"საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ "ნახალოვკის" ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე"
ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ჩემი შეთავაზებისგან არაფერი არ გამოვა, ეს ყველაფერი ტყუილია და თვითონ 3 მილიარდი ლარი მისცეს ხალხს. არანაირი 3 მილიარდი ლარი არ არსებობს, ბიუჯეტის ერთი ნაწილიდან მეორეში გადაიტანეს, მაგრამ მათ ფიზიკურად არ აქვთ ეს ფული, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მის ინიციატივაზე ფინანსთა მინისტრისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.
მისივე თქმით, როცა ხელისუფლებაში იყო 5 მილიარდი დოლარი, იმ პირობებში როდესაც მსოფლიოში დიდი კრიზისი იყო, მაინც წამოიღეს და საქართველოს ეკონომიკა 2008-2009 წელში რეალურად გადაარჩინეს.
"ამათ დავუტოვეთ რამდენიმე მილიარდი ლარი თავისუფალი სახსრები 2012 წელს და ეს ყველაფერი შეჭამეს. ასევე მინდა ვუთხრა ირაკლი სესიაშვილს, რომელიც ამბობს სააკაშვილი კაპიკის მომტანი არ არისო. დიახ, ბატონო სესიაშვილო, თქვენთვის მე კაპიკის მომტანი ნამდვილად არ ვარ, უფრო მეტიც, რაც წაიღეთ იმასაც მოგატანინებთ უკან თქვენ და თქვენისთანებს. მაგრამ, ქართველი ხალხისთვის მომტანი ვარ მრავალი მილიარდის და შემიძლია ეს ახლაც გავაკეთო, როდესაც ქვეყნის გარეთ ვიმყოფები. ბევრად მეტი ავტორიტეტი შემრჩა, ვიდრე თქვენ ყველას ერთად აღებულს," - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, მისი მხრიდან უცხოური ინვესტიციების მოძიება მმართველი გუნდის ინტერესებშიც შედის და ეს საკითხი თითოეულ ქართველის, ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას ეხება.
"საკმარისია შეხედო ფინანსთა მინისტრს და მიხვდე, რომ მაქსიმუმ "ნახალოვკის" რომელიმე ბირჟაზე დაელაპარაკოს ვინმე, მსოფლიოს ინსტიტუტებში ასეთ ხალხს არავინ არ დაელაპარაკება. თქვენივე ინტერესებშია, რომ მომცეთ საშუალება საქართველოსთვის გამოვაწვდენინო დახმარების ხელი ჩვენ მეგობრებს. ეს ეხება თითოეულ ქართველს და ჩვენი ქვეყნის ფიზიკურ გადარჩენას, ზუსტად ვიცი რა მოხდება თუ არ იქნება ძალიან მასშტაბური უცხოური ფულის შემოდინება," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"