რომელ ეტაპზე რა რეგულაციის მოხსნა იგეგმება? - რას ამბობს პრემიერ-მინისტრი?
პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, რისთვისაც მთავრობამ შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის გეგმა შეიმუშავა, რომლის დაცვის გარეშეც შეზღუდვების მოხსნა და ეკონომიკის გახსნა ვერ მოხდება. როგორც გახარიამ ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა, 4 წესი შემუშავდა:
1. სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; 2. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; 3. იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა; 4. დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა.
პრემიერის თქმით, პირველი სამი წესი სავალდებულოა, მე-4 - რეკომენდირებული. გახარიას განცხადებით, შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად 2-კვირიანი შუალედით მოხდება და გათვალისწინებული იქნება ის ეპიდვითარება, რაც იმ პერიოდისთვის იქნება ქვეყანაში.
"ეტაპებს შორის იქნება ორი კვირა. პირველი ეტაპიდან ორი კვირის გასვლის შემდეგ გადავალთ მეორე ეტაპზე და ა.შ. ამ ორი კვირის განმავლობაში დააკვირდებიან ეპიდსიტუაციას და იმის შესაბამისად იმოქმედებენ", - განაცხადა მან.
პირველი ეტაპი
დაიწყება 27 აპრილიდან და სრულად დაშვებული იქნება მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების მომსახურება, ონლაინ ვაჭრობა, ნებისმიერი პროდუქტის დელივერი სერვისი და ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა, თუმცა ყველამ უნდა გაითვალისწინოს ის დადგენილი წესები, რაც საქმიანობის აღდგენისთვის იქნება საჭირო.
მეორე ეტაპი
განახლდება მშენებლობა, მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა, სამშენებლო მასალების წარმოება, ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები სრულად, კომპიუტერების და პირადი საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი და სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპი საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან. ასევე, ყველა ტიპის ღია ბაზრობა, ყველა ტიპის წარმოება და საგამომცემლო საქმიანობა
მეოთხე ეტაპი
გაიხსნება სავაჭრო მოლები, ღია ტიპის რესტორნები და კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით. ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება, სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.
მეხუთე ეტაპი გაიხსნება დახურული ტიპის ბაზრები და ბაზრობები, ყველა ტიპის რესტორანი /კვების ობიექტები ადგილზე მომსახურებით.
მეექვსე ეტაპი გაიხსნება გასართობი, სპორტული-გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა. აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი, სასტუმროები, საგანამათლებლო დაწესებულებები, ყველა სხვა საქმიანობა (არადისტანციურ რეჟიმში).
გახარიას თქმით, ჯერჯერობით მუნიციპალური ტრანსპორტისა და გეგმიური სამედიცინო მომსახურების განახლების თაობაზე გადაწყვეტილება ვერცერთ ეტაპს ვერ დაუკავშირდა და ეს დამოკიდებული იქნება ქვეყანაში ეპიდვითარებაზე.