"ვირუსის ისეთი აფეთქება არაა, რომ ჩვენ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისში ვინმე გავგზავნოთ, ან დახმარება ვთხოვოთ" - რა ხდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში?
ბი-ბი-სის რუსულმა რედაქციამ გამოაქვეყნა სტატია, სათაურით: "როგორ უმკლავდებიან კორონავირუსს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. გთავაზობთ სტატიის შემოკლებულ ვარიანტს:
"საქართველოსგან განდგომილი აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი კორონავირუსამდეც განიცდიდდნენ სიძნელეებს, როგორც მედიკამენტებით უზრუნველყოფის საქმეში, ისე რთული ოპერაციების გაკეთებისა და მძიმე დაავადებების მკურნალობაში. "ბი-ბი-სი" შეეცადა გაეგო, მზად არიან თუ არა თვითგამოცხადებული რესპუბლიკები წინააღმდეგობა გაუწიონ Covid 19-ის ეპიდემიის აფეთქებას.
აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ექიმები ერთხმად აცხადებენ, რომ დღეს მთავარ პრობლემას ადამიანების მიერ თვითიზოლაციის რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს. "მოსახლეობა სახლებში იყო ჩაკეტილი, მაგრამ ორი კვირა გავიდა და ადამიანებმა წესების დარღვევა დაიწყეს. ოფიციალურად გადაადგილება შეზღუდულია, დამრღვევებს აჯარიმებენ, მაგრამ ბევრს კარანტინის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება აქვს", - ამბობს ბი-ბი-სის კორესპონდენტთან საუბარში აფხაზეთის სამხედრო ჰოსპიტალის მთავარი ექიმი ზურაბ აჩბა. 
ქართველი ჩინოვნიკების, ექსპერტებისა და სამოქალაქო აქტივისტების თქმით, თუ რეგიონში კორონავირუსის მასშტაბური აფეთქება მოხდება, საეჭვოა, რომ არაღიარებული რესპუბლიკების ჯანდაცვის სისტემებმა მძიმედ ავადმყოფი პაციენტების მოზღვავებას გაუძლონ. თბილისი მათ დახმარებას სთავაზობს როგორც კორონავირუსის დიაგნოსტიკაში, ასევე დაავადებულების მკურნალობაში.
"ჩვენთან არანაირი აფეთქება არ არის" "რა თქმა უნდა, საქართველო თავისი მასმედიით გაჰყვირის, რომ მზად არის ჩვენს დასახმარებლად... მაგრამ, ბოდიში, ეპიდემიის მიუხედავად, ჩვენ თავის დაკარგვას არ ვაპირებთ.. მით უმეტეს, რომ არანაირი ისეთი აფეთქება არაა, რომ ჩვენ სიამაყეს გადავაბიჯოთ და თბილისში ვინმე გავგზავნოთ, ან დახმარება ვთხოვოთ", - აცხადებს "ბი-ბი-სი"-სთან საუბარში კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული აფხაზური შტაბის წარმომადგენელი ალხას ჯინჯოლია.
აფხაზეთში ხაზს უსვამენ, რომ მათთან Covid 19-ით დასნებოვნების მხოლოდ სამი შემთხვევაა დაფიქსირებული, ე.წ სამხრეთ ოსეთში, იქაური ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი საერთოდ არ არის... საქართველოში კი კორონავირუსით უკვე 400-ზე მეტი ადამიანია დაავადებული, იგივე მდგომარეობაა აფხაზეთსა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე რუსეთის უახლოეს რეგიონებში, სადაც ასობით ინფიცირებულია რეგისტრირებული.
"აპარატები გვაქვს, მაგრამ სპეციალისტები არ გვყავს"
კორონავირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან საზღვარი ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში დახურა, მაგრამ სამხედროების წრთვნის პროცესი 9 მაისის დღესასწაულის აღლუმთან დაკავშირებით ისევ გრძელდება. 
როგორც ცხინვალში ამბობენ, ტექნიკურად რეგიონი მზად არის გაუძლოს ვირუსის ეპიდემიის პირველ ტალღას, მაგრამ პრობლემა სპეციალისტების უკმარისობაშია. ამჟამად სამხრეთ ოსეთის საავადმყოფოებში ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის 26 აპარატი აქვთ, მაგრამ იმ ექიმების რაოდენობა, რომლებთაც აპარატის პრაქტიკული გამოყენება იციან, თითზე ჩამოსათვლელია
"ავადმყოფის მიერთება აპარატზე საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს, ამისთვის ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგებია საჭირო, ისინი კი არ გვყოფნის. აი, მთელ რესპუბლიკაში მე თვითონ ვარ და ჩემი ხუთი-ექვსი მოსწავლე, რომლებსაც აპარატის მართვა შეუძლიათ. სამწუხაროდ, ასეა და ამ ძალებით ჩვენ მხოლოდ 25-მდე ავადმყოფის მკურნალობა შეგვიძლია. მაგრამ თუ იქნება პაციენტების დიდი მოზღვავება, პრობლემები გაგვიჩნდება", - განუმარტავს "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტს რეგიონის მრავალპროფილური მედცენტრის მთავარი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი ალექსანდრე პლიევი.
კადრების უკმარისობის პრობლემის სწრაფი მოგვარება ჯერჯერობით შეუძლებელია, ამიტომაც კორონავირუსის შესაძლო მასობრივი აფეთქების შემთხვევაში ალექსანდრე პლიევი გეგმავს, რომ დახმარებისთვის მიმართოს კოლეგებს რუსეთის რეგიონებში და უკრაინის არაკონტროლირებად დონბასში. "ისინი ჩემი პირადი ნაცნობები არიან, რომლებთანაც მრავალი წელია ურთიერთობა მაქვს და მათ ვენდობი, როგორც პროფესიონალებს. ისინი უკვე დამპირდნენ, რომ თუ საჭირო იქნება, ცხინვალში ჩამოვალთო", - ამბობს ალექსანდრე პლიევი.
მსგავსი ისტორიაა ექიმების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებითაც. ამჟამად, ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, პირბადეები, ხელთათმანები და ა.შ. სამყოფია, მაგრამ თუ ავადმყოფთა რაოდენობა მკვეთრად მოიმატებს, მაშინ ინდდაცვის საშუალებების მწვავე დეფიციტი გაჩნდება. სხვათა შორის, უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის დასაწყისში მასმედიაში მოხვდა ცხინვალის საავადმყოფოს ქირურგის ვლადისლავ ვალიევის განცხადება, რომლის თანახმად, მან უარი თქვა მორიგეობაში გასულიყო, რადგან არ იყო უზრუნველყოფილი ნიღბით, ხელთათმანებით, სათვალეებით და დამცავი კომბინეზონით.
რეანიმატოლოგი ალექსანდრე პლიევი, რომელიც პირადად იცნობს ვლადისლავ ვალიევს, ამბობს, რომ ექიმებს შორის ინდივიდუალური დაცვის საშუალებების უკმარისობის ცალკეული შემთხვევები ნამდვილად არსებობს, მაგრამ მთლიანობაში სისტემა სიტუაციას უმკლავდება. "დიახ, ხდება ხოლმე, რომ ერთ განყოფილებაში გარკვეულ მომენტში ნიღბები და ხელთათმანები უთავდებათ, მაგრამ შეიძლება მეზობელ განყოფილებაში გახვიდე და აიღო. რაიმე სისტემატური უკმარისობა ამჟამად არ გვაქვს, ცალკეული შემთხვევები კი მსოფლიოს ყველა საავადმყოფოში ხდება", - ამბობს იგი.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს რეგიონში, წითელი ჯვრის გარდა, არცერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ მუშაობს, ცხინვალი უარს აცხადებს დახმარებისთვის საქართველოს მიმართოს. "ცხინვალის სურვილი, რომ საქართველოსგან და პრინციპში, ყველასაგან იზოლირებული იყოს, რუსეთისა და ორიოდე სხვა ქვეყნის გარდა, კორონავირუსთან დაკავშირებულ სიტუაციაზეც ვრცელდება. პრინციპში, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ლოგიკურები არიან თავიანთ მოქმედებაში, მაგრამ ჩემი აზრით, ეს ლოგიკა მცდარია და მათ სიკეთეს არ მოუტანს", - თვლის ქართველი ანალიტიკოსი გიორგი კანაშვილი.
