"ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან წინ აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ყოველდღიურად იყოს რამდენიმე ათეული, ან ასეული" - კვირის პალიტრა

"ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, რადგან წინ აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ყოველდღიურად იყოს რამდენიმე ათეული, ან ასეული"

შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს, დამერწმუნეთ ყველა ის ღონისძიება, რომელიც ქვეყანამ გაატარა, დაწყებული იანვრიდან დღემდე იყო ძალიან დროული, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით მიზანდასახული გეგმის შედეგია, ის რომ დღეს ქვეყანაში მხოლოდ 408 ინფიცირებულია.

"ფართოვდება ქვეყანაში PCR-ზე დამყარებული ტესტები, საკმაო მარაგია უკვე ქვეყანაში ამის შექმნილი. თუ რომელ ჯგუფებში გაფართოვდება, ამას უახლოეს მომავალში მოგახსენებთ. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ადრეულ ეტაპზე, რაც შეიძლება მალე გამოვავლინოთ კიდევ ადამიანები. თუ ისინი ინფიცირებულები არიან, თუმცა დღეს უკვე საკმაოდ დიდი კლასტერი გამოვიკვლიეთ ქობულეთში, ბოლნისში და ა.შ. ძალიან მიხარია, 300 ადამიანს შერჩევითი პრინციპით, რომ იკვლევ, იქ ნული გაქვს შემთხვევა. ეს უკვე ნიშნავს , რომ შედეგს გაძლევს ის ყველაფერი, რაც ჩვენ განვახორციელეთ, მაგრამ ერთი წუთით მოდუნების უფლება არ გვაქვს, იმიტომ რომ წინ კიდევ შეიძლება გვქონდეს ზრდა და აუცილებლად გვექნება ზრდა, მაგრამ არ გვინდა, რომ ეს იყო რამდენიმე ათეული ყოველდღიურად ან ასეული, რადგან ეს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება ჩვენ ჯანდაცვის სისტემას. დღეს კი ჯანდაცვის სისტემა ძალიან კარგად უძღვება იმ ადამიანებს, რომლებიც კლინიკაში ბრძანდებიან და გადიან მკურნალობის კურსს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ის რეკომენდაციები, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა. როგორც გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს რეკომენდაციები, პირველ რიგში, მიმართულია, მშობლების, ბებიების და ბაბუების, ასევე, მომავალი თაობის ჯანმრთელობის დასაცავად.

"კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში გაჟღერდა და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს. პირველ რიგში, ეს ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიების და ბაბუების და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ამ ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, საქართველო ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით გამოვა ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო