პუტინი რუსეთის არმიის მთავარ ტაძარში ფრესკაზე გამოსახეს...
ამ კორონავირუსის პანდემიის გამო, ადამიანების ფიქრი ძირითადად ერთ მიმართულებაზეა კონცენტრირებული, როგორ გადავურჩეთ ვირუსს, ისე, რომ მანამდე ამ თვითიზოლაციამ არ გაგვაგიჟოს, მაგრამ თურმე მსოფლიოში კიდევ ხდება ისეთი რამეები, რომლებიც აშკარა-დაუჯერებლის რანგში გადის.
გულზე ხელი დაიდეთ და აღიარეთ, ვინმე წარმოიდგენდით, რომ მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიაში შესულს, ტაძრის კედელზე გამოხატული ფრესკიდან თვით...რუსეთის პრეზიდენტი პუტინი გადმოგხედავდათ?
არადა, 2020 წლის 9 მაისს, ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 75 წლის პომპეზურად აღნიშვნისთვის, მოსკოვის სიახლოვეს, კუბინკის პარკში "პატრიოტი" გაიხსნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ქრისტიანული ტაძარი - ქრისტეს აღდგომის ტაძარი, რომლის სიმაღლე 95 მეტრი იქნება და მასში ლოცვა ერთდროულად 6 ათასამდე ადამიანს შეეძლება.
რუსეთში, რომ გრანდიოზული პროექტების განხორციელება სურთ, ეს გასაგებია, მაგრამ ამ ტაძარში სალოცავად შესულებს დიდი სიურპრიზი მოელით-მათ ფრესკის სახით ზემოდან თავად რუსეთის პრეზიდენტის, პუტინის პორტრეტი გადმოხედავთ და თანაც თავდაცვის მინისტრის შოიგუს და რუსეთის დღევანდელი ხელმძღვანელების სხვა სახეებთან ერთად...
ქრისტიანული ტაძრის კედლებზე წმინდანების გვერდით რუსეთის პრეზიდენტისა და კრემლის სხვა, დღევანდელ ბინადართა გამოსახვამ, თავად რუსეთის იმ მოსახლეობაშიც გამოიწვია ზიზღი, ვინც ეს ახალი ინფორმაცია 24 აპრილს პირველად შეიტყო და მოასწრო კომენტარების დადება სოციალურ ქსელებში.
ისე, როგორც ირკვევა, ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც პრეზიდენტ პუტინის წმინდანებთან "მიახლოებას" ცდილობენ მისი მოლაქუცე ქვეშერდომები-ჯერ კიდევ 2011 წლის მაისში, სანკტ-პეტერბურგის დღესთან დაკავშირებით, ქალაქის ქუჩებში გამოაკრეს პლაკატები, რომლებზეც პეტროპავლოვსკის ციხესიმაგრის მფარველი ანგელოზი იყო აღბეჭდილი, რომლის სახეც ძალიან მოგაგონებდათ, შედარებით ახალგაზრდა პუტინს...
ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ბლოგერს, რომელსაც შესაძლოა რედაქცია არ ეთანხმებოდეს