"იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, სადღაც იყო წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში"
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "სპეცპროექტი COVID-19"-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება სოციალურ დისტანცირებასა და სახლში დარჩენის აუცილებლობაზე.
"ექიმების მთავარი მოთხოვნაა - უნდა დავცილდეთ ფიზიკურად ერთმანეთს, რომ მომავალ წელს გაზაფხული ვნახოთ, მხოლოდ ეს გადაგვარჩენს. რატომ გავბრაზდით? როცა თქვენთვის ვმუშაობთ, თქვენც უნდა მიიღოთ საზოგადოებამ, რომ დარჩეთ სახლში.
ჩემი როგორც ექიმის პრეროგატივაა ყველას ვუთხრა: ღმერთმა საავადმყოფოში ამ დაავადების გართულებით ნუ მოგახვედროთ. ძალიან ცუდი წარმოსადგენია რაც აქ ხდება... ჩვენ ექიმებმა რაც დავინახეთ, ნეტა არ გვენახა! ესაა მომენტი, როცა ადამიანი იხრჩობა და შველას გთხოვს. ეს არ ხდება ეტაპურად, ეს ხდება წამებში და წუთებში...
ყველაზე დიდი წყევლაა "უნდინას წყევლა", რაც ნიშნავს რომ თავის ტვინი ითიშება და სუნთქვის უკმარისობით კვდებიან ადამიანები. ზუსტად "უნდინას წყევლის" სუნთქვის უკმარისობით მიმდინარეობს ეს დაავადება და ნუ გამოიწვევს ჩვენი მოსახლეობა მას, დავრჩეთ სახლში და არ გადავდოთ ერთმანეთს, რომ არ მოვკვდეთ" - აღნიშნა ლევან რატიანმა "სპეცპროექტი COVID-19"-თან საუბარში.
მისი თქმით, კლინიკის რეანიმაციაში მძიმე მდგომარეობაშია პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი ოჯახის წევრის დაუდევრობის გამო გადაედო.
"გვყავს ოჯახი, რომლის ერთ-ერთი წევრი, იმის გამო, რომ თვითონ ესიამოვნა, იყო სადღაც წასული… ის კლინიკიდან უკვე გაეწერა, მაგრამ მისი ოჯახის წევრი, დედა, ამ წუთში კვდება რეანიმაციაში. ესაა საზოგადოების უპასუხისმგებლობა. ვირუსის შემომტანი უმეტესწილად არის ახალგაზრდა. ამიტომ ეს ახალგაზრდები უნდა დაყოვნდეთ სახლში. წაიკითხეთ წაუკითხავი წიგნები", - განაცხადა ლევან რატიანმა.
საქართველოში კორონავირუსი 416 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 107 უკვე გამოჯანმრთელდა, 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.