"თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა ის, რასაც ზურაბ გურული ამბობს" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე? - კვირის პალიტრა

"თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა ის, რასაც ზურაბ გურული ამბობს" - რას ამბობს თენგიზ ცერცვაძე?

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში მოქმედი პროტოკოლი ჯერჯერობით ძალიან ეფექტურად მოქმედებს და ამის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში დადასტურებული შემთხვევებისა და გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობაა. თენგიზ ცერცვაძემ ასე უპასუხა ამერიკაში მოღვაწე ქართველ ექიმს ზურაბ გურულს, რომელმაც კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი გააკრიტიკა.

"ამერიკაში მცხოვრებმა და იქ მოღვაწე საკმაოდ ცნობილმა ქართველმა ექიმმა, ზურაბ გურულმა გააკეთა რიგი შეფასებებისა და კომენტარებისა ჩვენი სახელმწიფოს, პოლიტიკური სპექტრის, ექიმების, ჩვენი კოვიდის მკურნალობის პროტოკლის თაობაზე. ჩვენ კოლეგიალური პატივისცემის გამო, არ ვპასუხობდით არაფერს, მაგრამ როდესაც ის პრაქტიკულ საკითხს შეეხო, რომ თითქოს ჩვენი მკურნალობის პროტოკოლი არ ვარგა, ჩვენ არასწორად ვმკურნალობთ პაციენტებს, რაც აბსოლუტურად არ შეეფერება სიმართლეს, თავი ვალდებულად ჩავთვალეთ, რომ პასუხი გაგვეცა, რათა ვიღაცას მართლა არ ჰგონებოდა, რომ ის, რასაც ზურაბ გურული ამბობს სიმართლეა. საქართველოში მოქმედი პროტოკოლი თავის თავში შეიცავს რამდენიმე პროტოკოლის ერთობლიობას, 112-ის პროტოკოლის, ოჯახის ექიმის, ცხელების ცენტრების, კოვიდის ცენტრებისა და სხვა. ეს გულისხმობს, რომ ნებისმიერ პიროვნებას, ვისაც აქვს რაიმე სიმპტომი კოვიდის ან აქვს რაიმე რისკის ქცევა, მაგალითად იყო უცხოეთში ან მასპინძლობდა უცხოელს ან იყო კონტაქტში ინფიცირებულთან, შეუძლია, მიმართოს 112-ს. ის გადაამისამართებს მას სპეციალურად გამოყოფილ ოჯახის ექიმების ცეტრებთან, სადაც ტრენინგგავლილი ოჯახის ექიმები სატელეფონო ინტერვიუს ჩაუტერებენ პაციენტს და თუ არსებობს სულ მცირე ეჭვი კოვიდზე მას აუცილებლად ამისამართებენ ერთ-ერთ ცხელების ცენტრში. ეს ძალიან საინტერესო რგოლი და ძალიან ორიგინალური მიგნება ქართული მედიცინისა და სახელისუფლება ვერტიკალის. ჯერჯერობით ეს მოქმედებს ძალიან ეფექტურად და ვფიქრობ, რომ ამის დამსახურებაა, რომ დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლები რაოდენობაა ავადმყოფებისა და გარდაცვალების", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ზურაბ გურულის კიდევ ერთ კრიტიკას უპასუხა, რომელიც მედიკამენტ პლაქვენილის არამიზნობრივ გამოყენებას ეხებოდა.

"ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კოვიდის ეფექტურად სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მედიკამენტი არ არსებობს, არ არის ჯერ დამტკიცეული და მიმდინარეობს ძიება მთელს მსოფლიოში, ამისთვის დაახლოებით 15-16 მედიკამენტს სცდიან, მათ შორის, ყველაზე იმედისმომცემი არის რენდესივირი, მაგრამ ის ჯერ კვლევებშია და არც ერთი ქვეყნისთვის არ არის ხელმისაწვდომი. ამ ფონზე როდესაც რადიკალური საშუალება არ არსებობს პლაქვენილი ბევრის მიერ მიჩნეულია არსებულ მედიკამენტებს შორის საუკეთესოდ", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში მართვითი სუნთქვა 408 ავადმყოფიდან სულ 11-ს დასჭირდა.

"აგრეთვე მინდა ვთქვა, რომ საქართველო სულაც არ არის კონცენტრირებული მხოლოდ "პლაქვენილზე". ჩვენ დიდი წარმატებით გამოვიყენეთ პრეპარატი "ტოცინიზუმაბი" მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ. ეს ძალიან ძლიერმოქმედი მედიკამენტია და მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ინიშნება. ჩვენ სისტემატიურად ვართ ყველა სიახლის საქმის კურსში და ვცდილობთ საქართველოში დავნერგოთ ნებისმიერი ინოვაცია, რომელიც გამოჩნდება, იქნება ეს ახალი მედიკამენტი თუ მკურნალობის მეთოდი. იცით, რომ ვმუშაობთ კოვიდისგან გამოჯანმრთელებული ავადმყოფის პლაზმის გადასხმაზე, როგორც სამკურნალო საშუალებაზე," - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ცერცვაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს "პლაქვენილს" უსიმპტომო, ჯანმრთელ პაციენტებზე და საპროფილაქტიკოდ იყენებენ.

იხილეთ ვიდეო