"საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და შესაბამისად, თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით"
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას ავიამიმოსვლის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ქართული მხარე მიესალმება აღნიშნულ გადაწყვეტილებას.
მისი თმით, პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას საქართველოს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით იმყოფება და ეს ფაქტი არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე აისახება დადებითად.
"საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა რუსეთის მხარის გადაწყვეტილებით შეწყდა და შესაბამისად თუ რუსეთი შეცვლის საკუთარ გადაწყვეტილებას, როგორც არაერთხელ განვაცხადეთ, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა საგრძნობლად ურთულებს ცხოვრებას ჩვენს ათასობით მოქალაქეს, რომელიც რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა სტატუსით იმყოფება და ბუნებრივია არც სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე აისახება ეს შემდეგ დადებითად. უნდა აღინიშნოს ასევე, რომ რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში, არც ამ გადაწყვეტილების მიღების დროს და არც მას შემდეგ არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდათ, რასაც მილიონზე მეტი ვიზიტორი ადასტურებს",-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, დღეს ვიდეოკონფერნციის დროს განცხადა და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა მალე განახლდება.
"ჯერჯერობით, ავიამიმოსვლა შეწყვეტილია. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში რუსოფობიური კამპანია არ გაიზარდოს, დასრულდეს ისეთი ექსცესები, რომელსაც თბილისში მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეაზე ჰქონდა ადგილი. მათ გვაიძულეს, რომ სერიოზულად დავფიქრებულიყავით რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხებზე. მიუხედავად იმისა, რომ მოგვიანებით ქართული მხარე გვარწმუნებდა, რომ უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნებოდა, ჩვენ მაინც ვართ იმ მდგომარეობაში ახლა, რომ ავიამიმოსვლა შეწყვეტილია",- განაცხადა ლავროვმა.
"ინტერპრესნიუსი"