"დღეს ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა, 24 საათში 695 კვლევა ჩატარდა" - რას აცხადებს ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალიდან დამატებით ხუთ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი PCR ტექნოლოგიით კორონავირუსზე მოსახლეობის ტესტირება. როგორც გამყრელიძემ „ფეისბუქ ლაივისას“ განაცხადა, აღნიშნული 5 ლაბორატორიიდან სამი თბილისში იქნება, ხოლო დანარჩენი ორი - ქუთაისსა და ბათუმში.
"მინდა გაუწყოთ, რომ PCR ტესტირება ქვეყანაში სულ უფრო და უფრო ფართოვდება. დღეს ჩვენ ლაბორატორიული კვლევების პიკი გვქონდა. 24 საათში, 5 ლაბორატორიაში 695 კვლევა ჩატარდა, მათგან 92% დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამ ლაბორატორიაზე მოდის: ლუგარის ლაბორატორია, ბათუმისა და ქუთაისის. ხვალიდან უკვე ემატება ხუთი ლაბორატორია, აქედან სამი თბილისში და ერთი ქუთაისში და ერთიც ბათუმში. ეს ნიშნავს, რომ გეოგრაფიულად უფრო ხელმისაწვდომი იქნება PCR ტექნოლოგიით მოსახლეობის ტესტირება",-განაცხადა გამყრელიძემ.
"ინტერპრესნიუსი"