"მეფე-მზის" დაბრუნება - ვლადიმირ ზელენსკის ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის იმედი აქვს?! - კვირის პალიტრა

"მეფე-მზის" დაბრუნება - ვლადიმირ ზელენსკის ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის იმედი აქვს?!

"ჯერ კიდევ ორი წლის წინ ყველას ეგონა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა დასრულდა - 2018 წლის თებერვალში მას კიევის რესტორანში უკრაინელმა პოლიციელებმა და მესაზღვრეებმა ხელი სტაცეს, თვითმფრინავში შეაგდეს და თავი ვარშავაში ამოაყოფინეს, თან გააფრთხილეს - კიევში დაბრუნება არ გაბედო, თორემ ციხე არ აგცდებაო", - ნათქვამია გერმანულ გაზეთში «Süddeutsche Zeitung» გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით: "მეფე-მზის" დაბრუნება: საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გადარჩენა მიანდეს" (ავტორი - ფლორიან ჰასელი).

"გააფრთხილეს, მაგრამ მან მაინც მოახერხა უკრაინაში სკანდალურად დაბრუნება, მოგვიანებით კი, ვლადიმირ ზელენსკიმ, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობაც დაუბრუნა, რომელიც პეტრო პოროშენკომ ჩამოართვა. სულ მალე კი, როგორც ჩანს, საქართველოს ექს-პრეზიდენტს უკრაინის მთავრობაში ვიცე-პრემიერად ვიხილავთ", - აღნიშნავს ავტორი და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის ანალიზს აკეთებს.

"მიხეილ სააკაშვილმა რეფორმატორის რეპუტაცია 2004-2013 წლებში დაიმსახურა, კავკასიური სახელმწიფოს პრეზიდენტობის ჟამს. მან გარდაქმნა კორუმპირებული პოლიცია, შეამცირა ბიუროკრატია, ჩინოვნიკობა და აშშ-ის "საყვარელი ბიჭი" გახდა... მაგრამ მას თვითმპყრობელის სინდრომიც გამოაჩნდა: მისი მთავრობის მინისტრები აშანტაჟებდნენ ბიზნესმენებს, არღვევდნენ მართლწესრიგს და კანონებს, ახშობდნენ კრიტიკას, ოპოზიციაზე კი ზეწოლას ახდენდნენ. ამასობაში მიხეილ სააკაშვილმა ახალი საპრეზიდენტო სასახლე აიშენა და ქვეყანას პატარა "მეფე-მზესავით" მართავდა.

2013 წელს, პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე, იგი სწრაფად წავიდა ნიუ იორკში, რადგან პროკურატურა მის წინააღმდეგ აღძრული საქმის გამოძიებას იწყებდა - თუ რაში დახარჯა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო სახსრები (სამი მილიონამდე ევრო - ძვირფას ტანსაცმელში, საათებში, ვერტმფრენებისა და იახტების დაქირავებაში, ფოტომოდელებით გართობაში, მასაჟისტებით სარგებლობაში და ა.შ.).

2015 წელს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ისევ გამოჩნდა, ამჯერად უკრაინაში. ქვეყნის იმდროინდელმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას მოქალაქობა მიანიჭა და ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა - კორუფციასთან მებრძოლი კაცია და წარმატებას მიაღწევსო, მაგრამ მალე მათ შორის კონფლიქტი დაიწყო: შედეგი ცნობილია - პრეზიდენტმა მოქალაქეობა როგორც მისცა, ისევე ჩამოართვა და უკრაინიდან გააძევა.

ახლა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორალის იმედი აქვს - დასავლეთში რეფორმატორის სახელი აქვს და იქნებ უკრაინასაც დაეხმაროს რეფორმების გატარებაშიო, ამიტომ უმაღლეს რადაში ვიცე-პრემიერობის კანდიდატად წარადგინა. უკრაინის მასმედიის მონაცემებით, რადას ბევრი წევრი მიხეილ სააკაშვილის დანიშვნით მოხარული არ არის - მათ კარგად ახსოვთ მისი პოპულიზმი და პოლიტიკურ-რიტორიკული გამოხტომები. საქართველოს ცის კაბადონზე მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კომეტა უკვე გამქრალია, თბილისს მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის აქვს აღძრული. ამასთანავე, საქართველომ რამდენჯერმე მიმართა კიევს ექსპრეზიდენტის დაკავება-დეპორტაციის მიზნით, მაგრამ წარუმატებლად", - წერს გერმანული გაზეთი. წყარო

"საქართველოს ექს-პრეზიდენტს ერთი ნაბიჯიღა რჩება არამხოლოდ უკრაინის პოლიტიკაში, არამედ ქვეყნის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე", - წერს რუსული გაზეთი "კომერსანტი" («КоммерсантЪ») სტატიაში სათაურით "გადაგვარების ეპოქის დიდი მოღვაწე მიხეილ სააკაშვილი მუშაობას უკრაინის მთავრობაში იწყებს", რომელშიც მისი პოლიტიკური ბიოგრაფია და კარიერაა განხილული. რასაკვირველია, პუბლიკაციაში დიდი ადგილი აქვს დათმობილი მიხეილ სააკაშვილის საქმიანობის ქართულ სექტორს, განსაკუთრებით ქვეყნის პრეზიდენტობის დროს, 2004-2013 წლებში. "მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ შეარჩია, მაგრამ დაამტკიცებს თუ არა უამღლესი რადა - უკრაინის პარლამენტი ექს-პრეზიდენტს და ყოფილ გუბერნატორს ვიცე-პრემიერად, ამაში ბევრი უკრაინელი ექსპერტი დარწმუნებული არ არის". წყარო

ამავე თემაზე სტატია გამოქვეყნდა აზერბაიჯანულ გაზეთში "კასპიი"  («Каспий») სათაურით "მიშიკოს მეორედ მოსვლა: ვლადიმერ ზელენსკიმ მას უკრაინაში რეფორმების ხელმძღვანელობა შესთავაზა" (ავტორი - ალი საიდოვი).

სტატიაში  ფართოდაა გადმოცემული მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობა საქართველოში (პრეზიდენტის პოსტზე) და უკრაინაში (ოდესის ოლქის გუბერნატორად). "საინტერესოა, რომ მიხეილ სააკაშვილი თავის ისტორიულ სამშობლოსაც არ ივიწყებს: უკრაინის პრეზიდენტის წინადადებით გამხნევებულმა მან საქართველოს ხელისუფლებას გარიგება შესთავაზა - თუ თქვენ დროებით ოფიციალურ სტატუსს მომცემთ და ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმეების განხილვას შემოდგომამდე გადადებთ, უცხოელ პარტნიორებისგან საქართველოს ეკონომიკაში 5,5 მილიარდ დოლარს შემოვიტანო.

ცხადია, საქართველოს ხელისუფლება ამ ვაჭრობას არ დათანხმდებოდა და არც დათანხმებულა. კაცმა რომ თქვას, დღეს ქართველებს თავიანთი პოლიტიკური პრობლემები აქვთ და სააკაშვილზე მაინცდამაინც არ ფიქრობენ", - აღნიშნავს გაზეთი. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