რეალური დახმარება თუ დიდი პოლიტიკა?
ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მცხოვრებლები მძიმე ავადმოყოფების დროს რუსი ექიმებისაგან დახმარებას ადრეც იღებდნენ (ამაზე სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფლება ბევრს ლაპარაკობს). გარდა ამისა, [გამიჯვნის დროებით ხაზთან] მცხოვრები მოსახლეობა მკურნალობისთვის ქართველ ექიმებსაც მიმართავდა.
საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას მონაცემებით, 2019 წელს საქართველომ თავის საავადმყოფოებში დააფინანსა აფხაზეთიდან გადმოსული 689 პაციენტის, ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან კი - 174-ის მკურნალობა.
მაგრამ საქართველოს საავადმყოფოებში მკურნალობა არაღიარებული რესპუბლიკების მცხოვრებლებისათვის ყოველთვის ადვილი არ არის. ქართველი უფლებადამცველების თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია ახალგორის მუნიციპალიტეტში (სამხრეთ ოსეთში მას ლენინგორის რაიონს უწოდებენ) შექმნილი მდგომარეობა, სადაც მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ. 2008 წლის აგვისტოდან ეს ტერიტორია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების კონტროლქვეშ იმყოფება.
ადრე ადგილობრივი მცხოვრებლები საკმაოდ ხშირად გადადიოდნენ ე.წ. "საზღვარზე" ახლობლების სანახავად და სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, ზოგიერთები საქართველოს ხელისუყფლებისაგან პენსიებს და სოციალურ დახმარებსაც იღებდნენ, მაგრამ 2019 წლის სექტემბერში ცხინვალმა ის გადასასვლელი პუნქტი დახურა, რომელიც ახალგორის რაიონს დანარჩენ საქართველოსთან აკავშირებდა. 
ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის თქმით, გადასასვლელს ზოგჯერ აღებენ, რომ ახლაგორელი პაციენტები თბილისში ჩაიყვანონ, მაგრამ ნებართვის მიღება ძალიან რთულია. იყო შემთხვევები, როცა ცხინვალი უარს აცხადებდა მძიმედ ავადმყოფი პაციენტების გაშვებაზე. ამ ფონზე რაიონის მოსახლეობა შიშობს, რომ ვირუსის აფეთქების შემთხვევაში საჭირო დახმარებას ვერ მიიღებენ.
მაგრამ, თამარ მეარაყიშვილის თქმით, ახალგორელები დახმარების გაწევის სწრაფვას ვერც საქართველოს ხელისუფლების მხრიდანაც ვერ ხედავენ: "მათ ყოველთვის აქვთ შანსი საქმით აჩვენონ, თუ როგორ ზრუნავენ ჩვენზე და არა მარტო განცხადებები აკეთონ, - ამბობს იგი, - მაგალითად, ხომ შეუძლიათ 200 ნიღბის გამოგზავნა? აბა, მაშ როგორ გზავნიან ნათესავები დახმარებას? ამის გზები არსებობს. საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ამ გზებით სარგებლობა, მაგრამ ამას არ აკეთებს.
საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატში უარი განაცხადეს ბი-ბი-სისთვის იმ მონაცემების მიცემაზე, თუ რა დახმარებას იქნა გაწეული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისათვის კორონავირუსთან ბრძოლაში.
"არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ვირუსი გვერდს აგვივლის"
აფხაზეთში, ე.წ. სამხრეთ ოსეთისაგან განსხვავებით, სიტუაცია ცოტა სხვანაირია. მარტის ბოლოს, როცა მთელი ევროპა კარანტინით ტოტალურად იხურებოდა, აფხაზეთში პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდა, ხმის მიცემაში მოსახლეობის 70% მონაწილეობდა. წინასაარჩევნო კამპანიის დროს პოლიტიკოსები აქტიურად დადიოდნენ რაიონებში და ამომრჩევლებს ხვდებოდნენ, ეწყობოდა ტრადიციული ქორწილები, რომლებზეც ათასზე მეტი ადამიანი იკრიბებოდა. 30 მარტს აფხაზეთის მცხოვრებს კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა დაუფიქსირდა. ექიმების თქმით, ქალბატონი მოსკოვიდან ჩამოვიდა და რადგანაც თავს შეუძლოდ გრძნობდა, საქართველოში წავიდა. მას Covid 19-ით დაავადების დიაგნოზი უკვე თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მდებარე საავადმყოფოში დაუსვეს.
