"მე მთლიანად ლევან რატაინის მხარეს ვარ. საერთოდ ვერ გავიგე, თუ რატომ დაესხნენ სრულიად უსამართლოდ თავს"
ექიმ ლევან რატიანისა და ნიგა გვარაიმიას ინტერვიუს აჟიოტაჟი მოჰყვა. "მთავარი არხის" გენენერალურმა დირექტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა მასთან საუბარში შეცდომები დაუშვა:
"მეგობრებო, მე არც ვირუსოლოგი ვარ, არც ექიმი და არც ბიოლოგი. ლევან რატიანთან ინტერვიუში დავსვი ყველა შეკითხვა, რაც მაინტერესებდა მეც და, ვიმედოვნებ, საზოგადოებასაც. მგონია, საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა და ბევრი რამ ახალი გავიგეთ კორონავირუსზეც და ბატონ რატიანზეც.
ლევან რატიანმა შეცდომები დაუშვაო, მწერენ. რამდენიმეს მეც მივხვდი და ჩავეკითხე, მაგრამ ეთერში ლიკბეზით ვერც და არც დავკავდებოდი მედიცინის პროფესორის მედიცინაში-ბიოლოგიაში გასანათლებლად. ბევრი საკითხი ჩემი ცოდნის მიღმა იყო და მე ვერც მაშინ და ვერც ახლა ვერ დავადგენ, შეცდომა იქნა დაშვებული თუ არა.
ჩემთვის მთავარია, რომ ჩემი ინტერვიუს შემდეგ, საზოგადოება უფრო მყარად და მკაფიოდ პოზიციონირებს ჩემი რესპოდენტის და ინტერვიუს თემის მიმართაც. რა მიმართულებით წავიდა ეს პოზიციონირება, ჩემი "ბრალი" და არც ამოცანა არ ყოფილა/არის.
აქვე ვაქვეყნებ ჩემთვის მოწერილ მითითებებს, რესპოდენტის მიერ დაშვებულ უხეშ შეცდომებზე. ჩემი აზრით, ყურადსაღებია და თუ ბატონი ლევან რატიანი ჩათვლის საჭიროდ პასუხის გაცემას, ეთერს ისევ დავუთმობ. ისე, რატიანის არაანონიმურ კრიტიკამდე ჩვენი ექიმები ჯერ ვერ მივიდნენ, გულში აგინებენ და მე მწერენ, პასუხი როგორ ვერ გავეცი.
ვირუსებს არაერთხელ უწოდა "უჯრედები". ეს ისეთი უხეში შეცდომაა ბიომედიცინაში, მაგალითად, ასტრონომიაში პლანეტებს ვარსკვლავები რომ ვუწოდოთ. ვირუსი არაუჯრედული (სუბუჯრედული) წარმონაქმნია და ნებისმიერ უჯრედზე გაცილებით პატარა და მარტივია. უჯრედი ცოცხალია, ვირუსი – არაცოცხალი (რამდენადაც საკვირველი არ უნდა გეჩვენოს). ვირუსი უჯრედის "შიგნით" მრავლდება.
ეოზინოპენია ლიმფოპენიასთან პარალელურად უკვე თებერვლიდან არის ცნობილი და ის არანაირად არ წარმოადგენს "ქართულ" ფენომენს. თებერვალში ამაზე უკვე გამოქვეყნებული ჰქონდათ არაერთი სტატია ჩინელებს.
კორონავირუსს მაღალი მუტაციის უნარი არ გააჩნია და სრულიად არარელევანტური იყო მუტაციის დასახელება სამკურნალო პრეპარატის არქონის მიზეზად. ესეც ძალიან უხეში შეცდომაა.
გრიპის ვირუსი გაცილებით უფრო მაღალი მუტაციით ხასიათდება, ვიდრე კორონავირუსი. ამიტომ უხეში შეცდომა იყო დაშვებული ღორის გრიპის ვირუსის უფრო ნაკლებად მუტირებად ვირუსად დასახელება.
ჰიდროქსიქლოროქინის და აზიტრომიცინის კომბინაციაზე ძალიან ბევრი კრიტიკაა და ისევ ამ კომბინაციის წარმოჩენა როგორც წამყვანი მკურნალობა, არ არის სწორი.
კორონავირუსი რნმ ვირუსია და არა დნმ ვირუსი (თქვენს საუბარში გაჟღერდა, რომ დნმ ვირუსიაო).
PCR ტესტებზე სრული აბრაკადაბრა იყო," - დაწერა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
თავის მხრივ, ლევან რატიანმა მისი მისამართით გამოთქმულ შენიშვნებზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ თუ ვინმეს შენიშვნის სურვილი აქვს, შეუძლიათ მიბრძანდნენ კლინიკაში და ერთად იმუშაონ იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის წინააღმდეგ აგორებულ ტალღას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, საქართველოს ყიფილი პრეზიდენტი მიხეილ საკაშვილი:
"მე მთლიანად ლევან რატაინის მახრეს ვარ. საერთოდ ვერ გავიგე, თუ რატომ დაესხნენ სრულიად უსამართლოდ თავს. კამათი ერთია და ჩასაფრებული პოზიციიდან ნიშნის მოგება სულ სხვა", - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.