"ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე" - რა ინოვაციის გამო შეაქო თენგიზ ცერცვაძემ კახა კალაძის სიდედრი?
23 აპრილს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრა, რის შემდეგაც ჟურნალისტებთან კორონავირუსის მკურნალობის ინოვაციურ მეთოდზე ისაუბრა:
"აქ მენეჯმენტი არის უმაღლეს დონეზე, არის ბევრი ინოვაცია. ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა გავაკეთე, პირველად ვნახე საქართველოში ასეთი ინოვაციური მიდგომა, რომელიც ჩვენს კლინიკაშიც კი არ გვაქვს. როგორც კი ჩავალ თბილისში. გამოვალ ინიციატივით, რომ ყველა კოვიდის კლინიკამ ეს გააკეთოს. აი, ამ ჰოსპიტალში შექმნილია, როგორც მითხრეს, ქალბატონ ნინო ჭუმბურიძის ინიციატივით, კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი, ანუ კოვიდის თანმხლები დაავადებების. ქალბატონი ნინო კურირებს და თერაპიულ მიმართულებას ხელმძღვანელობს. ეს ძალიან სერიუზული ინოვაცია და რატომ? - თქვენ ყველამ იცით, ვინ არის განსაკუთრებული რისკის ქვეშ კოვიდის დროს, სიკვდილობის შემთხვევები ძალიან მაღალი ვის შორის არის, - ხანდაზმულ ადამიანებს შორის, ამის მიზეზი ის არის, რომ მათთან ძალიან ბევრია კომორბიდული დაავადებების შემთხვევები. მხედველობაში მაქვს არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ნევროლოგიური დაავადებები, გულის უკმარისობა, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, რაც რიგ შემთხვევებში ხდება სიკვდილის მიზეზი. არა თვითონ კოვიდი კლავს, არამედ კომორბიდული დაავადებები კლავს კოვიდით ადამიანებს. აი, ეს ინიციატივა, რომ კომორბიდული დაავადებების მართვის ჯგუფი შეიქმნას, თუ წარმატებული იქნება და დარწუნებული ვარ, ასეც მოხდება, ეს იქნება ახალის სიტყვა და წინ გადადგმული ნაბიჯი ამ დავადების მკურნალობაში".
ინფორმაციისთვის, ექიმი, რომელის ინიციტივაზეც თენგიზ ცერცაძემ ისაუბრა, მოდელისა და დიზაინერის ანუკი არეშიძის დედა და თბილისის მერის კახა კალაძის სიდედრია. ნინო ჭუმბურიძეს სამედიცინო სფეროში შესანიშნავად იცნობენ, ის ენდოკრინოლოგია. იგი ასევე 90-იან წლებში წითელ ჯვარში მუშაობდა და სამაჩაბლოში ამ ორგანიზაციის მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელიც გახლდათ. ქალბატონი ნინო, არის ასევე ცნობილი ექიმის, "ოქროს ფონდის" დამაარსებლის, დავით ჭუმბურიძის შვილი.
ნინო ჭუმბურიძე ჟურნალ "გზასთან" მშობლებზე შემდეგს ყვებოდა:
- დედაჩემი აბაშიძის ქალი, კახთაბაშიძეების შთამომავალი გახლდათ, მისი დიდი ბაბუა, ნიკოლოზი კი გიორგი მეცამეტის ცოლისძმა იყო. მათი სავასალო სოფელი შილდა ყოფილა. ბატონყმობის გადავარდნის შემდეგ ნიკოლოზი საბოლოოდ ამ სოფელში დასახლებულა, სადაც ნიკოლოზიაანთ უბანი დღემდე არსებობს. მამაჩემმა - დავით ჭუმბურიძემ 90-იან წლებში "ოქროს ფონდი" დააარსა და ყველა ქართველს მოუწოდა, თავისი წვლილი შეეტანა საქვეყნო საქმეში. პირველი შენატანიც ამ ფონდში სწორედ ჩემმა მშობლებმა გაიღეს, მერე მასშტაბური სახე მიეცა ამ ყველაფერს. ეს ფონდი სურსათ-სანოვაგითა და სხვა ბევრი რამით ეხმარებოდა ქართველ მებრძოლებს. მანვე დააწესა გვარების შეკრების ტრადიცია - პირველად სწორედ ჭუმბურიძეების გვარი შეიკრიბა. საერთო თანხიდან ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, ავადმყოფებს, ახალდაქორწინებულებს. 1994 წელს საბურთალოს ე.წ. კულინარიის ბიჭებმა დაგვაყაჩაღეს და მამა მოკლეს.
ის სიკვდილის შემდეგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. ასეთი მშობლები მყავდა, გამორჩეულად მოყვარულები ადამიანებისა და სამშობლოსი. პირველ რიგში, სწორედ ოჯახით ვამაყობ, რაც შეეხება პროფესიას, 90-იან წლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციაში მონიტორინგის სამსახურს ვხელმძღვანელობდი. სამაჩაბლოში, ცხინვალში ღამის საათებშიც კი შევსულვართ როგორც ოსი, ასევე ქართველი მოსახლეობის დასახმარებლად და მათი სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, კოკოითის მთავრობის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად. ეს მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს ცხოვრებაში და ნამდვილად მაქვს პროფესიული და მოქალაქეობრივი სიამაყის შეგრძნება. სერიოზული საფრთხე გვემუქრებოდა. ზოგჯერ ჩემს შვილთან ერთად მივდიოდი, რადგან მაშინ პატარა იყო და ვერავის ვუტოვებდი ხოლმე. მერე ხშირად გვიფიქრია მე და ჩემს მეუღლეს, ამდენს როგორ ვბედავდით და ვრისკავდით. არ დამავიწყდება, ცხინვალის ცენტრში "გაის", მილიციის თანამშრომლების გაოგნებული სახეები, როდესაც გვხედავდნენ.