ერთი კვირის შემდეგ კორონავირუსით დასნებოვნება დადასტურდა უკვე აფხაზეთის ტერიტორიაზეც: საავადმყოფოში მიიყვანეს გაგრის მცხოვრები, მოსკოვიდან დაბრუნებული. ცოტა მოგვიანებით ვირუსის დაუდგინეს მის ცოლს და 95 წლის მეზობელს, რომელსაც ოჯახური წყვილი შაბათ-კვირას სტუმრობდა. ამჟამად, ექიმების თქმით, ორი ავადმყოფი უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო მოხუცი ქალის მდგომარეობაზე მედიკოსები ზრუნავენ. 
ჯანდაცვის მუშაკები თვლიან, რომ მათ შეძლეს კორონავირუსის ამ კერის ლოკალიზება: შენობასთან მისასვლელები, რომელშიც დასნებოვნებულები ცხოვრობენ, პოლიციამ გადაკეტა და მცხოვრებლები ორი კვირის განმავლობაში კარანტინში იმყოფებოდნენ.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ვირუსი გვერდს აგვივლის. ვემზადებით შესაძლოა აფეთქებისათვის... მაგრამ ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში დაავადება უკან დაიხევს. ჩემი აზრით, მეორე ტალღა შეიძლება ნოემბერში იყოს", - ამბობს სამხედრო ჰოსპიტლის ექიმი ზურაბ აჩბა.
აფხაზი ექიმებიც, თავიანთი ოსი კოლეგების მსგავსად, გამოცდილი სპეციალისტების უკმარისობაზე, პირველ რიგში კი, რეანიმატოლოგების კადრების დეფიციტზე ლაპარაკობენ. იყო პრობლემები ექიმებისა და მედიცინის დების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან დაკავშირებითაც.
"ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატები მთელ რესპუბლიკაში შევაგროვეთ და პროფილურ საავადმყოფოში მოვიტანეთ. ამ საკითხში ძალიან დაგვეხმარა აფხაზური დიასპორაც მოსკოვიდან, რის შედეგადაც ამჟამად ხელოვნური სუნთქვის 60 აპარატი გვაქვს. ასევე შესყიდული და მოტანილია ნიღბები ექიმების უზრუნველსაყოფად", - უთხრა "ბი-ბი-სი"-ს კორესპონდენტს ალხას ჯინჯოლიამ. რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის ხელისუფლების მიერ გაწეულ დახმარებას, ის მხოლოდ მეთოდური ხასიათისაა და ავადმყოფთა მკურნალობის წესებსა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს გულისხმობს.
აფხაზეთმა საერთაშორისო დახმარებაც მიიღო: აპრილის შუახანებში სოხუმში გაეროს ეგიდით ინდდაცვის საშუალებების მესამე მსხვილი პარტია ჩაიტანეს მედპერსონალისათვის. ჰუმანიტარული ტვირთის კოლონა აფხაზეთში საქართველოსთან არსებული არაღიარებული საზღვრის გავლით ჩავიდა. "სიტუაციის გათვალისწინებით, საქართველოსთან საზღვარზე არსებული რეჟიმი სწორედ გაეროს ტვირთების გასატარებლად გამარტივდა, ყველა სხვა ტვირთებისათვის კი დახურულია. ავტოკოლონა ჩვენი ნებართვით შემოვიდა - დახმარება მართლაც გვჭირდება. გაეროელებმა შემოგვთავაზეს და პირველივე დღეებში მოცემული სიტყვა შეასრულეს", - ამბობს ალხას ჯინჯოლია. 
