითარებული ქვეყნების ბაზარზე თავისი პროდუქციის მოთხოვნის კლების წინაშე აღმოჩნდა.
ჩინეთი დასავლეთის განვითარებული ქვეყნების საბოლოო პროდუქციისათვის კომპონენტების (მაკომპლექტებელი მოწყობილობებისა და დეტალების) თითქმის ნახევარს ამზადებს. თუ დასავლეთში ცნობილი ბრენდების ტელეფონებზე, კომპიუტერებსა და ავტომობილებზე მოთხოვნა შემცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთში ბევრი მიმწოდებელი კომპანია გაკოტრდება, ქვეყნის ეკონომიკა კი დამუხრუჭებას დაიწყებს. ეს შოკი უკვე მეორე კვარტლის შედეგებზე აისახება - აპრილ-ივნისზე და მასზე მხოლოდ შუა ზაფხულში გავიგებთ.
ვირუსმა ჩინეთს ცუდ დროს დაარტყა: კაცმა რომ თქვას, ქვეყნის ეკონომიკა ისედაც დასუსტებული იყო - გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი მხოლოდ 6,1%-ით გაიზარდა, რაც არასდროს არ მომხდარა გასული საუკუნის ბოლოდან.
შიდა სტრუქტურული მიზეზების გარდა, რომელიც ეკონომიკური ზრდის უფრო სრულ მოდელზე გადასვლით აიხსნება (ის უფრო მეტად მოხმარებას ეფუძნება, ვიდრე წარმოებას), ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობა შეასუსტა აშშ-სთან მიმდინარე სავაჭრო ომმა და ჰონკონგის პროტესტებმა.
კორონავირუსის ეპიდემია ახალი ერის დაწყებას მოასწავებს. "როიტერისა" და "ბლომბერგის" ანალიტიკოსების აზრით, მიმდინარე წელს ჩინეთის ეკონომიკა რაღაც უბადრუკი 2,5%-ით თუ გაიზრდება. 1990 წელსაც კი, ტიანანმენის მოედანზე მომხდარი სისხლიანი დრამის შემდეგაც კი ჩინეთის ეკონომიკამ 4%-ით მოიმატა". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