"პატარა გოგო მოვიდა და მკითხა - დედა სად არისო?!" - რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული მამუკა ნაჭყებია, რომლის ცოლიც ესპანეთში გარდაცვალა - კვირის პალიტრა

"პატარა გოგო მოვიდა და მკითხა - დედა სად არისო?!" - რას ჰყვება საქართველოში დაბრუნებული მამუკა ნაჭყებია, რომლის ცოლიც ესპანეთში გარდაცვალა

ახალი კორონავირუსის პანდემიისას, მამუკა ნაჭყებია და ცირა ალიხანაშილი ესპანეთში იმყოფებოდნენ. ესპანეთში ცირა ალიხანაშვილს ონკოლოგიურ დაავადებას მკურნალობდნენ. საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ 34 წლის ცირა ალიხანაშვილი ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა. საქართველოში ცხედრის გადმოსვენება ვერ მოხერხდა და ამიტომ, ის 27 მარტს ესპანეთში დაკრძალეს.

მამუკასა და ცირას 5 მცირეწლოვანი შვილი, მშობლების უცხოეთში ყოფნისას სამტრედიაში ბებიასთან ერთად ცხოვრობდა.

"ესპანეთში ძალიან იმედიანად მოვდიოდით, ხალხის დახმარებით მოგროვდა თანხა და წამოვედით. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, გამიჩნდა იმედი და რა ვიცი, უცებ ცა ჩამოიქცა ჩვენთვის. 17 წელი ვიცხოვრეთ ერთად. საოცარი ადამიანი იყო. არ იცოდა საერთოდ საუბარი პრობლემებზე, არ შეგაწუხებდა, რომ ტკიოდა, მაშინაც არ შეგაწუხებდა, სულ სხვა ბუნების იყო", - ამბობდა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში მამუკა ნაჭყებია.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მამუკა ნაჭყებიამ "სხვა ნანუკასთან" მეუღლის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა:

"ესპანეთში ჩაფრენიდან მეორე დღეს, ცირა ძალიან შეუძლოდ გახდა. საავადმყოფოში მისვლაში იქ მცხორები ქართველები დაგვეხმარნენ. უკვე სეფსისი ჰქონდა დაწყებული. საავადმყოფოში მკურნალობა რომ დაიწყო, იქვე იყო ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც. ექიმებმა ანალიზები აუღიეს და გვითხრეს, რომ კორონავირუსი ჰქონდა. თუმცა, ცირას არც აქ და არც ესპანეთში საავადმყოფოში მისვლამდე კორონავირუსი არ ჰქონდა. ერთი კვირის შემდეგ მოგვაწოდეს ინფორმააცია, კორონავირუსი თითქმის აღმოიფხვრაო. მაგრამ გაგვაფრთხილეს, რომ ქიმიის გაკეთების შემდეგ არ იცოდნენ რა მოხდებოდა. ცირას იმუნიტეტი ძალიან დაბალი ჰქონდა.

ცირას კორონავირუსის დადგენიდან კიდევ 4-5 დღე ვმკურნალობდით. შემდეგ ექიმმა უთხრა, ძლიერი ორგანიზმი გაქვთ და კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდითო. მეორე ქიმიოთერაპიის ჩატარების შემდეგ, ცირას ხელ-ფეხი გაუჩერდა და დაბრმავდა. ტელეფონზე რომ ვესაუბრე, თარჯიმნის დახმარებით, მითხრეს, ექიმმა ცირა პალატაში წაქცეული ნახაო. 15 წუთში ხელ-ფეხი აუმოძრავდა, მაგრამ მთელი დღე დაბრმავებული იყო.

ვეუბნებოდი, რა გჭირს ცირა, მითხარი თქო, - დავბრმავდიო, მიპასუხა...

რამდენიმე წუთი ვესაუბრე, დავამშვიდე. მეორე დღეს რომ დავურეკე, მითხრა- ვხედავო, მაგრამ სად იყო და რა მოხდა არ ახსოვდა. ტელეფონი მთხოვა, ბავშვებთან ლაპარაკი უნდოდა. ტელეფონი გამეთიშა და მეორე დილით ჩემთან 10 ადამიანი მოვიდა, ჩემმა დამაც დამირეკა და მითხრა რომ ცირა გარდაიცვალა.

რა მოხდა, რატომ გაუჩერდა ხელ-ფეხი და რატომ დაბრმავდა, არაფერი ვიცი.

არ ვიცი სად დაკრძალეს, უბრალოდ ვიცი მისამართი, როგორც საელჩოდან მითხრეს, მის აკლდამას ნომერი მიანიჭეს.

ესპანეთში რომ ვიყავი, ცირას გარდაცვალება ძალიან განვიცადე, მაგრამ აქ რომ ჩამოვედი, ბავშვები რომ დავინახე, ამის შემდეგ დაიწყო ყველაფერი. რომ ჩამოვედი ყველა მომესალმა, პატარა გოგო მოვიდა და მკითხა - დედა სად არისო?!", - განაცხადა გადაცემაში საუბრისას მამუკა ნაჭყებიამ.

"სხვა ნანუკას" ერთ-ერთმა მაყურებელმა, კი მამუკა ნაჭყებიას შვილებთან ერთად, საჩუქრად დიღომში ბინა გადასცა.

იხილეთ ასევე: "ჩემს ცირას აკლდამაში ექნება თავისი ნომერი და ამ ნომრით მივაგნებ..."