"ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად სავარაუდო დანიშვნა, თბილისმა შეიძლება კიევის არამეგობრულ ნაბიჯად ჩათვალოს" - კვირის პალიტრა

"ექსპრეზიდენტ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად სავარაუდო დანიშვნა, თბილისმა შეიძლება კიევის არამეგობრულ ნაბიჯად ჩათვალოს"

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო დანიშვნა უკრაინის ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე დიდი ალბათობით, თბილისის მიერ აღქმული იქნება როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი, გადადგმული სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან", - განაცხადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თეიმურაზ შარაშენიძემ.

"თქვენ იცით, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული მართლმსაჯულების მიერ დამნაშავედაა ცნობილი და მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. თავის დროზე უკრაინის მხარეს მივმართეთ თხოვნით მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და მისი საქართველოსადმი გადმოცემის თაობაზე, იმავდროულად უკრაინას გადაეცა მასალები ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეების შესახებაც.... გარდა ამისა, საჭიროა გავიხსენოთ, რომ ეს ადამიანი არაერთხელ მოუწოდებდა საქართველოს ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფლების დამხობისაკენ ძალადობრივი გზით... ყოველივე ზემოთ ნათქვამის ფონზე, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნა დიდი ალბათობით, თბილისის მიერ აღქმული იქნება როგორც არამეგობრული და მიუღებელი ნაბიჯი, გადადგმული სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან", - თქვა ქართველმა ელჩმა საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქს-უკრაინისათვის" გაკეთებულ კომენტარში.

თეიმურაზ შარაშენიძემ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინული მხარე უკვე ინფორმირებულია საქართველოს დამოკიდებულების შესახებ ამ საკითხისადმი.

თეიმურაზ შარაშენიძე

"ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მეგობრობას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი გაითვალისწინებს და მხედველობაში იქონიებს ქართული მხარის დამოკიდებულებას მიხეილ სააკაშვილის პერსონის და მის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებების მიმართ, რაც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს დადგენილებით", - აღნიშნა დიპლომატმა.

იმავდროულად ელჩმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან ცნობილია ერთმანეთის მხარდაჭერის არაერთი შემთხვევა და მჭიდრო თანამშრომლობის კურსი. დღესაც ორივე ქვეყნის ურთიერთობის დინამიკა ძალიან მაღალია - როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ „სუამ“-ისა («ГУАМ») და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის, „აღმოსავლეთის პარტნიორობის“, საერთაშორისო ორგანიზაციების ჩარჩოებში. განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა ურთიერთდახმარებას და ძალისხმევას რუსეთთან კონფლიქტისა და დეოკუპაციის საკითხებში. საქართველოში უკრაინას მეგობრულ ქვეყნად თვლიან, ხოლო უკრაინელ ხალხს - ახლობელ ხალხად“, - თქვა თეიმურაზ შარაშენიძემ.

საქართველოს ელჩმა ასევე გაიხსენა საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შარშანდელი ვიზიტი უკრაინაში, რომლის ჩარჩოებში ხელი მოეწერა დოკუმენტს უმაღლესი დონის ქართულ-უკრაინული სტრატეგიული საბჭოს შექმნას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ორივე ქვეყნის სტრატეგიული თანამშრომლობის ინტიტუციონალიზებას. ამასთან, როგორც ელჩმა აღნიშნა, ასეთი სამაგალითო თანამშრომლობა „ბევრს არ მოსწონს“.

„იყო არაერთგზისი მცდელობა ხელოვნურად შეეტანათ განხეთქილება ჩვენს ურთიერთობებში, თუმცა, საბედნიეროდ, მავანთა მოქმედება უშედეგოდ დასრულდა“, - დაასკვნა ელჩმა. წყარო

იხილეთ ასევე: "უკვე გასამართლებული და ძებნილი ადამიანის ვიცე-პრემიერად დანიშვნა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია" - რა თქვა გახარიამ სააკაშვილზე

მოამზადა სიმონ კილაძემ