"კოვიდის მკურნალობა არ დააფინანსოს სახელმწიფომ"- რისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ცნობილი კარდიოლოგი
საქართველოს პარლამენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების გადაწყვეტილება დაამტკიცა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 22 მაისამდე გაგრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში მომხრეებიც ჰყავს და მოწინააღმდეგეებიც.
ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გახანგრძლივებას ოპოზიციის წარმომადგენლებმა მხარი არ დაუჭირეს. "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები ხელისუფლებისაგან, ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ანტიკრიზისული გეგმისა და აქამდე განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას ითხოვდნენ. მათი შეფასებით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებამდე, ხელისუფლებას პასუხი უნდა გაეცა კითხვაზე, როგორ აპირებს უსახსროდ დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას.
ცნობილი კარდიოლოგი ნინო ნადირაძე-კუზანოვა მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"მთავრობავ, მოხსენი კარანტინი, გავიდეს ყველა გარეთ, ამუშავდეს ეკონომიკა, ოღონდ კოვიდის მკურნალობა არ დააფინანსოს სახელმწიფომ და ყველა იდეალურად დაიცავს წესებს! მართალია, მერე ექიმებს გვათრევენ, მაგრამ, მიჩვეულები ვართ და გადავიტანთ! ნებისმიერ სცენარში მაინც ჩვენ გვათრევენ". ამასთანავე ნინო ნადირაძე მანქანით გადადგილების საჭირო საშვების გამოყენაბაზეც ამახვილებს ყურადღებას.
"მაქვს საშვი და არც ერთხელ არ მისარგებლია პირადი მიზნებისთვის! რა ხამობაა და ბოროტება, ვინც უსაგნოდ დაშხუილებთ და ამ დასტრესილ ხალხს კიდევ უფრო სტრესავთ!"
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა და თავდაპირველად მისი მოქმედების ვადა 21 აპრილის ჩათვლით იყო განსაზღვრული.