რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსიგან პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პაციენტი დღეს დატოვებს კლინიკას.

"ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ჩვენს კლინიკას. ასევე მეორე პაციენტზეც მოვიდა პირველი პასუხი უარყოფითი და დღეს განმეორებით ჩავუტარებთ. თუ აქაც უარყოფითი პასუხი იქნება, მაშინ მეორე პაციენტიც დატოვებს კლინიკას ალბათ ხვალ. ნელ-ნელა დავიწყეთ ხალხის გაჯანმრთელება, რაც ძალიან გვახარებს ყველას", - განაცხადა გოფოძემ.

მისი თქმით, ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ 67 პაციენტი იმყოფება, საიდანაც, 40-ს აქვს კორონავირუსი.

"ერთი ახალი პაციენტი დაგვემატა გუშინ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ გვყავს კოვიდდადასტურებული, თუმცა ორ პაციენტს სერიოზული პნევმონია აქვს. მათ შორის ერთი ჟანგბადდამოკიდებულია თანმხლები დაავადებებით. ვნახოთ, როგორ წარიმართება მისი მკურნალობა. ამ წუთისათვის შეიძელბა შეფასდეს მძიმედ, მაგრამ კრიტიკულად არა", - აღნიშნა გოფოძემ.

"ინტერპრესნიუსი"