საქართველოს ხელისუფლების მტკიცებით, თბილისი ყველა შესაძლო არხს იყენებს, რომ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას დახმარება ადგილებზე გაეწიოს და მათ კორონავირსისი აფეთქების შემთხვევაში დახმარებას ჰპირდებიან. ამ მიზნით სოფელ რუხში, აფხაზეთის არაღიარებული საზღვრის ახლოს, დაჩქარებულ რეჟიმში გახსნეს ახალი კლინიკა, რომელიც მომავალში, როგორც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, ერთდროულად 220 ავადმყოფს მიიღებს.
მაგრამ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები თვლიან, რომ საკუთარ პრობლემებს თვითონ მოუვლიან და სიტუაციას გაუმკლავდებიან: "არიან საზღვრისპირა რაიონების მცხოვრებლები, ეთნიკური ქართველები, რომლებიც საქართველოში როგორღაც გადადიან, მაგრამ ეს მხოლოდ სამჯერ-ოთხჯერ თუ ხდება, მათი კერძო სურვილით. ოფიციალურად ჩვენ საქართველოში სამკურნალოდ არავის არ ვაგზავნით და არც ვაპირებთ. ჩვენ საკუთარი ძალები გვყოფნის... რაც შეეხება არაოფიციალურ გადასვლებს, ჯერჯერობით ჩვენ მათზე თვალს ვხუჭავთ, რომ სიტუაცია არ გავამწვავოთ", - ამბობს ალხას ჯინჯოლია.
გააგრძელებს თუ არა დახმარებას რუსეთი?
საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით დაავადებულთა გაცხადებული რაოდენობა სინამდვილეს არ შეესაბამება. თბილისში აღნიშნავენ, რომ სეპარატისტულ რეგიონებში სრულყოფილი ლაბორატორიული კვლევების შესაძლებლობა არ არსებობს. ამაზე სოხუმი და ცხინვალი პასუხობენ, რომ მათ ტესტებთან და მათი ჩატარების მიზნით საჭირო მოწყობილობების საკითხში პრობლემები არ აქვთ, ხოლო ანალიზებში, თუ საჭიროა, მათ რუსი კოლეგები ეხმარებიან.
მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს ეპიდემოლოგიური კრიზისი, ვთქვათ და გვერდს აუვლის, პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ პრობლემებს ისინი ვერსად გაექცევიან. იმის გამო, რომ ადგილობრივმა დე ფაქტო მთავრობებმა საკმაოდ ბევრი შეზღუდვა დააწესეს, ორგანიზაცეიბმა და სავაჭრო წერტილებმა მუშაობა შეაჩერეს.
აფხაზეთის უნივერსიტეტის ეკონომიკური თეორიის კათედრის შეფასებით, აფხაზეთი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის პირობებში დღეში 50 მილიონ რუბლს კარგავდა. 21 აპრილიდან სოხუმის ხელისუფლებამ უკვე დაიწყო შეზღუდვების მოხსნა, სამხრეთ ოსეთში კი საკარანტინო რეჟიმი ისევ გრძელდება.
ტურისტული სეზონის დაწყება არაღიარებულ რესპუბლიკებში, უმთავრესად კი აფხაზეთში, კითხვის ქვეშ დგას. ტურინდუსტრიის მუშაკების თქმით, მათ საკმაოდ ბევრი განაცხადები აქვთ რუსეთიდან, მაგრამ ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როდის და როგორ გაუქმდება გადაადგილების შეზღუდვა თვითონ რუსეთში.
ეკონომისტების შეფასებით, გასულ წლებში არაღიარებულ რესპუბლიკების ბიუჯეტების უზრუნველყოფა 50-70%-ით რუსეთიდან გადმორიცხული ფინანსებით ხდებოდა. მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, დოტაციების გამოყოფა ადრე დამტკიცებული სქემით მიმდინარეობს, მაგრამ რჩება კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად შეძლებს მოსკოვი დაფინანსების უზრუნველყოფას, რესპუბლიკების დამატებითი ხარჯების გათვალისწინებით, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე". წყარო
მოამზადა სიმონ კილაძემ